ნინო ქადაგიძე – “ცოლ-ქმარი”
„ერთი ცულის ტარზე ეძინათ და კიდეც ჰყოფნიდათ. საზიარო ჰქონდათ სიზმარი. ტკბილი იყო იმათი პური, ღვინო, მარილი. როგორი შუქიანი ქალი მოუყვანიაო – ლაპარაკობდნენ. შეხედავდი და შემოგანათებდა კბილებისა და კანის სითეთრე, პირბადრი იყო.ცოლ-ქმარს მშვიდად ედგა უღელი და მიდიოდნენ. მსგეფსებზე შვიდჯერ შეივსო ქალი და შვიდჯერვე მოილოგინა. ხუთი თვის თავზე ნაადრევად ასტკივდა ცოლს მუცელი და ნაბოლარა მკვდარი გაუჩნდათ. ხელის კანკალით გადაახვია ქმარმა ჩვილი ბამბაზიის სახვევებში და ბაღჩის ძირში დაასაფლავა. ცრემლი სცვიოდა კარგა ხანს ცოლ-ქმარს. ბაღჩაში, ჩვილის სამარხის გვერდით ატმის ნერგი მოიტანა ქმარმა და დარგა. აი,შენი ნაბოლარა ბიჭის კბილაო – ცოლსაც ახარა. ხე გაიზარდა, გაიბარჯა, ყოველ წელს ჩვილის ვარდისფერი ლოყებივით ტკარცალებდნენ ბუსუსიანი ტკბილი ატმები. ცოლიც და შვილებიც თავს ევლებოდნენ ატმის ხეს, რწყავდნენ, მიწას უფხვიერებდნენ მანამდე, სანამ სახლი ტანზე არ შემოეტმასნათ და ფეხებზე არ მოუჭირათ სოფლის გზა-შარამ. მერე კი ყველა შვილი თავთავიანთ ბედს ეწია, მიმოიფანტა… დარჩნენ ისევე ცულის ტარზე ცოლი და ქმარი, მათთან ღობის ძირში გაღუდღუდებული ერთი ატამიც. ცხოვრობდნენ მშვიდად მონაგებით გაფუყულები. გაზაფხულის ერთ დღეს მოხუც ქმარს ცოლი ხელიდან გამოეცალა. მარტოკა დარჩა ბერიკაცი, დარდმა მოხარა, დააღონა და ზურგზე პატარა კუზი ამოებერა. ეს შვილებსა და შვილიშვილებს ეგონათ, რომ თითქოს სიბერის კუზი იყო, სინამდვილეში ზურგით დაჰქონდა ცოლის საფლავი”. (ავტორი გენია.ჯი)