ჯორჯ ბაირონი – “თირზა”

ვიცი,შენს საფლავს ხსოვნის ნიშნად ქვაც კი არ ადევს,

მინდა სიმართლეს გავუსწორო მზერა თვალებში,

ვაითუ ყველამ დაგივიწყა, არვის ადარდებ,

ასე უდროოდ, ასე მალე რატომ წახვედი..

***

ცხრა მთის გადაღმა, ცხრა ზღვის გადაღმა მეგულებოდი,

და სიყვარული ჩვენი თურმე იყო ამაო,

შენსკენ მოჰქროდა ერთი ფიქრი _ კვლავ შევხვდებოდით,

თუმც დამსხვრეული იმედები დამრჩა სანაცვლოდ..

***

როცა სიკვდილი გიმზადებდა მსუბუქ აღსასრულს,

როცა წარსულმა გაიელვა უხმო წამებით,

გულს ვინ ეწადა?თუ ნატრობდი შენგან შორს წასულს?

ვისაც უყვარდი და კვლავ უყვარხარ კვლავ გამალებით..

***

სხვისთვის თუ იყავ უფრო მეტი ზრუნვის საგანი?

გულს ვის უკლავდი , როცა თვალში შუქი ჩაგიქრა?

ვიდრე სიკვდილის და სიცოცხლის ჰპოვე სამანი..

ხომ ჩუმი სევდით მიზიდავდი წუხილს,საფიქრალს…

***

სადაც მე დიდხანს არ დამიდგამს ფეხი თავადაც

აქ დაგიტირე, ამ კოშკებში, ამ დარბაზებში,

რისთვის მომიხმეს, თუ მელოდა ტანჯვა მარადჟამს,

ბებერ ქონგურებს ვეფერები ამ განსაცდელში.

***

სხვა ცისქვეშ მახსოვს მე ცრემლები, ჩვენი გულწრფელი,

ჩვენს თვალთამზერას ვერ ხედავდა უცხო ახდილად

გულში მწვდებოდა შენი ფიქრი გამოუთქმელი,

მთრთოლარე ხელი მეხებოდა მხოლოდ ფაქიზად,

***

შენი ამბორი წმიდა იყო და უწყინარი,

დიდრონ თვალებში გამოკრთოდა მზერა უმწიკვლო,

ვნება იქ უმალ გაწრებოდა ვით უჩინარი,

და სიყვარულის ყველა განცდა იყო უბიწო…

***

მე, გულჩათხრობილს შენი ხმა თუ მახალისებდა,

შენით ვისწავლე სიცოცხლესთან ლაღი ტრფიალი,

ჰანგი უტკბესი მიქარწყლებდა დარდსა და სევდას,

ღვთიურ სიმღერით ჩაესმაოდა ცათა შრიალი,

***

სად ხარ ახლა, სად გეძებო სულზე უტკბესო?

თან წარიტანე სანუკვარი ის სახსოვარიც..

შენი თან დამაქვს ,ისღა დამრჩა ხსოვნად უბედოს,

როგორც არასდროს ვარ ბედკრული და უბედური…

***

თუ სათნოება შენი გულის სევდას მისახავს

და სული შენი ცათა მიღმა გაცისკროვნდება,

ლოცვა-ვედრებით მომაწიე ნეტარ მომავალს,

თან წამიყვანე! ამისრულე ერთი ოცნება,

***

ბედის ბორბალი დატრიალდა რადგან უკუღმა,

თავად მოწყალე პატიებას შენგან მოვითხოვ,

და თუ ამქვეყნად ჩვენს სიყვარულს ბედმა უმუხთლა,

მჯერა შევხვდებით, როს საუფლო ცათა მომიხმობს…