გოგი მამაცაშვილის პროზიდან – “სიყვარულის გენია”

…ოჰ,ეს ადამიანები!

ეს სიტყვები თითქოს ზეციდან გადმოგვძახეს… ნეტამც ასე იყოს!.. მაგრამ რა ვუყოთ იმ სიყალბეს,რომელიც ამ ნათქვამიდან გამოსჭვივის… იქიდან,ზემოდან,შეუძლებელია სიტყვიერი განკითხვა წამოვიდეს… იქიდან ყოველთვის სასჯელით განგვიკითხავენ!.. ეს ნათქვამიც სარწმუნოდ რომ გაჟღერდეს,მთქმელმა მასში თავისი თავიც უნდა გაიაროს… ამ შემთხვევაში ეს შესაძლებელია… ჰოდა,გავაგრძელოთ დამაჯერებლად თქმა იმისა,რაც სჯობს უთქმელობას!..

…ჩვენც,ადამიანები,თან საამაყოებიც ვართ,თან სამარცხვინოებიც… ვინც არ მოგვწონს,მასზე უარს ვამბობთ… ხოლო თუ მოგვწონს,რომც არ მოვწონდეთ,მათ მაინც მიველტვით,მეტიც,ვეტმასნებით,კიდევ უფრო მეტიც – ვეტენებით…

საამაყოები ვართ,როცა გვინდა,მაგრამ არ მოგვწონს და მასზე უარს ვამბობთ… სამარცხვინოები ვართ,თუ არ მოვწონვართ და ვეტენებით!..

თვით ბავშვობის მეგობრებსაც ცხვირსახოცებივით ვიცვლით!..

საკუთრივ ჩვენი თავის გამოცვლა კი არ გვინდა… არადა,საჭიროა… ზოგჯერ აუცილებელიც!..

…კარგიც რომ ვიყოთ… უკეთესობა უნდა გვინდოდეს… შეგვეძლოს და შეიძლებოდეს!..

…ყოვლისმცოდნეობაც – ეს ჩვენი ღირსების საკითხია!..

…მაინც რითა ვართ უარესები?!. რა თქმა უნდა,იმით,რომ სიძულვილის გრძნობები გვაქვს და ბოროტების ჩადენა შეგვიძლია!..

მაინც როდის ვართ საუკეთესოები?!. რა საკვირველია მაშინ,თუ ყველა და ყველაფერი გვიყვარს!.. როცა სიყვარული აგვამაღლებს და, არამც და არამც,პირიქით!..

გამორჩეული სატრფიალო სიყვარული მაინც სულ სხვაა… ეს ორი მოქმედი პირის – ქალ-ვაჟის სპექტაკლია… სადაც… ამ დროისა და სივრცის აბორიგენი მდედრია,მამრი კი პერსონა ნონ-გრატა!.. (ავტორი გენია.ჯი)