დავით შემოქმედელი – “პოეტი”

ბწკარები ცრემლის მძივებად თოვდა,

რითმების მღვრიე ღარში დამფლავი,

ლექსი ზოგისთვის ძეგლი იყო და

ზოგისთვის – საძმო მცირე საფლავი.

***

შენ კი რა სნება აგიტყდა შარზე,

სიტყვებით ბლანდვას რომ ვერ ეხსნები,

დიდბატონების ცრუ კარნავალზე

დადიხარ შენი დარდი-ლექსებით.

***

სტრიქონის შუბი გეპყრა საომრად,

ფარას რომ ფარად ეფარვის მწყემსი,

წყევლა იყო თუ უფლის დალოცვა,

სულში რომ ჩადნა პირველი ლექსი.

***

ჩამოისამხრეს ნისლებმა ახლო,

როცა ცას პირველ სტრიქონს ჰპარავდი

და ლეგაქულა ლექსსამოსახლო

მეტაფორების გედგა კარავი.

***

ბავშმაც იცოდი,სისხლს რანდომია,

პარნასის კართან ფრთით ასატანი,

რომ პოეზიაც თურმე ომია,

დიდგორის დარად გადასატანი!..