ამონარიდი ვიქტორ ჰიუგოს რომანიდან – „კაცი, რომელიც იცინის”

„ – ლონდონის მცხოვრებო მამაკაცებო და მანდილოსნებო, აი მე უკვე აქ, თქვენთან ვარ! სულით და გულით გილოცავთ იმას, რომ თქვენ ინგლისელები ხართ. თქვენ წარმოადგენთ დიდებულ ერს, უფრო მეტსაც ვიტყვი, – თქვენ დიდი ნაყარნუყარი ვინმეცა ხართ. თქვენ მუშტი-კრივი უფრო გეხერხებათ, ვიდრე ხმლით შებრძოლება. მადა საუცხოო გაქვთ, თქვენ ისეთი ერის შვილები ხართ, რომელიც სხვა ერს ხრავს და ნთქავს. შესანიშნავი საქმიანობაა. ყველა დანარჩენი ერის ჩანთქმის ასეთი უნარის გამო ინგლისს განსაკუთრებული ადგილი ეთმობა მსოფლიოში, – მაღალი ადგილი. პოლიტიკასა და ფილოსოფიაში, კოლონიების მართვასა და სხვადასხვა ხალხის დამონების ხელოვნებაში არავინ შეგედავებათ. თუნდაც მრეწველობასა და სხვადასხვა ხელოვნებაში, იმ სხვათათვის ზიანის მიყენების უნარშიც, რომელსაც თქვენთვის სარგებლობა მოაქვს, და აქაც არავინ შეგეცილებათ! საოცარი უნარის ერი ხართ! უკვე შორს არ არის ის დღე, როდესაც მთელი დედამიწის ზურგს მხოლოდ ორი განცხადება დაამშვენებს: ერთზე ეწერება „ხალხთა სამფლობელო”, მეორეზე – „ინგლისელთა სამფლობელო”.