სისიტიები

სისიტიები – უძველეს სპარტაში წარმოადგენდა საჯარო სადილობის სავალდებულო წესს,რა დროსაც ნებისმიერი სოციალური ფენისა თუ სტატუსის მქონე სპარტელ მოქალაქეებს ერთად უნდა ეჭამათ კანონით დადგენილი საერთო საჭმელი.მათ აკრძალული ჰქონდათ სახლში სადილობა,მაგიდასთან მიდგმულ ძვირფას სარეცელზე წამოგორება და დახელოვნებულ მზარეულთა ნახელავი ნუგბარი საჭმელების მირთმევა.უდიდესმა სპარტელმა კანონმდებელმა – ლიკურგემ (ძვ.წ.აღ-ით IX-VIII საუკუნეები),რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული აღნიშნულ ქალაქ-სახელმწიფოში საზოგადო და სახელმწიფო წყობილების თითქმის ყველა ინსტიტუტის შექმნა,სპარტელებში ფუფუნებისა და სიმდიდრისაკენ სწრაფვა,რომ აღმოეფხვრა,მრავალი ქმედითი ნაბიჯი გადადგა და რეფორმები გაატარა (მათ შორის ქონებრივი გადანაწილება).სისიტიების შემოღებაც,ლიკურგეს სახელთან არის დაკავშირებული. (ავტორი გენია.ჯი) თავდაპირველად,სისიტიების წესის შემოღებამ ძალიან გააღიზიანა და განარისხა მდიდარი სპარტელები.ისინი კანონმდებლის წინააღმდეგ ამხედრდნენ,თავი მოიყარეს და ლიკურგეს ყვირილი და ლანძღვა-გინება დაუწყეს.მას ქვებიც კი დაუშინეს.ლიკურგე მოედნიდან ტაძრისაკენ გაიქცა,რათა განრისხებული ბრბოსაგან თავი დაეცვა,თუმცა,მას მისდია კაცმა,სახელად ალკანდრემ,რომელმაც ჯოხის მეშვეობით თვალი გამოთხარა დიდ კანონმდებელს.თვალდათხრილი ლიკურგე წელში გასწორდა,ტკივილი დაიყუჩა,რის შემდეგაც თანამოქალაქეებს წინ გადაუგა და გასისხლიანებული სახე და დასახიჩრებული თვალი უჩვენა.ამის დამნახველი სპარტელები საშინელმა სირცხვილმა და სევდამ შეიპყრო,რის შემდეგაც ალკანდრე  დააკავეს,თუმცა ლიკურგესვე თხოვნით მალევე გაანთავისუფლეს.იმ დღიდან მოყოლებული,ალკანდრე ერთგულად და ხმაამოუღებლად ასრულებდა მის ყოველგვარ ბრძანებებს.ასე შეეწირა სისიტიების დაარსებას,დიდი სპარტელი კანონმდებლის თვალი,თუმცა ამას მისთვის ხელი არ შეუშლია დაწყებული რეფორმების გაგრძელებაში. (ავტორი გენია.ჯი) ლიკურგეს და ზოგადად სპარტელთა აზრით,მხარ-თეძოზე ჩრდილში წამოწოლილი ადამიანი მსუნაგი პირუტყვივით გასუქდებოდა,ხასიათი გაუფუჭდებოდა და სხეულიც დაუძაბუნდებოდა; ვნებისადმი მიდრეკილება და ჟინიანობა გაუღვივდებოდა,ძილისგუდად და ცხელი აბანოს მოყვარულ უქნარად ჩამოყალიბდებოდა.ასეთ კაცს კი,შეიძლება ითქვას,ფუფუნება ყოველდღიური წამალივით მოუნდებოდა.

სისიტიების შემოღება დიდი მიღწევა იყო.ყველაზე უფრო შესანიშნავად აქ ის უნდა ჩაითვალოს,რომ საჯარო სადილობის დაწესებით და ზომიერი საკვების წყალობით,როგორც დიდი ძველბერძენი ფილოსოფოსი – თეოფრასტე გადმოგვცემდა,სიმდიდრემ ყოველგვარი მიმზიდველობა დაკარგა და დაკნინდა; როდესაც მდიდარი ღარიბთან ერთად მიდიოდა სასადილოდ,უკვე აღარ იყო საჭირო საგანგებო მზადება და თვალის დასატკბობად ბრწყინვალე სუფრის გაშლა.შინ სადილობა და სისიტიებზე გამაძღარი მისვლა კანონით იკრძალებოდა.ვინც ასე მოიქცეოდა და სხვებთან ერთად არ ჭამდა,მას სხვები ადევნებდნენ თვალყურს და კიცხავდნენ,როგორც თავშეუკავებელ და საჯარო სადილობის (სისიტიების) უგულებელმყოფელ კაცს,რაც ნებისმიერი სპარტელისათვის უდიდეს სირცხვილად ითვლებოდა.ლიკურგეს მიერ,სპარტაში შემოღებულმა სისიტიებმა და სხვა უამრავმა სახელმწიფოებრივმა რეფორმებმა სიმდიდრე უსულო,უძრავ ხატებასავით მიაგდო კუთხეში და ზოგადად,რომ ვთქვათ,საფუძველი ჩაუყარა სპარტის,როგორც იმ პერიოდის ერთ-ერთი უძლიერესი ქალაქ-სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. (ავტორი გენია.ჯი)