კოლაუ ნადირაძე – “სამი აჩრდილი” (ცოტნე,ქეთევან,ილია)

როს დაღამდება – მაგიდას ჩემსას

თქვენი აჩრდილი აღარ შორდება,

თქვენი აჩრდილი მე თვალწინ მიდგას,

თქვენი ცხოვრება მომაგონდება.

ზოგჯერ ამაყი გრძნობა ამანთებს,

ზოგჯერაც გული დამიღონდება!

***

ასეთი ცოდვა რა ჩაიდინე,

ჩემო სამშობლოვ,მინდა ვიცოდე,

რომ ამოდენა ცეცხლი დაგვჭირდა

და მეც ამ ცეცხლით უნდა ვიწოდე,

რომ განთხევინეს ამდენი სისხლი,

არ შეგიბრალეს,არ შეგიცოდეს?!

***

თქვენი აჩრდილი,გარინდულ სახით,

ჩუმად მიცქერის,არაფერს ამბობს

ეკლის გვირგვინი თქვენს შუბლზე მოჩანს,

ეკლის გვირგვინი თქვენს სახეს ამკობს,

მხოლოდ ღიმილი,კაეშნით სავსე,

ბაგეთა კიდეს ოდნავად აპობს…

***

შენ რაღას მეტყვი,დიდო რაინდო,

ჩვენის გმირების აკვანს რომ არწევ,

ტანჯულ ძმებისკენ რომ მიიჩქარი,

მათ საწამებელ მოედანს აღწევ!

და ქუთუთოებს,ფუტკრით დაკბენილს,

თითქოს დარცხვენით ზევითაც არ სწევ!

***

ეს ხომ შენა ხარ,ო,უნაზესო,

ქალო ქართველო,ჩვენო დიდებავ!

ეგ ხომ შენს გულ-მკერდს შანთებს უყრიან,

ეგ ხომ შენს ირგვლივ ცეცხლი ინთება!

მაგრამ არ ისმის შენი გოდება

და თვალებს ცრემლი არ დადინდება!

***

შენ რაღას იტყვი? რისთვის მარიდებ

მაგ თვალებდათხრილ,მწუხარე სახე?

რად არ ვიყავი მე შენთან მაშინ

და შენთან ერთად არ დავიმარხე?

ო,უწმინდესო,მითხარი რამე

და შუბლს ანთებულს ხელი შეახე!

***

ისეთი ცოდვა რა ჩაიდინე,

ჩემო სამშობლოვ,ნეტავ ვიცოდე,

რომ ამოდენი ცეცხლი დაგვჭირდა

და მეც ამ ცეცხლით უნდა ვიწოდე,

რომ განთხევინეს ამდენი სისხლი,

არ შეგიბრალეს,არ შეგიცოდეს?!

***

შენ კი რად დუმხარ,დიდო მგოსანო

და მოციქულო ერის და უფლის?

რისთვის მიცქერი ასეთი სევდით

და ჩემს მაგიდას ირგვლივ რად უვლი?

ვინ გაგიმეტა ასე უღმერთოდ

და გახვრეტილი რადა გაქვს შუბლი?

***

შენ ხომ გნიშნავდა მაღალი ზეცა

და გზრდიდა შენი მშობელი ერი!

მაშ,ვინ გაგწირა,როგორც ზვარაკი,

ვინ გახდა შენი მოსისხლე მტერი,

რომ ნატყვიარში შენი შუბლისა

ქარი გასწივის,მოთქვამს და მღერის?

***

სამი აჩრდილი წამებულ სახით,

ჩუმად მიცქერის,არაფერს ამბობს!

ეკლის გვირგვინი მათ შუბლზე მოჩანს,

ეკლის გვირგვინი მათ თავებს ამკობს,

მხოლოდ ღიმილი,კაეშნით სავსე,

ბაგეთა კიდეს ოდნავად აპობს…

***

დამათენდება მამადავითზე,

ააელვარეს ხმალს განთიადი.

სამი აჩრდილი დატოვებს ოთახს,

გაიფანტება ჯანღი წყვდიადის

და ჩვენს ქვეყანას,როგორც ნათელი

დაეფინება შუქი დიადი.