ვაჟა ხორნაული – “მეშვიდე სალოცავია”
მზის ამოსვლისა არ იყოს,
მზის ჩასვლაც კაი რამეა -
დღე გარდასულა შორსაა,
თვალწინ ახალი ღამეა.
დაბლა შობაა ნამისა,
მაღლა ვარსკვლავთა ჩქამია,
გული სხვაგვარად წკრიალებს,
დასალიერი მკრთალია,
მთვარე მოსულა წყაროსთან,
ირემი მოუყვანია…
***
ქარს ბერი ზეხმელისათვის,
მოუხვევია მკლავია,
სიყვარულისგან ნაკურთხი
გალაღებულან მთანია,
ბნელში ღუღუნი ნათლისა
არც რასთან შესადარია.
შვიდი ცის მეზობელი ხარ,
შვიდივე სალოცავია,
გაოცდები და შეკრთები,
ისეთი სანახავია,
სიკვდილ-სიცოცხლის ტაძრები
ერთურთის გვერდზე მდგარია.