მიგელ დე სერვანტეს საავედრას გენიალური რომანიდან – “დონ კიხოტი”

1. ” – ყველა შეყვარებული რომ თავის გულისწორს ირთავდეს ან მიჰყვებოდეს,მშობლებს აღარ ექნებოდათ იმის უფლება,რომ შვილები თავიანთი ნება-სურვილით დაექორწინებინათ,როცა საჭიროდ მიიჩნევდნენ ამას.ქალებისათვის რომ ნება მიგვეცა,თავიანთი სურვილით ამოერჩიათ საქმრო,მაშინ ერთი ფეხს დაჰკრავდა და მამამისის მსახურთან ერთად გაიპარებოდა სახლიდან,მეორე კი ქუჩაში შემხვედრ პირველსავე მუსუსსა და შფოთისავს ჩამოეკიდებოდა კისერზე,თავისი კუდაბზიკობითა თუ ყოყლოჩინობით რომ მოხიბლავდა და თავბრუს დაახვევდა მას. სიყვარული ხშირად გონების თვალს გვივსებს,რომელიც ესოდენ აუცილებელია ამა თუ იმ გადაწყვეტილების მისაღებად,რადგანაც თვალდავსილი შეიძლება სულ ადვილად შეცდეს და წინადაუხედავად გადადგას საბედისწერო ნაბიჯი,მით უმეტეს,როცა ქორწინებას ეხება საქმე,სადაც მარტო სიფრთხილე და წინდახედულება ვერას გვიშველის,თუკი ღმერთიც არ შეგვეწია და წყალობის თვალით არ გადმოგვხედა.როდესაც კაცი შორეული მგზავრობისათვის ემზადება,თუკი თვისი ჭკუა აქვს,უწინარეს ყოვლისა,სანდო და სასიამოვნო თანამგზავრს ირჩევს.მაშ,რატომ არ ვბაძავთ მას ცხოვრების თანამგზავრის არჩევისას,ვისთან ერთადაც კუბოს კარამდის უნდა ვიაროთ? მით უმეტეს,რომ ჩვენი თანამგზავრი ჩვენი თანამეცხედრეცაა,თანამეინახეც,თანამდგომიც და ასე შემდეგ; აი,რა არის ცოლი ქმრისათვის.არა,ცოლი საქონელი როდია,რომელიც შეიძლება იყიდო და მერე უკანვე დააბრუნო,გაცვალო ან გადაცვალო; ესაა განუყრელი თანამგზავრი,რომელიც არ გეყრება მანამ,სანამ შენი სულიც არ გაეყრება შენსავე სხეულს.ესაა მარყუჟი,რომელიც კისერზე ჩამოცმისთანავე გორდიასის კვანძად იქცევა და ამ კვანძს ვერ გახსნი მანამ,სანამ მას თავისი ცელით არ გაჰკვეთს სიკვდილის მსახვრალი ხელი”.

* * *

2. “კატას რომ ქვების სროლითა და კეტების რტყმით კუთხეში მიიმწყვდევენ,გააფთრებულ ლომად გადაიქცევა ხოლმე,მე კი კაცი ვარ და, თუ გამამწარეს,ღმერთმა იცის,რად ვიქცევი”.

* * *

3. ” – ვის უფრო ეთქმის შეშლილი: იმას,ვინც განგების ნებით შეიშალა,თუ იმას,ვინც საკუთარი ნებით გადასცდა ჭკუას?

* * *

- თავისდაუნებურად შეშლილი მისდღემჩი შეშლილადვე დარჩება,თავისი ნებით შეშლილს კი ყოველ წამს შეუძლია გონს მოეგოს”.

* * *

4. “მართალია თავის ქება არ შეშვენის ღირსეულ კაცს,მაგრამ იძულებული ვარ,ასე მოვიქცე,რა თქმა უნდა,მხოლოდ მაშინ,როცა გვერდით მაქებარი არავინ მყავს”.

* * *

5. “ძველი დროის ფილოსოფოსნი,რომელთათვისაც უცხო იყო ჭეშმარიტი ღმერთი,ადამიანის უზენაეს ბედნიერებად ბუნებით ბოძებულ ნიჭს,ბედის წყალობას,მეგობრებისა და სულითა და ხორცით ჯანსაღი შვილების სიმრავლეს თვლიდნენ”.

* * *

6. “განსწავლულობა სიქველის გარეშე იგივეა,რაც მარგალიტი ნაგავში”.

* * *

7. “მშვენივრად ვიცი ,რა არის სიმამაცე: ესაა ერთგვარი სიქველე ორ უკიდურესობას – სიმხდალესა და სიშლეგეს შორის,მაგრამ ნაკლები ბოროტება იქნება,თუკი მამაცი სიშლეგემდე ამაღლდება და აღზევდება,ვიდრე ის,რომ იგივე მამაცი სიმხდალემდე დამდაბლდეს და დაეშვას. და რამდენადაც მფლანგველისთვის უფრო ადვილია გულუხვად ქცევა,ვიდრე ძუნწისთვის,ზუსტად ასევე,შლეგსაც უფრო ადვილად შეუძლია ჭეშმარიტ მამაცად ქცევა,ვიდრე მხდალს – ჭეშმარიტ სიმამაცემდე ამაღლება”. (ავტორი გენია.ჯი)

* * *

8. “ისტორიის ძალა მის სიმართლეშია და არა წვრილმანთა მშრალ ჩამოთვლაში”.

* * *

9. “სიკვდილზე მოგახსენებთ,ერთნაირად რომ ინელებს ძუძუთა ბატკნებსაც და ბეხრეკ ცხვარსაც; ჩვენი მღვდლებისაგან კი გამიგონია,რომ ისევე ხშირად იჭყიტება მეფეთა სასახლეებში,როგორც ღატაკთა ქოხებში”.

* * *

10. “სიმართლის გზას მისდიე და სიმართლეს იქადაგებ”.