შოთა ნიშნიანიძე – “მისტიკური წუთი”

შენ დამიძახე ერთხელ სახელი

და, როგორც ვაზი აეკრას ჭიგოს,

სვეტს ავეკარი და ვცახცახებდი:

“ეს ერთხელ მოხდა… ეს ერთხელ იყო”…

***

ასეა ზოგჯერ,ჭირში თუ ლხინში,

ვმხიარულობ თუ სამძიმარს ვიყოფ,

უეცრად ისევ ამიტანს შიში:

“ეს ერთხელ მოხდა… ეს უკვე იყო”…

***

გავივლი ზოგჯერ უცხო სანახებს

მებორნისა და მეტყევის ქოხთან -

ნეტარებით და შიშით ვაცხადებ:

“ეს ერთხელ იყო… ეს ერთხელ მოხდა…

***

ზოგჯერ მგონია,ვპოულობ სიტყვას

და სიამაყით დავხარი სტრიქონს,

ვიღაც ქირქილებს: “ეს უკვე ითქვა,

ეს უკვე იყო… ეს ერთხელ იყო”.

***

და იმ ერთადერთ საშინელ კითხვას

გავურბი,როგორც ცალთვალა კიკლოპს,

სხვა ცხოვრებაში თუ კიდევ ვიტყვით:

“ეს ერთხელ მოხდა… ეს ერთხელ იყო?..”