ფრანც პეტერ შუბერტი – “ეპიზოდი”
გენიალური ავსტრიელი კომპოზიტორისა და მუსიკაში რომანტიზმის შეტანის ფუძემდებლის - ფრანც პეტერ შუბერტის (1797-1828 წლები),შესახებ საკმაოდ საინტერესო მასალები,მოგონებების სახით შემოგვინახა,თავად კომპოზიტორის საუკეთესო მეგობარმა – ედუარდ ფონ ბაურნფელდმა.მისი ერთ-ერთი მოგონების თანახმად,ერთ საკმაოდ საინტერესო შემთხვევას ვაწყდებით,რომელსაც აქვე შემოგთავაზებთ:
“ეს ზაფხულის საღამოს მოხდა.ჩვენ შუბერტის საყვარელ ყავახანაში შევედით,სადაც ის,ჩვეულებისამებრ,ამთავრებდა ხოლმე საღამოებს და სადაც ზოგჯერ გვიან ღამემდე რჩებოდა. (ავტორი გენია.ჯი) “გერიგერის” ღვინის,რომელიც ფრანც ძლიერ უყვარდა,თანხლებით ცხარე დისკუსია გაჩაღდა მუსიკის შესახებ.შუბერტი ჭიქას ჭიქაზე ცლიდა და თანდათან აღელვება დაეტყო.გახდა უჩვეულოდ ენაწყლიანი და თავის მომავალ გეგმებზე გვესაუბრებოდა.ამ დროს ყავახანაში რამდენიმე პროფესიონალი მუსიკოსი შემოვიდა,საოპერო თეატრის ორკესტრის ცნობილი არტისტები.
როდესაც ეს ადამიანები შემოვიდნენ შუბერტი ზუსტად იმ დროს აღფრთოვანებით ლაპარაკობდა.როგორც კი მუსიკოსებმა კომპოზიტორი შენიშნეს,მივარდნენ მას,მხურვალედ ჩამოართვეს ხელი და უამრავი კომპლიმეტი უძღვნეს.ისინი ფრანც ეპირფერებოდნენ.საბოლოოდ გაირკვა,რომ მოუთმენლად ელიან შუბერტის ახალ ნაწარმოებებს თავინთი კონცერტისათვის.მათ დიდი იმედი აქვთ,რომ დიდი მაესტრო დახმარების ხელს გაუწვდის.
მაგრამ კომპოზიტორი სულაც არ აპირებდა ხათრიანი ყოფილიყო,იგი დუმდა.ხანგრძლივი შეგონებების შემდეგ მან მოულოდნელად განაცხადა: “არა! თქვენთვის არაფერს დავწერ!”
“ჩვენთვის არაფერს?” – გაუკვირდათ მუსიკოსებს.
“არა! არაფრის გულისათვის!”
“მაგრამ რატომ ჰერ შუბერტ?” – ჰკითხეს მას ოდნავ გაღიზიანებული ტონით. – მგონი,ჩვენ ისეთივე დიდი არტისტები ვართ,როგორიც თქვენ! უკეთესი მთელ ვენაში არავინაა”.
“არტისტები! – შესძახა ფრანცმა,სასწრაფოდ გადაკრა ბოლო ჭიქა და ადგა.შემდეგ ამ პატარა ადამიანმა ქუდი თვალებზე ჩამოიფხატა და მუქარით დაიძრა ვირტუოზებისაკენ,რომელთაგან ორი საკმაოდ ახოვანი იყო.
“არტისტები?” – გაიმეორა მან. – მუსიკალური მედღეურები,აი,ვინ ხართ! და სხვა არაფერი! ერთი თავის ჯოხში უბერავს,მეორე ყურებს ჭედავს თავისი ვალტორნით! იქნებ ამას ეძახით ხელოვნებას? ეს ხელოვნება კი არა – ხელოსნობაა,შნო,რასაც ფული მოაქვს, და მეტი არაფერი! (ავტორი გენია.ჯი) თქვენს თავს არტისტებს უწოდებთ? ყველანი საწყალი მესაყვირეები და მხერხავები ხართ,აი,ვინ ბრძანდებით! არტისტი მე ვარ! მე,ფრანც პეტერ შუბერტი,რომელსაც ყველა იცნობს და გაიცნობს! რომელმაც ისეთი დიდებული,მშვენიერი რაღაც შექმნა,რასაც თქვენ ვერასოდეს გაიგებთ! და რომელიც კიდევ უფრო დიდ მშვენიერებას შექმნის.მე შუბერტი ვარ! ფრანც შუბერტი! ეს არ დაივიწყოთ! და თუ სიტყვა “ხელოვნებას” წარმოთქვამენ,ჩემზეა ლაპარაკი და არა თქვენზე,საცოდავო ჭიაყელებო,ჩემგან ყველანი სოლოს რომ ითხოვთ,რასაც არასოდეს დაგიწერთ – და ძალიან კარგად ვიცი,რატომ! თქვენ ქვეწარმავლები და მატლები ხართ,რომლებიც მე უნდა გავსრისო – ადამიანმა,ვინც ვარსკვლავებს სწვდება,ვარსკვლავებს,მაშინ,როცა თქვენ,საწყალი გაბერილი ჭიები ნაგავში დაძვრებით და მტვერთან ერთად გაიფანტებით!”
მსგავსი შინაარსის და კიდევ უფრო მრისხანე ტირადები თავზარდაცემულ მუსიკოსებს სახეში ეფრქვეოდათ,ისინი პირდაღებულნი იდგნენ და საპასუხო სიტყვებს ვერ პოულობდნენ,მაშინ,როდესაც მე და ლახნერი ვცდილობდით განრისხებული კომპოზიტორი ბრძოლის არენიდან გაგვეყვანა.საბოლოოდ შუბერტი შინ მივაცილეთ.
მეორე დღეს ვეწვიე ჩემს მეგობარს,რადგან გუშინდელი შემთხვევა მოსვენებას არ მაძლევდა.შუბერტს ჯერ კიდევ საწოლში მივუსწარი,მას ღრმად ეძინა,როგორც ყოველთვის სათვალით.
მოვიცადე,სანამ ჩემი მეგობარი გაიღვიძებდა.”შენ ხარ? – თქვა მან,სათვალე გაისწორა,ოდნავ დარცხვენით გაიღიმა და ხელი გამომიწოდა.
“გამოიძინე?” – ვკითხე მას.
შუბერტმა გაიცინა და წამოხტა.არ შემეძლო,მისთვის გუშინდელი სცენა არ გამეხსენებინა.”რას იფიქრებდა შენზე ხალხი?” – ვთქვი ოდნავ მენტორული ტონით.
“არამზადები!” – მშვიდად მიპასუხა მან. – ნუთუ არ იცი,რომ ისინი უპირველესი თაღლითები და ინტრიგანები არიან? ჩემი დაინტრიგებაც უნდოდათ.ამ გაკვეთილს კარგად დაიმახსოვრებენ! თუმცა,მაინც მეცოდებიან და მე დავწერ სოლოს,რასაც მთხოვდნენ, და ისინი კიდევ დამიწყებენ ლაქუცს. – მაგათ მე ძალიან კარგად ვიცნობ!” (ავტორი გენია.ჯი)