“ვინ არის კარგი ექიმი და კარგი მსაჯული?” – (სოკრატეს და გლავკონის დიალოგიდან…)
გლავკონი: – რას იტყვი სოკრატე: სჭირდება თუ არა ჩვენს სახელმწიფოს კარგი ექიმები და კარგი მსაჯულები? კარგი ექიმები კი უპირატესად ისინი არიან,ვის ხელშიაც ყველაზე მეტ ჯანმრთელსა და ავადმყოფ ადამიანსაც გაუვლია.იგივე ითქმის მსაჯულებზედაც; ყველაზე უკეთეს მსაჯულებად ისინი უნდა მიგვაჩნდნენ,ვისაც ათასი ჯურის ხალხთან ჰქონია საქმე.
სოკრატე: – დიახ,მეც მაგ აზრისა ვარ,რომ კარგი ექიმებიც გვჭირდება და კარგი მსაჯულებიც; მაგრამ თუ იცი,ვინ მიმაჩნია ამნაირებად?
გლავკონი: – მეცოდინება თუ მეტყვი. (ავტორი გენია.ჯი)
სოკრატე: – ყველაზე დახელოვნებულ ექიმად ის მოგვევლინებოდა,ვინც,ბავშვობიდან მოყოლებული,მარტო თავის ხელოვნებას კი არ შეისწავლიდა,არამედ რაც შეიძლება მეტ უიმედო ავადმყოფთანაც ექნებოდა საქმე,არც თვითონ იქნებოდა მაინცდამაინც დიდი ჯანმრთელობის პატრონი და ამიტომ მრავალ სნეულებას გადაიტანდა.რადგანაც,მე თუ მკითხავ,ავადმყოფ სხეულს სხეულითვე კი არ მკურნალობენ (თორემ ექიმებისთვის საერთოდ დაუშვებელი იქნებოდა ავადმყოფობა),არამედ – სულით,სულით კი ვერავის უმკურნალებ,თუ თვითონვეა სნეული,ან შემდეგ დასნეულდა.
გლავკონი: – სწორია.
სოკრატე: – მსაჯული კი,ჩემო მეგობარო,სულითა მართავს სულს.ამიტომაც დაუშვებელია,რომ მისი სული სიყრმითგანვე ტრიალებდეს უკეთურ სულთა შორის,უწყვეტი ურთიერთობა ჰქონდეს მათთან,ათასნაირი უსამართლობის მოწმე იყოს და თვითონაც სჩადიოდეს უსამართლობას,მხოლოდ იმიტომ,რომ საკუთარი გამოცდილებით განსაჯოს სხვისი დანაშაული,ისევე,როგორც ექიმი საკუთარი ავადმყოფობის მიხედვით მსჯელობს სხვის სნეულებაზე.პირიქით,სული სიყრმითგანვე უბიწო და უმანკო უნდა იყოს,თუკი მომავალში მოუწევს,ისე აღასრულოს მართლმსაჯულება,როგორც შეჰფერის ღირსეულ კაცს.ამიტომაცაა კეთილშობილი სული ესოდენ მიამიტი სიყრმისას თუ სიჭაბუკისას,ამიტომაც ებმება ასე ადვილად უკეთურთა მიერ დაგებულ მახეში: მისთვის ხომ სრულიად უცხოა უღირსის მთელი სიბილწე.ამიტომაც მართლად გამრიგე მსაჯული ჭაბუკი კი ვერ იქნება,არამედ ხანდაზმული,რომელმაც მხოლოდ მოწიფულობისას შეიცნო უსამართლობის ბუნება,რაც თავისსავე სულში კი არ აღმოუჩენია,როგორც საკუთარი მანკიერება,არამედ – სხვებისაში,როგორც მისთვის სრულიად უცხო რამ.აი,რამდენი დრო დასჭირდა ამ ბოროტების არსში საწვდომად,რადგანაც უსამართლობას მხოლოდ სხვებზე დაკვირვების გზით თუ შეიცნობს და არა საკუთარი გამოცდილებით.ღირსეულია ის,ვისი სულიც ღირსებითაა სავსე. (ავტორი გენია.ჯი)