„200 გმირი ქართველი”
მკითხველო! თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო ჩვენი სამშობლოს იმ უკვდავ გმირებზე, რომელთაც უშურველად მიიტანეს სამსხვერპლოზე ყველაზე ძვირფასი რამ, რაც კი ადამიანს გააჩნია – „სიცოცხლე”. ცალად გავლილი ცხოვრების გამოტირება არა ერთხელ მომხდარა ჩვენს ისტორიაში. ამ შემთხვევაში, დიდი ქართველი პოეტის მუხრან მაჭავარიანის ლექსს დავესესხები, სადაც იგი ამბობს: „იმდენჯერ არ გვიცინია, რამდენჯერაც გვიტირიაო”, და ეს მცირე სიცილიც საკმაოდ ძვირად გვიჯდებოდა ქართველთ. მშვიდი ცხოვრების ჭურჭელი ხომ ქარველ ერს მუდამ დაცლილი ჰქონდა გარე მტრების მეშვეობით. უამრავი გმირობა ახსოვს ჩვენს ხალხს თავისი შვილებისა. ბევრი გმირის სახელი შემოგვინახა მემატიანემ, თუმცა არიან ისეთებიც, ვისიც არა მარტო რაიმე მონაცემი, არამედ სახელებიც კი არ ვიცით. საუკუნო სიცოცხლისათვის რომ წარმავალი ცხოვრების შეჭირვებათა დათმენაა საჭირო, ამას ჩვენი უსაყვარლესი – „მართლმადიდებელი ეკლესია” გვასწავლის. სიკვდილი ხომ ყოველ ადამიანს ყოველთვის ბოროტი თანამგზავრივით თან გვდევს. სწორედ ამიტომ არის ყოველი მზის სხივის ამონათება უდიდეს სიხარულს რომ ჰგვრის ადამიანს, რამეთუ იგი სიცოცხლის ერთ-ერთი უმთავრესი მაუწყებელი წყაროა. ადამიანმა თავისი სიყვარულის ნაწილი პირუტვებსაც რომ უნდა უბოძოს არახალია. და რაოდენ დიდი სიყვარული უნდა ებოძოს სამშობლოს, ალბათ ყველასათვის ნათელი ცნებაა. აღნიშნულ პოსტში მინდა გამოვყო ის ორასი ქართველი თავდადებული ვაჟკაცი, რომელთაც საქართველოს თავისუფლების მზე ათბობდა. სწორედ მათ ჩაუყარეს დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებას უმთავრესი საფუძველი. ისინი წინ აღუდგნენ იმ მტარვალებს, რომლებიც დიდი სიამოვნებით ჩახეთქავდნენ საქართველოს. სწორედ ამ დროს გვესაჭიროებოდა სრულნი ქართველი მამულიშვილნი. რომ არა ისინი, არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები ბრძოლის ველზე. ჩემი მოკრძალებული აზრით, სწორედ ერის ამ ღირსეულმა შვილებმა მოგვაპოვებინეს გამარჯვება ურიცხვი მტრის ურდოსთან.შეგნებულად არ გავამახვილებ ყურადღებას საქართველოს ერთ-ერთ უდიადეს მეფე-დავითზე და ჩვენს ბრწყინვალე სპასალარებზე. ყველამ კარგად ვიცით, თუ რაოდენი მნიშვნელობა ჰქონდა ამ ბრძოლაში გამარჯვებას. ბრძოლის წინ დავითმა საგანგებოდ შეარჩია 200 მებრძოლი. მათ უდიდესი მისია უნდა შეესრულებინათ, რადგან, ფაქტიურად, მათზე იყო ბრძოლის შემდგომი ბედი დამოკიდებული. დიდმა ქართველმა ერისკაცებმა თავიდანვე კარგად უწყოდნენ, რომ სამშობლოსა და რწმენისათვის გარდაუვალ სიკვდილზე მიდიოდნენ – „შეგნებულ სიკვდილზე”. ისინი აღვსილნი იყვნენ ჩვენი მამულის ყველა მტრის მიმართ წმინდა სიძულვილით. ვერცერთმა მემატიანემ მათში მყოფი თუნდაც ერთი მებრძოლის სახელიც ვერ შემოგვინახა, არც მათი ოჯახური წარმომავლობაა ცნობილი ჩვენთვის, არც სამშობლოს რომელი კუთხის შვილები იყვნენ ისინი. ქართველთა ლაშქარს ორასი მებრძოლი გამოეყო და ილღაზის ბანაკისაკენ დაიძრა… მორჩილების ნიშნად ხმლები მაღლა ჰქონდათ აწეული. მტერმა იფიქრა, დანებებას აპირებენო და ღრმად შეუშვეს ბანაკში. უეცრად ჩვენმა გმირებმა იარაღი იშიშვლეს და მტერს დაერივნენ. მათმა იმდენად მოულოდნელი დარტყმა მიაყენეს ილღაზის მეომრებს, რომ მტერი კარგა ხანს გონზე ვერ მოვიდა. ამით მეფე დავითმა ისარგებლა და შეუტია გადამთიელებს. საბედნიეროდ, გავიმარჯვეთ, რასაც ქართველმა ხალხმა – „ძლევაი საკვირველი” უწოდა. ქართველი ერი ყოველთვის მოწიწებით იხსენებს ამ უდიდეს თარიღს, რასაც ეროვნული დღესასწაულიც მიუძღვნა შემდეგში – „დიდგორობა”. უნდა დავიხსომოთ, რომ ქართველებს არასოდეს არ გვაქვს უფლება, ის ორასი სამშობლოსათვის თავდადებული გმირი ოდესმე დავიწყებას მივცეთ. მარადიულად შესაძლოა არ გვახსოვდეს არც ბრძენკაცნი და არც უგუნურნი, თუმცა დაცემული ქვეყნის განაწამები შვილები – 200 ქართველი კი ყოველთვის. სწორედ მათი დამსახურებაა, საქართველოს წარსული რომ შვენის ჩვენი ქვეყნის მომავალს. დიდგორის ომი – ქართველთა სულისა და ხორცის უდიდესი დღესასწაულია. – (ავტორი გენია.ჯი)