ნოდარ დუმბაძის გენიალური რომანიდან – “მარადისობის კანონი”
„ – ვინ ხარ შენ? – ჰკითხა ბაჩანამ. პირხმელ, ცისფერთვალება, მასავით ფეხშიშველ ახალგაზრდას თვალებში შეხედა. იგი ვერ მიხვდა, მზე იდგა ახალგაზრდის უკან თუ ნათელი ადგა თავზე.
- მე ვარ უფალი შენი და ღმერთი შენი! – უპასუხა ახალგაზრდამ.
- თუ შენ ხარ უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი, დამიდასტურე რაიმეთი, – უთხრა ბაჩანამ.
- და განა დგომა ჩემი შენ წინაშე დასტური არ არის მაგისა? – თქვა ახალგაზრდამ.
- არა, შენა ხარ ჰალუცინაცია მწყურვალის უდაბნოში, – უპასუხა ბაჩანამ და დაჟინებით დააკვირდა. იგი დიდხანს ელოდა მის გაქრობას, ის კი იდგა მშვიდი, მომღიმარი, სათნო და საოცრად ახლობელი. მაშინ მიფორთხდა მასთან ბაჩანა და ფრთხილად შეახო ხელი შიშველ ფეხზე,იმ ადგილას,სადაც აპკაგადაკრული ნალურსმნალი ჭრილობა ფერმკრთალ ყაყაჩოსავით უღვიოდა ახალგაზრდას.
- ნუ იყოფი ურწმუნო,არამედ გრწმენიან, – გაუღიმა ახალგაზრდამ.
- მე ურწმუნო ვარ,ამიტომ არ მჯერა ახლა იმისა,რასაც ვხედავ და ვგრძნობ.ეს ყველაფერი ძალიან შორსაა ჩემგან.მომიახლოვე ყველაფერი ეს და ამიხსენი ზოგი რამ,თქვი,იყავი თუ არა ქვეყნად და თუ იყავი,რისთვის განერიდე ადამიანს? – ჰკითხა ბაჩანამ.
- ადამიანებმა თავად განმარიდეს მე,მაგრამ მე არ მიმიტოვებია ადამიანი, – თვა მშვიდად ახალგაზრდამ.
- დამიდასტურე რაიმეთი? – ისევ სთხოვა ბაჩანამ.
- განა ჩემი დგომა შენ წინაშე დასტური არ არის მაგისა? – გაუმეორა ახალგაზრდამ.ბაჩანამ არაფერი უპასუხა,მხოლოდ ხელი შეახო კვლავ შიშველ ფეხზე.
- და თუ უფალი ხარ შენ,თქვი,რას წარმოადგენ შენ?
- მე ვარ რწმენა,იმედი,ძლიერება,სათნოება,ნიჭი სიყვარულისა და თავისუფლება, – თქვა ახალგაზრდამ.
- მაშ,როგორღა გაგყიდა იუდამ ოცდაათ ვერცხლად?! – ჰკითხა განცვიფრებულმა ბაჩანამ.
- იუდას უფალი არ გაუყიდია,იგი თავად მიეყიდა ფარისეველთ ამ ფასად.ფული,რომელიც გედო შენ სასთუმალს,არ იყო ფასი შენი და ამიტომ არ გაიყიდე შენ დღეს… და რადგან არ გაიყიდე დღეს,ხვალ და ზეგ შემოგთავაზებენ შენს ნამდვილ ფასს.
- და თუ მაინც არ მივეყიდე?
- მაშინ შენ ამაღლდები და აღსრულდება ის,რისთვისაც ვეწამე მე ამ ქვეყანაზე.
- იცოდი თუ არა,რომ იუდა გაგყიდდა?
- იცოდა სატანამ.ღვთაება არ აცდუნებს კაცს,ღვთაება სცდის მას.სატანამ აცდუნა იუდა,როდესაც ოცდაათ ვერცხლად იყიდა იგი,ხოლო მე გამოვცადე იგი,როდესაც ბაწარი მივეცი ხელში.
- დაწყევლილი არის თუ არა იუდა შენგან?
- არა!
- რატომ?
- იუდამ იხსნა თერთმეტი კაცის სული წაწყმენდისაგან.
- მაშ,რატომ არ ახსნი იუდას საუკუნოდ დასმულ დაღს?
- იმიტომ,რომ იუდა იყო სატანისმიერი და არა ღვთისმიერი.
- მაშინ გამოდის,რომ სატანამ გძლია შენ.
- ასე იქნებოდა მაშინ,იუდას რომ თავი არ მოეკლა.
- გჯეროდა თუ არა,როდესაც გოლგოთაზე მიდიოდი,რომ ჯვარს გაცვამდნენ ადამიანები?
- არა!
- რისი იმედი გქონდა?!
- ხალხის!
- განა ხალხმა არ გაგცვალა შენ ავაზაკში?!
- ხალხმა!
- გამოდის,რომ აქაც სატანამ გძლია შენ!
- არა,რადგან ეს არ იყო ცდუნება,ეს იყო გამოცდა.
- და ხალხმა ვერ გაუძლო ამ გამოცდას?
- ვერა!
- რატომ?
- ხალხი სასწაულს ელოდა ჩემგან და იმიტომ გამცვალა ავაზაკში,ავაზაკისაგან არაფერს ელოდა ხალხი… ეს იყო მეორე,ნაადრევი გამოცდა ძისა ჩემ მიერ და შეცდომა ჩემი.
- პირველი როდისღა იყო?
- როდესაც ადამიანს სამოთხეში მივეცი ბინა და აგარაკი.არა სხვისი ნებით,არამედ ოფლით თავისით,სისხლით თავისით და რწმენით თავისით უნდა მოვიდეს კაცი სამოთხეში.
- მაშ,როდისღა დაიჯერე,რომ ჯვარცმა შენი და აღსრულება გარდაუვალი იყო.
- როდესაც ჯვარცმულმა ჩემ წინაშე მდგომარენი ვიხილე,დედაი ჩემი და მოწაფე იგი,რომელი მიყვარდა და ვრქვი დედასა ჩემსა: – დედაკაცო,აჰა ძე შენი! და მერმე მოწაფესა მას ვრქვი: – აჰა,დედაი შენი! და იგი დარჩა დედაჩემთან,ვითარცა კაცი ჩემ მაგიერი,ხოლო დედა ჩემი მასთან,ვითარცა სული წმინდა,სული ღვთაებრივი!..
- რა არის ნება ღვთისა?
- წამოდექ! – ბაჩანა წამოდგა.
- თქვი,რომ აღარა გკლავს წყურვილი უღვთო!
- აღარა მკლავს წყურვილი,უღვთო! – გაიმეორა ბაჩანამ და გაქრა წყურვილი უსაშველო.
- თქვი,რომ აღარ გწვავს მზე იგი უღვთოთ!
- აღარა მწვავს მზე იგი უღვთოთ! – თქვა ბაჩანამ და განელდა თაკარა მზისა და იქცა მაცოცხლებელ სითბოდ.
- თქვი,რომ გრძნობ სიცოცხლეს და ღვთაებას.
- ვგრძნობ სიცოცხლეს… – თქვა ბაჩანამ და არ თქვა – ღვთაება,რადგან კვლავ ჰალუცინაცია ეგონა ყველაფერი. და მაშინ უთხრა ახალგაზრდამ:
- ინატრე!
- “რამ შამქმნა ადამიანად,
რატომ არ მოვედ წვიმადა!” – ინატრა ბაჩანამ ვაჟას ნატვრა. და ბაჩანა უცებ მოვიდა წვიმად…
მოვიდა ბაჩანა წვიმად და აღმოცენდა გადამწვარ უდაბნოში ბალახი ლორთქო,მწვანე და რძიანი…
მოვიდა ბაჩანა წვიმად და აღმოცენდა გადამწვარ უდაბნოში ყვავილი ლამაზი,ფერადოვანი და სურნელოვანი…
მოვიდა ბაჩანა წვიმად და ამოსკდა გადამწვარ უდაბნოში დედამიწის გულიდან წყარო – გრილი,ანკარა და მაცოცხლებელი…
მოვიდა ბაჩანა წვიმად და აიდგა ფეხი სიცოცხლემ გადამწვარ უდაბნოში და იქცა ოაზისად უდაბნო იგი.
მოვიდა ბაჩანა წვიმად და აღმოცენდა თავად ოაზსიად ქცეულ გადამწვარ შუა უდაბნოში ფესვებით დედამიწას შემოსალტულ და თავის ცას მიბჯენილ ვეებერთელა მკლავგაშლილ მუხად… და მოფრინდა ქვეყნის ყოველი მხრიდან ფრინველი უამრავი,ათასნაირი და ყველა მგალობელი დაჯდა ბაჩანას ღონივრად გაშლილ ტოტებზე,დაიბუდა,იბარტყა და აივსო ქვეყნიერება სიცოცხლის დიდი საგალობლით…
მაშინ დაეშვა მუხლებზე ბაჩანა,თაყვანი სცა ახალგაზრდას და უთხრა:
- გიხილე და გიწამე.
და რქუა მას იესომ:
- რამეთუ მიხილე და გრწამ; ნეტარ არიან,რომელთა არა უხილავ და ვჰრწმუნე”. (ავტორი გენია.ჯი)
***
” – მე ვიცი,რომ ცხოვრება სავსეა პარადოქსებით,რომ ადამიანები ხშირად ცდებიან ნებსით თუ უნებლიეთ,შემდეგ ასწორებენ თავიანთ შეცდომებს,ზოგი გვიან,ზოგი ადრე,ზოგი ისე მიდის ამ ქვეყნიდან,დარწმუნებულია თავისი შეცდომების სისწორეში,ასეთი ადამიანების შეცდომების გასწორება მომავალ თაობებს მოუწევთ…”
***
” – გამაიმუნებული ადამიანის ცნობა გაცილებით უფრო ადვილია,ვიდრე კაცადქცეული მაიმუნისა”.
***
” – თქვენ ისეთი მსუყე ლუკმა ხართ სატანისათვის,არა მგონია,ჩემმა პროტექციამ გიშველოთ.
- აღსარება რომ მივიღოთ?
- აღიარებთ კი დანაშაულს
- თუკი არ მაქვს?
- საიდან გექნებათ,დალოცვილო,ქვეყანა თქვენია და რასაც აკეთებთ,ყველაფერი ჭეშმარიტება გგონიათ!”
***
” – მწერალი ხალხის ერთგული ძაღლია,მამაო,მე არ მჯერა სულთა გარდაცვალებისა,მაგრამ ასეთი რამ თუ მართლა არსებობს,ჩემი სული უეჭველად ძაღლში გადასახლდება,ასე რომ,ჩემი სიკვდილის შემდეგ თუ ქუჩაში უპატრონო და მაწანწალა ძაღლი აგეკიდოთ,ქვა არ ესროლოთ,ბატონო იორამ,რა იცით,იქნებ ის ძაღლი მე ვიყო?!”
***
” – ხალხთან,რომელთაც ქვეყანაზე არაფერი სწამთ,ძნელია კამათი!”
***
“ცხონება სულის განძია აუწონელი და მის მოპოვებას მთელი სიცოცხლე უნდა”.
***
” – დრო არის ღმერთი,დრო! თქვენ კომუნისტებს,ღმერთი რომ არ გწამთ,ამიტომ არ იცით დროის ფასი და ფლანგავთ,როგორც გინდათ.იწამეთ დრო! თაყვანი ეცით დროს,რადგან დრო არის ღმერთი! და თუ გინდათ,შექმნათ რამე ახალი რწმენა და რელიგია,დაიწყეთ დროიდან.სხვანაირად არაფერი გამოგივათ”.
***
“ქართველი კაცი ისე რომ დაწვრილმანდება,ზალას ოთახად ჩაგითვლის,იმას რა უნდა ელეპარაკო”.
***
” – თქვენ,ექიმებს,ჯოჯოხეთის კარი გაბარიათ,კათალიკოსს კი – სამოთხისა,ბატონო პროფესორო, – თავი იმართლა მამა იორამმა და პირჯვარი გამოისახა.
- საიქიოს ერთი კარი აქვს,მამაო, და სწორედ ის კარი გვაბარია ექიმებს.ჯოჯოხეთი და სამოთხე ეს უკვე ქვეგანყოფილებებია და სად გაგანაწილებს მაცხოვარი,მისი საქმეა.ჩვენი საქმეა,საიქიოს კარი დროზე ადრე არ გაგიღოთ, – უპასუხა პროფესორმა”.
***
“სიკვდილის ხელიდან გამოგლეჯილი ავადმყოფი იმ ცნობისმოყვარე ბავშვს ჰგავს,ცირკში რომ მიიყვანენ,სულ წინა რიგში დასვამენ და უცებ საოცრებებით სავსე ფარდის იქიდან რომ ფრაკგაპრიალებული,თმაგადაგლესილი ანტერპრენიორი აღმოცენდება და გამოაცხადებს:
- პატივცემულო მოქალაქენო,ცირკის ადმინისტრაცია უზომო ბოდიშს იხდის თქვენ წინაშე.ილუზიონისტის უეცარი ავადმყოფობის გამო სანახაობა არ შედგება!..” (ავტორი გენია.ჯი)