ოთარ ჭელიძე – “კრწანისზე მწარე წიწამურია”

- ილიას ტყეში უცდის ჯალათი,

- ადექი! – ძილში ჩამძახებ ღამეს,

- ადექი! – რეკავს ქუჩის საათი,

- ადექი,ეგებ უშველო რამე!

***

წიწამურისკენ ეტლით მივდივარ,

ცისკენ ღრუბლებად ირხევა მტვერი,

წინ რომ მიმაფრენს ჩემი ფიქრია,

თუ ტკივილია მშობელი ერის.

***

ავჭალას გავცდი გადასარჩენად,

ზარით შემომხვდნენ მცხეთასთან კლდენი:

- შთამომავლობას ხსოვნად დარჩება

თავგანწირული ნახტომი შენი!

***

უკან მომძახის დედა ქართველი:

- გაფრინდი,მკერდით გააპე ქარი,

- უშველე, – მოთქვამს ზეცა ნათელი,

- გაუსწარ! – გაბმით დუდუნებს მტკვარი.

***

- გასწი, – მანიშნებს შორით მყინვარი,

მევედრებიან ველები,მთები,

მესმის არწივის ხმა გამყივარი,

- გაფრინდი ჩემო შეისხი ფრთები.

***

მყის გადავთქერე ბნელი ხრამები,

უკან ჩამომრჩა არაგვის წყალი,

არაგვს შეურთე ოფლის ღვარები

და ეტლს შორიდან შევავლე თვალი.

***

- შესდექ! – ზედიზედ შევძახე მაშინ,

ხმა დავესესხე ჩვენებურ ორბებს,

ხმა გაეხერგა ლოდივით გზაში

ილიას ეტლის დამტვერილ ბორბლებს.

***

გაქვავდა ეტლი დამეხილივით.

- შესდექი,გზაზე სიკვდილი გიცდის! -

შევძახე და თან ქარტეხილივით

წინ ჩაუქროლე სამშობლოს სინდისს.

***

მხრებგანიერი,შავწვეროსანი,

ბრძენი,საქვეყნო ჭაპნის გამწევი,

საბედისწერო გზაზე მგოსანი

იდგა,მიმზერდა წარბისაწევით.

***

უცებ იწივლეს ტყიდან ტყვიებმა -

რომ არ არჩევდნენ მტერსა და მოყვასს,

შევყვირე:მომკალ,გეპატიება,

ვინ გაპატიებს ღმერთკაცის მოკვლას!..

***

დაეცა ტყვიით შუბლგახვრეტილი,

საკოცნელ მიწას დავწვდი დაჭრილი,

თავზე დამადგა შუქათ კეთილი

ჭირისუფალი კაცის აჩრდილი.

***

კვლავ რეკდა მისი ოქროს საათი,

თითქოს ბრუნავდა წლების ისარი.

ნეტავი ვინმეს ორმოცდაათი

წლის წინ ენახა ჩემი სიზმარი.

***

ნეტავი,ტიალ გზაზე ილია

გადაერჩინათ,ნეტავი მართლა…

და ამის შემდეგ არ შემიძლია

შთამომავლობის სახელით არ ვთქვა:

***

პოეტის სვეტთან დავდგეთ მცველებად,

ლექსების წყარო ვისაც გვწყურია,

სამშობლოსათვის გასახსენებლად

კრწანისზე მწარე წიწამურია.