ანტონ ჩეხოვი – “შურისმგებელი”

ფეოდორ ფეოდოროვიჩ სიგაევმა ცოლს ღალატზე წაასწრო და შმუკსისა და კ.-ის იარაღის მაღაზიაში გაქანდა რევოლვერის ასარჩევად,დარდითა და ბრაზით აღსავსეს მტკიცედ გადაეწყვიტა შურისგება.

“მე ვიცი,რასაც ვიზამ… რახან ოჯახის ფუძე შემიბილწეს,თავზე ლაფი დამასხეს,რახან გარყვნილებამ გაიმარჯვა,მოქალაქისა და პატიოსანი კაცის კვალობაზე მოვალე ვარ,შური ვიძიო.ჯერ იმას მოვკლავ,მერე მის საყვარელს და ბოლოს მე დავიხლი ტყვიას…”

უკვე თვალწინ ედგა სამი გასისხლიანებული,გატეხილი თავი,დანთხეული ტვინი,უსაქმურთა ბრბო,ჩოჩქოლი,გასაკვეთად წასვენებული სამი ცხედარი,თუმცა ჯერ არც რევოლვერი ეყიდა და არც არავინ მოეკლა.ღვარძლით ფიქრობდა,რა თავზარი დაეცემოდა ნათესავებსა და საზოგადოებას,რა ტანჯვით დალევდა სულს მისი მოღალატე ცოლი.გონების თვალით უკვე კითხულობდა გაზეთების მოწინავე წერილებს,სადაც მხილებული იქნებოდა ოჯახის საფუძვლების გახრწნა და ლპობა.

თეთრჟილეტიანმა და ღიპიანმა მკვირხლმა ფრანგმა ნოქარმა დახლზე გადმოულაგა რევოლვერები.

- მე თუ მკითხავთ,მესიე, – ეუბნებოდა ღიმილით და მოწონების ნიშნად წარამარა ფეხებს ერთმანეთს უხათქუნებდა, – აი,ამ რევოლვერს გირჩევდით.მშვენიერი რამაა,სმიტისა და ვესონის სისტემისა.უკანასკნელი სიტყვა გახლავთ ცეცხლმსროლელ იარაღებში.აქვს სამმაგი მოქმედება და ექვსასი ნაბიჯიდან არტყამს ნიშანში. (ავტორი გენია.ჯი) იმასაც დააკვირდით,მესიე,რა ფაქიზი ნახელავია.მოდაშია,მესიე… ყოველდღე ათობით ყიდულობენ – ვინ ყაჩაღებისთვის,ვინ მგლებისთვის თუ საყვარლებისთვის.ისვრის ზუსტად,შორიდან ხვდება მიზანს და იქვე კლავს ცოლსა თუ საყვარელს..ვინც თავის მოსაკლავად იყიდის,უკეთესი სისტემა არ მეგულება…

ნოქარი ისეთი აღტაცებით აჩხაკუნებდა ჩახმახს,აორთქლებდა ლულას და დასამიზნებლად იმარჯვებდა,გეგონებოდა,სმიტისა და ვესონის სისტემის ეს მშვენიერი რევოლვერი რომ ჰქონოდა,დიდი სიამოვნებით იკრავდა შუბლში ტყვიას.

- რა ღირს? – ჰკითხა სიგაევმა.

- ორმოცდახუთი მანეთი,მესიე.

- ჰმ! ძვირია!

- მაშინ,მესიე,სხვა სისტემისას მოგართმევთ,უფრო იაფს,ინებებთ ნახვას? ასარჩევი ჩვენთან ბევრია,გააჩნია ფასს… მაგალითად,ლეფოშეს სისტემის ეს რევოლვერი მხოლოდ თვრამეტი მანეთი ღირს,თუმცა (ნოქარმა ზიზღით დამანჭა სახე)… თუმცა,მესიე,ეს სისტემა უკვე მოძველდა.ამას მხოლოდ ნერვებაშლილი ქალები და ერთობ ჭკვიანებად რომ მოაქვთ თავი,ის პროლეტარები ყიდულობენ.ლეფოშეს რევოლვერით სირცხვილად ითვლება თავისა და ცოლის მოკვლა.რიგიანი ხალხი მხოლოდ სმიტსა და ვესონის სისტემას არჩევს.

- მე არც თავის მოკვლას ვაპირებ და არც სხვისას, – იცრუა მან. – უბრალოდ,აგარაკზე მინდა წავიღო… ქურდების დასაფრთხობად…

- ჩვენ რა გვესაქმება,რისთვის ან რატომ ყიდულობთ, – შეჰღიმა ნოქარმა და კრძალვით დახარა თვალები. – ეს რომ ვიძიოთ,მესიე,მაშინ მაღაზიაც უნდა დავხუროთ.ქურდების დასაფრთხობად ლეფოშე არ ივარგებს,მესიე,ყრუ ხმა აქვს.საამისოდ მორტიმერის ჩვეულებრივ რევოლვერს გირჩევდით,დუელის დროს რომ გამოიყენება…

“იქნებ ჯობდა მართლა დუელში გამომეწვია, – გაუელვა სიგაევს. – თუმცა ეს მეტისმეტი პატივი იქნება მისთვის… მაგისთანა პირუტყვი ძაღლივით უნდა გააგორო,სხვა არაფრის ღირსია…”

ენაგაკრეფილი ნოქარი კი იღიმებოდა და პატარ-პატარა ნაბიჯებით მოხდენილად დაცუხცუხებდა.მალე მუშტრის წინ დახლზე მთელი გროვა რევოლვერები აღიმართა,ყველაზე დარბაისლური და ლაზათიანი მაინც სმიტისა და ვესონის რევოლვერი ჩანდა.სიგაევმა აიღო ამ სისტემის რევოლვერი და ფიქრებში წავიდა.თვალწინ დაუდგა,როგორ გაუხვრეტდა თავს მოღალატე ცოლს,ხალიჩაზე თქრიალით როგორ გადმოისხმებოდა სისხლი,სიკვდილის წინ როგორ გააფართხალებდა ფეხებს… მაგრამ მის აღშფოთებულ სულს არც ეს საშინელი სურათი აკმაყოფილებდა… სასჯელი ამაზე საზარელი უნდა ყოფილიყო.

“არა,ჯერ საყვარელს მოვუკლავ,მერე მე დავიხლი ტყვიას,თვითონ კი ცოცხალს დავტოვებ.დაე,სინდისის ქენჯნამ და ახლობლების ზიზღმა მოკლას.მასავით ნერვიული ბუნების პატრონს სიკვდილზე მეტად ეს დატანჯავს…”

თვალწინ დაუდგა საკუთარი დასაფლავება.ის,ცოლისგან დატანჯული,სათნო ღიმილით კუბოში ასვენია.სინდისის ქენჯნით განაწამები და გაცრეცილი მისი ცოლი ნიობესავით მიჰყვება კუბოს და აღარ იცის,თავი სად წაიღოს,ისე აღშფოთებით და ზიზღით უცქერის ხალხი…

- გატყობთ,ეს სისტემა მოგწონთ,მესიე, – გააწყვეტინა ნოქარმა ოცნება. – თუ ძვირი გეჩვენებათ,თქვენი ხათრით კიდევ ხუთ მანეთს დავუკლებ… თუმცა უფრო იაფად სხვა სისტემებიც გვაქვს.

ფრანგი კოხტად შეტრიალდა და კიდევ ერთი დასტა ბუდიანი რევოლვერები გადმოაწყო დახლზე.

- ეს,მესიე,ოცდაათი მანეთი ღირს.ძვირი გახლავთ,მეტადრე რომ ფულმა უკვე ფასი დაკარგა.საბაჟო გადასახადი კი ყოველ წუთს იმატებს,ღმერთს გეფიცებით,მესიე,კონსერვატორი კი არ ვარ,მაგრამ მეც უკვე აღშფოთება ვერ დამიმალავს! რას ბრძანებთ! ფულის გაუფასურებამ და საბაჟო ტარიფმა ის ქნა,რომ იარაღის ყიდვა მდიდარსღა შეუძლია! ღარიბის წილად ტულის იარაღი და ასანთი რჩება.ტულის იარაღი კი თქვენს მტერს,მესიე! ესვრი ცოლს და შენვე მოგხვდება ბეჭებში…

სიგაევს ძალზე დასწყდა გული,რომ თვითონ მოკვდებოდა და მოღალატე ცოლის ტანჯვას ვერ იხილავდა.შურისძიება მაშინაა ტკბილი,როცა შენი თვალით შეგიძლია დატკბე ნაყოფით.თორემ აბა,რა აზრი აქვს შენ კუბოში იწვე და ვერაფერი იგრძნო. (ავტორი გენია.ჯი)

“იქნებ სჯობს,ჯერ საყვარელი მოვკლა,გასვენებას დავესწრო და მერე მოვიკლა თავი… თუმცა გასვენებამდე დამიჭერენ და იარაღს ჩამომართმევენ… მაშასადამე,საყვარელს მოვუკლავ,მას ცოცხალს დავტოვებ,მე კი… მე კი ჯერჯერობით თავს არ მოვიკლავ და ციხეში ჩავჯდები.თავის მოკვლას ყოველთვის მოვასწრებ.ციხე იმითაც კარგია,რომ წინასწარ ძიებაზე საშუალება მექნება მთავრობისა და ხალხის წინაშე სააშკარაოზე გამოვამზეურო მისი უნამუსობა.მე თუ თავს მოვიკლავ,მისი ურცხვი ბუნება რომ ვიცი,ყველაფერში გამამტყუნებს.ხალხიც მას გაამართლებს,მე კი,ვინ იცის,ყბად ამომიღონ.ხოლო თუ ცოცხალი დავრჩი,მაშინ…”

“დიახ,დიახ,თავი რომ მოვიკლა,შესაძლოა,მევე გამამტყუნონ და სულმოკლეობა დამწამონ… – ფიქრობდა ერთი წუთის შემდეგ. – ჯერ ერთი,რატომ უნდა მოვიკლა თავი? მეორეც,თავის მოკვლა ლაჩრობაა.მაშ,ასე: მოვკლავ საყვარელს,თვითონ ცოცხალს დავტოვებ.მე გამასამართლებენ,ის მოწმედ გამოვა… წარმომიდგენია,როგორ მოეჭრება თავი,როცა ჩემი დამცველი დაჰკითხავს! სასამართლო,ხალხი,პრესა ჩემს მხარეს იქნება…”

ნოქარი კი ამასობაში ახალ-ახალ საქონელს ალაგებდა დახლზე და თან სტუმრის გასართობად ქაქანებდა:

- ესეც სულ ახალი სისტემის გახლავთ,ახლახან მივიღეთ ინგლისიდან.მაგრამ გაფრთხილებთ,მესიე,რომ სმიტსა და ვესონთან ახლოსაც ვერ მივა.ამ დღეებში – ალბათ,კიდეც წაიკითხეთ – ერთმა ოფიცერმა ჩვენთან სმიტისა და ვესონის სისტემის რევოლვერი იყიდა და ცოლის საყვარელს ესროლა. და რა გგონიათ? ტყვიამ გულში გაუარა,შემდეგ ბრინჯაოს ლამპა დაამსხვრია,როიალზე ასხლტა,ფინია მოკლა და ცოლი დაჭრა.დიახ,ბრწყინვალე ეფექტი მოახდინა და ჩვენს ფირმას დიდად გაუთქვა სახელი.ოფიცერი ახლა დაჭერილია.რა თქმა უნდა,გაასამართლებენ და კატორღას მიუსჯიან! ჯერ ერთი,ჩვენში ერთობ მოძველდა კანონმდებლობა; მეორეც,სასამართლო მუდამ საყვარლის მხარეს იჭერს.რატომ? ძალიან უბრალოდ,მესიე! მოსამართლე,ნაფიცი მსაჯულები,პროკურორი და დამცველი,ყველანი სხვის ცოლებს ჰყვარობენ,ამიტომაც დიახაც აწყობთ,რუსეთში თუ ერთი ქმარით ნაკლები დარჩება.საზოგადოებასაც ფრიად გაუხარდება,თუკი მთავრობა ყველა ქმარს სახალინზე უკრავს თავს.ოჰ,მესიე,თქვენ არ იცით,როგორ მაშფოთებს ზნეობის ასეთი დაცემა ჩვენს დროში! სხვისი ცოლების ტრფიალი ახლა ისევეა მიღებული,როგორც სხვისი პაპიროსების მოწევა თუ სხვისი წიგნების კითხვა.ყოველ წელს უარესად მიდის ჩვენი მაღაზიის საქმე – განა იმიტომ,რომ საყვარლები შემცირდნენ.მიზეზი ის გახლავთ,რომ ქმრები უკვე შეურიგდნენ თავიანთ ბედს სასამართლოსა და კატორღის შიშით.

ნოქარმა მიმოიხედა და წაიჩურჩულა:

 - მერე ვისი ბრალია,მესიე? ვისი და მთავრობის!

“გადაიკარგო სახალინზე ვიღაც ღორის გულისთვის,ვერაფერი ჭკვიანური საქმეა, – ფიქრობდა სიგაევი. – მე რომ კატორღაში  გამგზავნონ,ჩემი ცოლი მეორედ გათხოვდება და იმ მეორესაც რქებს დაადგამს.რას გაიხარებს და იზეიმებს… მაშ ასე,ცოლს ცოცხალს ვტოვებ,მე თავს არ ვიკლავ და არც… საყვარელს ვკლავ.რაღაც უფრო ჭკვიანური უნდა მოვიფიქრო.დავსჯი ჩემი ზიზღით და საქვეყნოდ გავეყრები…”

- აი,ეს კი,მესიე,ახალი სისტემაა, – ნოქარმა თაროდან რევოლვერების ახალი წყება გადმოაწყო. – მიაქციეთ ყურადღება საკეტის ორიგინალურ მექანიზმს…

რახან ასეთი გზა ირჩია,რევოლვერი რა ოხრად უნდოდა სიგაევს.ეშხში შესული ნოქარი კი ახალ ახალ საქონელს უწყობდა წინ.შეურაცხყოფილ ქმარს შერცხვა,ნოქარს რომ ტყუილუბრალოდ აწუხებდა და თავისი საქონლის ქება-დიდებაში ამდენ დროს აკარგვინებდა…

- კარგი,მაშ,შემდეგ შემოგივლით… ან სხვას გამოვგზავნი, – წაიბურტყუნა მან და თავი უხერხულად იგრძნო.ნოქრისთვის არც შეუხედავს,ისე გადაწყვიტა,რაღაც მაინც ეყიდა.თუმცა რა? რამე იაფფასიანის ასარჩევად კედლები მოათვალიერა და კართან დაკიდებულ მწვანე ბადეზე შეაჩერა მზერა.

- ეს… რა არის?

- მწყრის საჭერი ბადე გახლავთ.

- რა ღირს?

- რვა მანეთი,მესიე.

- თუ შეიძლება შემიხვიეთ…

დაბოღმილმა ქმარმა გადაიხადა რვა მანეთი,აიღო ბადე და მაღაზიიდან გამოვიდა.თავი რატომღაც უფრო შეურაცხყოფილად იგრძნო. (ავტორი გენია.ჯი)