რევაზ ამაშუკელი – “ქაშუეთის წინ…”

ქაშუეთის წინ

ლოთმა სანდრუამ

არაყის ფული

მთელ დღეს აგროვა,

მერე

დაუსხეს დიდ ჭიქაში და…

- ადამიანი მაინც მარტოა!

***

მიდგა კუთხეში

სიტყვის უთქმელად

და სავსე ჭიქას

ცოტა ადროვა,

მერე გადაკრა სულმოუთქმელად…

- ადამიანი

მაინც მარტოა!

***

ნუ მეკითხები

ასე რატოა:

ვინ-ვინ ჩაწიხლა,

ვინ-ვინ დატოვა,

როგორც კი ცოტას წაიფორთხილებს

- ადამიანი

უკვე მარტოა!

***

არ უნდა ამას

დიდი მიტინგი,

ჭკუათმყოფელმა,

ვინც კი სანდოა,

იცის,ყალბია სჯა და ტიკტიკი,

- ადამიანი

მაინც მარტოა!

***

მავანი ისევ ფეხს აბაკუნებს,

მავანი ისევ

მხოლოდ ღადოა,

დრო მაინც ყველას

კუთვნილს არგუნებს,

- ადამიანი

 მაინც მარტოა!

***

ზოგს ნინო უყვარს,

ზოგს ქეთევანი,

ზოგისთვის გონჯიც ბრიჯიტ ბარდოა,

ვის დაფნა ერგო,

ვის სატევარი,

- ადამიანი

მაინც მარტოა!

***

ზოგს აიაზმა ასვეს,აპკურეს,

ზოგს დავიწყების

თოვლმა ათოვა,

სიბერე კარს რომ მოგიკაკუნებს…

- ადამიანი

მაინც მარტოა!

***

ქვეყნად რამდენმა

ხატა,აშენა,

სიტყვა და ფერი მოაჯადოვა,

ისევ ოცნების გადასარჩენად…

- ადამიანი

მაინც მარტოა!

***

თუ ვინმე დიდი

კაცი გამოჩნდა,

თუ ვინმე

ერის სადიადოა,

- გახსოვთ,პოეტი როგორ გადმოხტა?

- ადამიანი

მაინც მარტოა!

***

წუთისოფელი

თავის გზით მიდის,

თვალსაწიერიც უფრო ფართოა,

ყველამ ჩახედოს

საკუთარ სინდისს,

- ადამიანი მაინც მარტოა!

***

ჭიქა-ღვინოზე

თავის შექცევით,

ფიქრებს,რომლებიც სახიფათოა,

ვაი,რომ მაინც

ვერ გაექცევი,

- ადამიანი

მაინც მარტოა!

***

მე ჩემი თავის

არც რა დარდი მაქვს,

მაგრამ არ ახსოვს

მრავალ დარდიმანდს,

დრო იყო,

ძმა-ძმას საფლავს უთხრიდა,

დრო იყო,

კლიტე ეპყრა შადიმანს!

***

მეისტორიე ამბობს ტიტინით,

ჩქარი ტაშით და

ნელი გიტარით,

რომ ჯვარზე აცვა ბევრი ტიტანი

ერთმა ჩურჩულმა,

ამბის მიმტანის!

***

განწმინდეს,

ნათლეს,

რა არ იღონეს,

ეშმაკმა მაინც არ მიატოვა,

(ვწერ

უკვე ბევრჯერ ნათქვამ სტრიქონებს)

- ადამიანი

მაინც მარტოა!

***

რაც უნდა მტკიცო

ბედის ხორბალი,

ბოლო არჩივი

მაინც ქატოა,

ფიცარი ფუყე და გამომპალი…

- ადამიანი

მაინც მარტოა!

***

მე ჩემსას ვიტყვი,

გინდა მომკალი,

- სამყარო,

აი,რაც უზადოა!

ცაზე ოცნებით ვარსკვლავთ მომმკელი -

- ადამიანი

მაინც მარტოა!

***

…ქაშუეთის წინ

ლოთმა სანდრუამ

არაყის ფული

დიდხანს აგროვა,

- მერე,

რა მერე?

“მერეს” ლოდინში

- ადამიანი მაინც მარტოა!

***

ცა მოწყენილი

და საავდროა,

დგას მობუზული მთვრალი სანდრუა,

დე ეკითხება

გამვლელ-გამომვლელს: -

- ახლა რა დროა?!

ახლა რა დროა?!

არც მიფიქრია

თქმა რამე ახლის,

მე რა თავს ვახლი

ასე რატოა?

მიდის ქუჩაში კაცი და ძაღლი…

- ადამიანი

მაინც მარტოა!