მუსტანგის სამეფო

ტიბეტური ლადაკხას ქრონიკებში,რომელიც დაკავშირებულია VII საუკუნესთან,პირველად არის მოხსენიებული ტერიტორია – ლო.იგი მდებარეობდა ნეპალისა და ტიბეტის საზღვარზე,ჰიმალაის უდიდეს მთათა სისტემაში.იმ პერიოდისათვის აღნიშნული ტერიტორია ტიბეტის გამგებლობის ქვეშ იყო და მას ტიბეტელი გუბერნატორი განაგებდა.მათი რეზიდენცია ცარანგაში იყო განლაგებული.1450 წელს (სხვა ვერსიით 1380 წელს) ერთ-ერთი ტიბეტელი გუბერნატორის შვილმა – ამე პალმა,ტერიტორია ლო დამოუკიდებელ ბუდისტურ სამეფოდ გამოაცხადა (ეს ის პერიოდია,როდესაც ტიბეტმა ლოს მიმართ ყურადღება მოადუნა).იგი მჭიდროდ იყო კულტურულად და ენობრივად ტიბეტთან დაკავშირებული.ცარანგას მონასტერში ინახება წიგნი,სადაც დაწვრილებით არის მოთხრობილი ლოს სამეფოს დაარსება.მთავარ პერსონად სამეფოს დაარსებისა – ამე პალი იქცა,რომელიც ახლად დაარსებული სამეფოს მეფედაც ეკურთხა.100 წლის მანძილზე აგრესორებსა და გარეულ მტრებს სამეფოსათვის ხელი არ უხლიათ. (ავტორი გენია.ჯი) მისი მეფობის დროს – ლოს საკმაოდ დიდი ტერიტორია ეკავა.ამე პალმა ბრძანა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილებში ციხე-სიმაგრეები და მონასტრები აეშენებინათ.ყველაზე ცნობილი და ძლიერი სიმაგრე – ძონგ კეჩერი იყო.ამ ციხე-სიმაგრის აგებაზე ლეგენდაც კი დადიოდა,რომლის თანახმად ამე პალას გამოეცხადა მამამისი,რომელმაც ურჩია სწორედ ამ ადგილას აეშენებინა სიმაგრე.სამეფოს დედაქალაქი პატარა ქალაქი ლო-მატანგა გახლდათ.იგი ციხე სიმაგრის ახლოს მდებარეობდა.ლოს სამეფო ზღვის დონიდა 2500 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობდა და იქ მოხვედრა უცხოელთათვის,ურთულესი რელიეფისა და ბუნებრივი პირობების გამო ფაქტიურად შეუძლებელი იყო.ლოს სამეფოში ძირითადად ტიბეტელები და ნეპალელები ცხოვრობდნენ.მოგვიანებით,ლოს სამეფოს კარტოგრაფებმა და ისტორიკოსებმა – მუსტანგის სამეფო (ტიბეტურ ენაზე – ნაყოფიერი ვაკე) უწოდეს და იგი ამავე სახელწოდებით შევიდა ისტორიაში.1790 წელს მუსტანგის  სამეფომ ნეპალელებთან კავშირი შეკრა და ტიბეტელებთან ომში ჩაერთო.თუმცა ამ ფაქტიდან მალევე,თავად აღმოჩნდა ნეპალის გამგებლობის ქვეშ.1951 წლამდე – მუსტანგის სამეფოს მართავდა მეფე,რომელიც ნეპალის მეფის ხელდასმით განაგებდა ქვეყანას.შესაბამისად იგი,ფაქტიურადაც ნეპალის გამგებლობის ქვეშ იმყოფებოდა.1951 წლიდან 1960 წლამდე უცხოელებს საერთოდ აეკრძალათ სამეფოს ტერიტორიაზე შესვლა.1970-იან წლებში მუსტანგის სამეფო,ერთგვარ თავშესაფრად იქცა იმ ტიბეტელი პარტიზანებისთვის,რომლებიც ბრძოლას აწარმოებდნენ ჩინელ კომუნისტთა წინააღმდეგ.2008 წლის 28 მაისს ქვეყანაში მონარქია ოფიციალურად იქნა გაუქმებული.მუსტანგის სამეფოს მეფეს – ჯიგმე პალბარ ბისტას,ნეპალის ხელისუფლებამ წარუდგინა წინადადება,რომლის თანახმადაც,იმ შემთხვევაში თუკი იგი სამეფო ძალაუფლებაზე უარს იტყოდა,მას შეუნარჩუნებდნენ რიგ პრივილეგიებს და იგი იქნებოდა რეგიონში ძველი კულტურისა და ტრადიციების შემნარჩუნებელი სიმბოლო.შესაბამისად მის მიმართ ნეპალის მთავრობა გამოხატავდა მოწიწებასა და პატივისცემას.მეფემ აღნიშნული შემოთავაზება მიიღო.დღესდღეობით მუსტანგის სამეფო,ნეპალის დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ერთეულს წარმოადგენს. (ავტორი გენია.ჯი)

ლოს (მუსტანგის) სამეფოს დროშა