ჩინგიზ-ყაენის “სამხედრო რეფორმა”
მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთმა უდიდესმა მხედართმთავარმა,სტრატეგმა და მონღოლთა უზარმაზარი იმპერიის ფუძემდებელმა – ჩინგიზ ყაენმა (1162-1227 წლები),იგივე – თემუჩინმა,თათრებთან წარმოებული ომის დროს საბრძოლო წესებში რადიკალური ცვლილებები შეიტანა და კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა ასწლეულების მანძილზე სტეპის ცხოვრებაში დამკვიდრებულ კანონებს.ამ ცვლილებებმა მას არისტოკრატიული გვარის წარმომადგენელი და ტრადიციების ბევრი მომხრე ჩამოაშორა,მაგრამ სანაცვლოდ ასმაგად გაამყარა მისი სიყვარული და ერთგულება იმ ღარიბი და უაზნო ადამიანების გულში,ვისი ცხოვრებაც რეფორმების წყალობით უკეთესობისკენ იცვლებოდა. (ავტორი გენია.ჯი) ომიდან ომამდე თემუჩინმა გაანალიზა,რომ დამარცხებულთა გერების ძარცვა აფერხებდა მტერზე სრული გამარჯვების მოპოვებას.ნაცვლად იმისა,რომ გაქცეულ მოწინააღმდეგეს დასდევნებოდნენ,მისი მეომრები ბანაკის ძარცვას იწყებდნენ და ამით მტერს გაქცევის საშუალებას აძლევდნენ.ომის წარმოების ამგვარი ტაქტიკის “წყალობით” მოწინააღმდეგეთა ბანაკიდან ბევრი ცოცხალი რჩებოდა და დროთა განმავლობაში,შურისძიების მიზნით უკან ბრუნდებოდა.თათრებზე მეორედ თავდასხმის წინ თემუჩინმა მეომრები გააფრთხილა,არ დაეწყოთ ძარცვა,ვიდრე საბოლოოდ არ დაამარცხებდნენ მტერს.მერე კი შეეძლოთ დატაცებაზე გადასულიყვნენ,მაგრამ ნადავლის შეგროვებაა ორგანიზებული სახე უნდა ჰქონოდა: ალაფს ჯერ ერთად მოუყრიდნენ თავს და მიითვლიდნენ,შემდეგ კი თემუჩინი მას სამართლიანად გადაანაწილებდა თანამებრძოლებზე.ომში მოპოვებულ ქონებას ისე ანაწილებდა,როგორც მონადირეები ინაწილებენ ხოლმე ნადავლს ჯგუფური ნადირობის შემდეგ.
თემუჩინმა კიდევ ერთი სიახლე შემოიღო: ლაშქრობაში დაღუპული მეომრის წილი ალაფი მის ქვრივსა და ობლებს რჩებოდათ.შესაძლოა,ეს იმიტომ გააკეთა,რომ კარგად ახსოვდა გაჭირვება,რომელიც მის ოჯახს დაატყდა თავს მამამისის სიკვდილის შემდეგ,ან,იქნებ,პოლიტიკური მოსაზრებითაც.ყოველ შემთხვევაში,ამ გადაწყვეტილებამ გასაოცარი შედეგები მოუტანა. (ავტორი გენია.ჯი) ასეთი პოლიტიკით ტომის ღარიბი ხალხის მხარდაჭერა მოიპოვა და მეომრებში ერთგულებისა და თავდადების გრძნობა კიდევ უფრო გაამძაფრა – ისინი ამიერიდან დარწმუნებული იყვნენ,რომ თუ ბრძოლის ველზე დაეცემოდნენ,ყაენი უსათუოდ იზრუნებდა მათ ოჯახებზე.
როდესაც დამარცხებულმა თათრება ბანაკი მიატოვეს და გაიქცნენ,თემუჩინის არმიის ზოგიერთმა მეომარმა წინამძღოლის ბრძანება დაივიწყა და მოწინააღმდეგეთა იურთების ძარცვა დაიწყო,რისთვისაც მკაცრად დაისაჯნენ: ურჩ მეომრებს თავიანთი კუთვნილი ქონებაც ჩამოართვეს და ძარცვის დროს მიტაცებული ალაფიც.ამით თემუჩინმა კიდევ ერთხელ დაანახვა ყველას,რამდენად სერიოზული იყო მისი თითოეული ბრძანება და გადაწყვეტილება.ნადავლის განაწილების ახალი სისტემის შემოღებით მან კვლავ შელახა კეთილშობილ გვართა უფლებები და მოუსპო უწინდელი პრივილეგია,რომლის წყალობითაც არისტოკრატები დავლას მხოლოდ თავიანთ წრეში ანაწილებდნენ.თემუჩინის რეფორმების რადიკალურობამ ბევრი გაანაწყენა,ზოგიერთი ჯამუკას (თემუჩინის უმთავრესი მოწინააღმდეგე) ბანაშიც კი გაიქცა.უფსკრული თეთრი ძვლის წარმომადგენლებსა და რიგით მომთაბარეთა შორის თანდათან უფრო გაღრმავდა,მაგრამ თემუჩინს დიდად არ ადარდებდა ეს ამბავი.მან კიდევ ერთხელ დაუმტკიცა თავის მომხრეებს,რომ არაფრად უღირდა ტრადიციები და ნათესაური კავშირები და რომ ტომის ნებისმიერ წევრს შეეძლო გაჭირვების დროს უშუალოდ მისთვის მიემართა; ამ ნაბიჯით ტომის ცენტრალიზაციასაც მიაღწია და ქვეშევრდომთა ერთგულება და წრფელი სიყვარულიც დაიმსახურა.
მიუხედავად იმისა,რომ თემუჩინის ახალმა სისტემამ მონღოლთა რიგებში უკმაყოფილო ადამიანების რიცხვი გაზარდა,მისი ეფექტიანობა მალევე გამოჩნდა.ძარცვის გადადებამ ბრძოლის გადამწყვეტი მოქმედებების დასრულებამდე თემუჩინის არმიას უფრო მეტი ქონება და პირუტყვი შესძინა,ვიდრე ოდესმე.მაგრამ ომის ახალმა წესებმა,სხვა თავსატეხი გაუჩინა გამარჯვებულ მხარეს: მონღოლებმა,გარდა იმისა,რომ დაამარცხეს თათრები,ტყვედ აიყვანეს თითქმის მთელი არმია და უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე.
სტეპში დამკვიდრებული პრაქტიკით,ყველა უცხო ადამიანი,რომელსაც ტომთან სისხლისმიერი ნათესაობა არ აკავშირებდა,მტერი იყო და მტრად რჩებოდა,თუ,ქორწინების ან შვილად აყვანის წყალობით არ გახდებოდა მისი წევრი.თემუჩინის მიზანი იყო,წერტილი დაესვა ტომთა შორის განუწყვეტელ შეტაკებებისა და თავდასხმებისათვის და ამჯერადაც გადაწყვიტა,ისევე მოჰქცეოდა თათრებს,როგორც ჯურკინებსა და ტაიჩუდებს – დაეხოცა არისტოკრატები და დანარჩენები,თავიანთი ქონებითა და პირუტყვით,ტომში მიეღო. (ავტორი გენია.ჯი) ეს პოლიტიკა გამართლებული იყო,როცა დამორჩილებული ტომის წევრთა რაოდენობა ასეულობით კაცით განისაზღვრებოდა,მაგრამ თათრები რიცხობრივად ძალიან ბევრნი იყვნენ.ასეთი მასშტაბური სოციალური ცვლილების განსახორციელებლად თემუჩინს მომხრეთა სრული მხარდაჭერა სჭირდებოდა და ამ მხარდაჭერის მოსაპოვებლად თავისი ძლევამოსილი მეომრები ყურულთაიზე მიიწვია.თათბირის ყველა წევრმებმა თემუჩინის გეგმა მოიწონეს: გადაწყდა,დაეხოცათ ყველა ის თათარი მამაკაცი,ვინც ოთხთვალის ბორბლების ღეძზე მაღალი იქნებოდა.გარდა იმისა,რომ ეს საზომი მამაკაცის ასაკზე მიანიშნებდა,მას სიმბოლური დატვირთვაც ჰქონდა,ისევე,როგორც ზღვის ხალხებისათვის გემთან შედარებას,რითაც ისინი თავიანთ სოციალურ მდგომარეობას განსაზღვრავდნენ.
სიკვდილით დასჯის პარალელურად,თემუჩინმა მოითხოვა,დარჩენილი თათრები ტომში სრულუფლებიან წევრებად მიეღოთ და არა მონებად.ამ გადაწყვეტილების გასამყარებლად მან არა მარტო ობოლი თათარი ბიჭი იშვილა,არამედ თათრებთან შერეული ქორწინებაც დაუშვა და მაგალითი თვითონვე მისცა: თუ იქამდე თემუჩინს მხოლოდ ორი ოფიციალური ცოლი ჰყავდა,რომელსაც ოთხი ვაჟი და რამდენიმე ქალიშვილი გაუჩინა,ახლა კიდევ ორი ცოლი შეირთო – არისტოკრატი თათარი იესუგენი და მისი უფროსი და – იესუი.თათრებს სტეპების ხალხებში უფრო მეტი გავლენა და სახელი ჰქონდათ,ვიდრე მონღოლებს.ამ ბრძოლის შემდეგ კი თემუჩინის ტომს იმდენი თათარი შეემატა,რომ მალე “თათარი” მონღოლთა სინონიმადაც კი იქცა.საუკუნეების მანძილზე ბევრი ურევდა ამ ორ ხალხს ერთმანეთში,რამაც ისტორიაში არაერთი გაუგებრობა წარმოშვა.
1203 წელს,თათართა დაპყრობიდან ერთი წლის შემდეგ,თემუჩინმა კიდევ უფრო რადიკალური რეფორმის გატარება დაიწყო მონღოლურ არმიაში და ტომის ყოფით წეს-ჩვეულებებში.
მან თავისი მეომრები დაყო საგანგებო ათეულებად – არბანებად,რომლის წევრებიც,მიუხედავად სხვადასხვა წარმომავლობისა და სოციალური სტატუსისა,ვალდებული იყვნენ,როგორც ღვიძლ ძმებს,ერთად ეცხოვრათ და ებრძოლათ; ერთგულებისა და თავდადების ნიშნად,არც ერთ მათგანს უფლება არ ჰქონდა ბრძოლის ველზე ტყვედ ჩავარდნილი “ძმები” მიეტოვებინა.როგორც ყველა მონღოლურ ოჯახში,არბანშიც ძმებს შორის ლიდერი ასაკით ყველაზე უფროსი იყო და ის ხელმძღვანელობდა სხვებს.სხვებს კი უფლება ჰქონდათ წინააღმდეგობა გაეწიათ ლიდერისათვის და მისი შეცვლაც კი მოეთხოვათ.
ათი ამგვარი ჯგუფისაგან შედგებოდა ასეული – ძაგუნი,რომელსაც ერთი არჩეული მეთაური ჰყავდა.ისევე,როგორც ოჯახების გაერთიანება ქმნიდა ტომს,ათი მონღოლური ასეული შეადგენდა ათასეულს,ანუ – მინგანს,ათი მინგანი კი – დუმანს,ათი ათასიან ჯარს; დუმნების მეთაურებს თვითონ თემურჩინი ნიშნავდა,რადგან კარგად იცოდა,რა თვისებები იყო საჭირო ათასობით მეომრის სამართავად.ის მამებს,შვილებსა და ძმებს უფლებას აძლევდა,საჭიროების შემთხვევაში ერთად ყოფილიყვნენ,მაგრამ შეგნებულად ანაწილებდა სხვადასხვა არბანში,რომელსაც თავისი ნება-სურვილით ვერავინ დატოვებდა და რომლის ღალატიც სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იყო.ამით საბოლოოდ მოშალა ტრადიციული ნათესაური,გვარობრივი და ტომობრივი კავშირები.სხვადასხვა წყაროების მიხედვით თემუჩინს ჰყავდა ოთხმოცდათხუთმეტი მინგანი,ანუ ათასეული,მაგრამ ბევრი დანაყოფი ჯერ კიდევ არ იყო ბრძოლისუნარიანი და ჯარის საერთო რიცხვი,სავარაუდოდ,ოთხმოცი ათასს არ აღემატებოდა.თემუჩინმა,თავისი სრულიად ახალი სამხედრო რეფორმის შედეგად,ფაქტიურად მთელი მონღოლი ტომი ჯარის გარშემო შემოიკრიბა და გააერთიანა,რაც მისი უდიდესი გამარჯვებების საფუძველი გახდა.
არსებობს მოსაზრება,რომ თემუჩინის სამხედრო რეფორმები და გარდაქმნები ძალიან წააგავს ძველი ათენელი კანონმდებლის,კლისთენეს რეფორმებს,რომელიც ორი ათასი წლით ადრე განხორციელდა,მაგრამ ჩვენ არავითარი საბაბი არა გვაქვს ვივარაუდოთ,რომ მონღოლ ყაენს ამის შესახებ რამე ჰქონოდა გაგონილი… (ავტორი გენია.ჯი)