სოლონის დიდებული პასუხი კრეზს…
დიდი ათენელი კანონმდებელი,პოლიტიკოსი,პოეტი და “დემოკრატიის” ფუძემდებელი – სოლონი (ძვ.წ.აღ-ით 638-558 წლები),ერთი პერიოდის განმავლობაში ლიდიის უკანასკნელ მმართველსა და ურიცხვი სიმდიდრის პატრონს – კრეზს (კროისოსს) სტუმრობდა. (ავტორი გენია.ჯი)მეფემ დიდებული სტუმრის პატივსაცემად,გრანდიოზული მიღება და ნადიმი გამართა,რა დროსაც სტუმარს მთელი თავისი სიმდიდრე წარმოუდგინა (სწორედ ამ სიმდიდრის გამოისობით მიიჩნევდა იგი თავს მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ადამიანად).ნადიმის დასრულების შემდგომ კრეზმა სოლონს ჰკითხა:
- სოლონ,შენ ბრძენი კაცი ხარ,მთელი ქვეყანა მოიარე,მითხარი,ვინ არის ყველაზე ბედნიერი კაცი ამ ქვეყანაზე?
- ათენელი ტელოსი.
მეფე,რომელიც ელოდა,რომ სტუმარი მას აღიარებდა ყველაზე ბედნიერ ადამიანად ქვეყანაზე,სოლონის პასუხმა გააოცა ჰკითხა:
- ეგ ვინ არის?
- უბრალო ათენელი მოქალაქე,რომელიც ცხოვრობდა აყვავებულ ქალაქში,ჰყავდა წესიერი შვილები,ჯანმრთელი და ლაღი შვილიშვილები,ხვავითა და ბარაქით სავსე ოჯახი.როდესაც ათენს მტერი შემოესია,მათ ვაჟკაცურად შეებრძოლა და აღესრულა კიდეც ამ ბრძოლისას.მისმა თანამოქალაქეებმა კი გაიმარჯვეს.განა ეს ბედნიერება არ არის? – იყო სოლონის პასუხი.
ასეთმა პასუხმა კრეზი გააღიზიანა,თუმცა თავი შეიკავა და სოლონს კვლავაც შეკითხვა დაუსვა:
- კარგი,მის შემდეგ ვის მიიჩნევ ყველაზე ბედნიერად ამ ქვეყნად?
სოლონმა დაუფიქრებლად მიუგო:
- არგოსელ კლეობისსა და ბიტონს.ეს ორი ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდა ქალღმერთი ჰერას ქურუმის ვაჟიშვილები იყვნენ.ერთ დღესასწაულზე მათი დედა სალოცავში ურმით უნდა მისულიყო. (ავტორი გენია.ჯი) ხარები დროულად ვერ იპოვეს,მაშინ კლეობისი და ბიტონი თავად შეებნენ უღელში და დედა ასე ატარეს.ხალხი ხოტბას ასხამდა დედას ასეთი შვილების გაზრდისათვის,გახარებული დედა კი ღმერთებს კლეობისისა და ბიტონისათვის ყველაზე დიდ ბედნიერებას შესთხოვდა.ღმერთებმაც აღარ დააყოვნეს: დღესასწაულის შემდეგ ძმებმა დაიძინეს და აღარც გაუღვიძიათ.შენს ცხოვრებაში საუკეთესო საქციელი ჩაიდინო და გარდაიცვალო – განა ეს ბედნიერება არ არის?
ასეთმა პასუხმა კრეზი კიდევ უფრო გაანაწყენა და სოლონს პირდაპირ ჰკითხა:
- მითხარი სოლონ,განა მე ყველაზე ბედნიერი კაცი არა ვარ ამქვეყნად?
მეფემ კი ბრძენი სოლონისაგან დასმულ შეკითხვაზე ასეთი პასუხი მიიღო:
- მეფევ,ამ ქვეყანაზე ყველაფერი ცვალებადია,არც ერთი დღე არ ჰგავს მეორეს.დღეს უბედნიერესი ადამიანი ხვალ შეიძლება ყველაზე უბედური აღმოჩნდეს და, პირუკუ,დღეს უბედური – ხვალ ყველაზე ბედნიერი.მე ვიცი,რომ გუშინ ბედნიერი იყავი,დღესაც ბედნიერი ხარ,მაგრამ ხვალაც ბედნიერი იქნები თუ არა,ნამდვილად არ ვიცი.ვერაფერს გეტყვი,ვიდრე არ შევიტყობ,როგორ დაასრულებ სიცოცხლეს.ცხოვრება მოულოდნელობითაა აღსავსე.თუ ბრძნული რჩევა გინდა მოისმინო,აი,ისიც: “ნურავის უწოდებ ბედნიერს,ვიდრე ცოცხალია!” (ავტორი გენია.ჯი)