იაკობ გოგებაშვილი – „საშინელი სასჯელი მოღალატისა”

XV საუკუნის გასული იდგა. თბილისის სამხრეთით სოფელ ტაბახმელას მიდამოში საშინელი ომი იყო გაჩაღებული. იბრძოდნენ ერთი მხრივ სპარსელები და ლეკები, მეორე მხრივ ქართველები. პირველ დღეს ომის სასწორმა გადმოიხარა ქართველებისაკენ, მეორე დღესაც გამარჯვება უფრო ჩვენებისკენ იყო, მაგრამ მესამე დღეს კი ქართველი ჯარის ბედი უკუღმა დატრიალდა საზიზღარი ღალატის გამო.

წინა ღამეს ჩვენი ჯარიდან მტრის ბანაკში გაიპარა ერთი უფროსთაგანი,გვარად ყორღანაშვილი, რომელსაც მოღალატეობით სწადდა მოეპოვებინა სპარსელებისაგან სიმდიდრე და კეთილდღეობა. ამ იუდამ სპარსელებს შეატყობინა ყოველივე გარემოება ქართველი ჯარის, ასწავლა გზები, გამოუძღვა წინ და მესამე დღეს სისხამ დილაზე თავს დაასხა იგინი ჩვენებს სრულიად მოულოდნელად. მაგრამ ქართველები მამაცურად დახვდნენ მტერსა.

გმირულად გაუმკლავდნენ, შეადრკეს და უკუ აქციეს. მეტადრე დიდი, ლომებრივი ვაჟკაცობა გამოიჩინა სვიმონ მეფემ, რომელიც მედგრად მისდევდა უკან მტერსა და ჰკაფავდა სპარსელებს მარჯვნივ და მარცხნივ. საუბედუროდ, მეფე მეტად გაიტაცა ომმა, დაივიწყა ყოველი სიფრთხილე, ყველაზე წინ წავიდა ბრძოლაში და სპარსელების შუაში მოექცა. ამ დროს მოისმა სპარსელების მხრივ ყორღანაშვილის ხმა: „ეგ არის სვიმონ მეფე, შეიპყარითო”. შემოეხვივნენ ჩვენს მეფეს სპარსელები, სრულიად მოწყვიტეს ქართველ ჯარსა, სტაცეს ხელი და საჩქაროდ გააქანეს. ქართველი ჯარი თავგანწირულად გაექანა წინ, სცდილობდა, როგორმე ეხსნა მეფე. თვითონ მეფეც გაშმაგებული იბრძოდა, მაგრამ ვერას გახდნენ-რა. სვიმონ მეფე ტყვედ იქნა წაყვანილი სპარსელებისგან.

ქართველი ჯარი, უსარდლოდ დარჩენილი, შეძრწუნდა, დაიბნა და წააგო ომი. სპარსელებმა დაიპყრეს მთელი ქართლი და თბილისში მეფედ დასვეს სვიმონ მეფის ძმა დავითი, რომელმაც სპარსელების საამებლად უღალატა ქრისტესა, მიიღო თათრის სჯული, დაუმორჩილა თავისი ქვეყანა სპარსეთის შაჰსა, დაადო დიდი ხარჯი ხალხს მტრის სასარგებლოდ, სპარსეთის ჯარი თავის დასაცველად დაანარჩუნა თბილისში და სახელიც კი სპარსული დაირქვა, ე.ი დაუთხანი.

სვიმონ მეფე ტყვედ იქნა გაგზავნილი სპარსეთში შაჰთან, რომელმაც იგი დიდი პატივით მიიღო და აღუთქვა მეფობის დაბრუნება, თუ ქრისტეზე უარს იტყოდა და მაჰმადს ირწმუნებდა, თუ ქართველობას უღალატებდა და სპარსელების მომხრე გახდებოდა. მაგრამ სვიმონ მეფემ ცივი უარი უთხრა, რის გამოც იგი იქმნა ჩასმული საპყრობილეში.

მიზეზი ამ საყოველთაო უბედურებისა – მოღალატე კახაბერ ყორღანაშვილი, დიდად დაჯილდოებული გაბატონებულის სპარსელებისგან, არხეინად ბრძანდებოდა და ფიქრი არაფრისა ჰქონდა, რადგანაც დარწმუნებული იყო, რომ ქართველები ვერაფერს გაუბედავდნენ სპარსელების შიშით, მაგრამ საზარლად მოტყუვდა.

მთელი ქართველობა გამსჭვალული იყო უკიდურესი შურისძიებით ყორღანაშვილისადმი და მზად იყო სათაყვანო კერპად გაეხადა ის, ვინც იმას მიაყენებდა იმდენადვე საშინელს სასჯელს, რამდენადაც საშინელი იყო მისი დანაშაული მეფისა და ქვეყნის წინაშე.

ჩქარა აღმოჩნდა ეს სანატრელი შურისმაძიებელიც. ეს იყო საჩინო ბარათაშვილი, მძლავრი ვაჟკაცი, მხურვალე მამულიშვილი, ყოფილი წინამძღოლი ქართველი ჯარისა. (ავტორი გენია.ჯი)

ერთხელ მანგლისის გზაზე შეხვდნენ ერთმანეთს მოღალატე ყორღანაშვილი და საჩინო ბარათაშვილი. შეხვედრა მოხდა თვალჩაუწვდენელი ხრამის პირად. ყორღანაშვილმა არხეინად მისცა სალამი ბარათაშვილსა ამ სახით: „საჩინოს გაუმარჯოსო”. საჩინომ მიაძახა: „ღმერთმა ყველა ქართველს გაუმარჯოს იუდა მოღალატეზედაო!” გაექანა, ჰკრა ხელი და გადაჩეხა უფსკრულს ხრამზე. ყორღანაშვილი რახარუხით წავიდა კლდიდან კლდეზე, დაიმტვრა, დაიმსხვრა და მანამ ძირს უწევდა, საშინელი ტანჯვით დალია თავისი ცოდვილი სული.

მთელი საქართველო წაწყმენდას უნატრიდა ყორღანაშვილსა და ადიდებდა მის დამსჯელ საჩინო ბარათაშვილსა, რომელიც არ შეუშინდა სპარსელების რისხვას და ვაჟკაცურად აასრულა მამულიშვილის ვალი.

ეგდო უპატრონოდ ყორღანაშვილის მძორი რამდენსამე დღეს და გახრწნილებას მიეცა. მძოვრის სუნმა მოიზიდა ამ ადგილისაკენ მთელი ხროვა დამშეული მგლებისა, მაგრამ, ხალხის თქმულებით, როცა ამ მშიერმა ნადირებმა დასუნეს და შეიტყვეს, რომ ეს იყო ლეში მოღალატე ყორღანაშვილისა, ზიზღით აივსნენ, პირი არ დააკარეს, უკანვე გაბრუნდნენ და ისევ სიმშილი არჩიეს, ვიდრე პირის წაბილწვა ამ იუდას ლეშის ჭამითა.

სჩანს, ხალხის აზრით, მაშინდელ დროში ღალატი საშინლად ეზიზღებოდათ და უსაზღვროდ სძულდათ არა მარტო ქართველ ადამიანებსა, არამედ ქართულ მგლებსაც კი.

ახლა?.. (ავტორი გენია.ჯი)