ნოდარ დუმბაძის რომანიდან – “ნუ გეშინია,დედა!”

“ეს იმ კაცს გაუმარჯოს,ძია რუბენ,მთვარეზე რომ ფეხს შედგამს,იქიდან გადმოგვხედავს,მოვენატრებით,ჩამოვა,ჩაგვეხვევა,გვაკოცებს,იტირებს და გვეტყვის: ბიჭებო,მთვარის დედა ვატირე,დედამიწაზე ყოფნას რა ჯობია,დედამიწას გაუმარჯოს,მწვანე დედამიწას,თბილ დედამიწას,მზიან დედამიწას,წვიმიან დედამიწას.მერე მთვარეს ახედავს და ეტყვის – არ გეწყინოს,მთვარევ,კარგი ხარ,თეთრი ხარ,ლამაზი ხარ,ღამეს მინათებ,დღისით თან დაყვები დედამიწას,მაგრამ ეს ოხერი,დედააა ჩემი და შენს თავს მირჩევნია,მოდი და მომკალი,რაც გინდა მიყავი,დედამიწა მირჩევნია შენს თავს და რა გიყო?! ჩემს დედამიწას გაუმარჯოს!” (ავტორი გენია.ჯი)

***

“ხანდახან ასეთი სულელური აზრიც გებადება,რომ დედამიწა თვითონ ცოცხალი სხეულია,დაგორავს,დაიარება,ხედავს,სუნთქავს,ესმის,სტკივა,უყვარს,სძულს,უხარია და სწყინს.ამიტომ ხან კვნესის,ხან ოხრავს,ხან ბორგავს,ხან იცინის,ხან ტირის,ჩვენ კი შესეული ვართ ამ ვეებერთელა სულდგმულს მკბენარებივით,ვჩიჩქნით,ვწიწკნით,ვგლეჯთ,ვკბენთ,დავრბივართ,ვაწუხებთ, და ისე ვაწუხებთ ხანდახან,რომ ვეღარ ითმენს,შეაჟრჟოლებს ხოლმე ზურგს დაშავებული ჯაგლაგივით,აგვიყრის,დაგვყრის ბუზებივით,დაგვინგრევს,მოგვიშლის,წაგვილეკს საბუდარს,ყველაფერს,რაც გაგვაჩნია.ჩვენ კი,გონს მოსულნი,ისევ შევესევით,ისევ დავუწყებთ ჩიჩქვნას,ძიძგნას,კბენას,ვიდრე კვლავ არ გაიღვიძებს ეს გოლიათი,კვლავ არ მოიფხანს კეფას,კვლავ არ გამოიფხეკს ყურებს,კვლავ არ მოისრესს თვალებს და არ შეგვაძრწუნებს კვლავ,რათა მერე ყველაფერი თავიდან დაიწყოს.ვინ იცის,იქნებ,მართლაც ასეა?!” (ავტორი გენია.ჯი)

***

” – როგორ აგიხსნა… მწერლობა,ჩემო შერბინა,ისეთი რამ არის… – მდინარაძე ისევ დადუმდა,მერე მარცხენა ხელისგული გაშალა და მარჯვენათი ნეკი ჩაღუნა, – პუშკინი მოკლეს,ლერმონტოვი მოკლეს,ფედერიკო გარსია ლორკა მოკლეს,გოგოგლი გაგიჟდა,ყაზბეგი გაგიჟდა. – მდინარაძე მეორე ხელზე გადავიდა, – ილია ჭავჭავაძე მოკლეს,ჩეხოვი ჭლექით მოკვდა,ვაჟა-ფშაველა ჭლექით მოკვდა,ჰემინგუეიმ თავი მოიკლა,ესენინმა ვენები გადაიჭრა და მერე თავი ჩამოიხრჩო,სტენდალი ქუჩაში წაიქცა,მაიკაოვსკიმ თავი მოიკლა,ტიციან ტაბიძე მოკლეს… ცვეტაევამ,შიმშილით რომ არ მომკვდარიყო,თავი ბაწარში გაუყარა… მარტო კრილოვი,ერთადერთი მწერალი მსოფლიოში,მოკვდა ბლინების ჭამით…”

***

“სოფლის სასაფლაო სულ სხვაა.სოფლის სასაფლაო ბუნების ნაწილია,სოფლის სასაფლაოზე კაცი ისვენებს,სულიერადაც და ხორციელადაც.სოფლის სასაფლაოზე საქონელი დადის და ბალახს ძოვს,მერე იწველება და ის რძე ნოყიერია,როგორც სოფლის ჰაერი,ბალახი და მიწა.სოფლის სასაფლაოზე ღამით რომ მიდიხარ,არ გეშინია,იქ შენიანი ვინმე გეგულება და მფარველად გყავს.სოფლის სასაფლაოზე დღესასწაულებიც იმართება ხოლმე.ჯარიანობაა და ცეკვა-თამაში.ეს,ალბათ იმიტომ,რომ სოფელში სასაფლაოები ეკლესიების ეზოებშია ხოლმე და, ალბათ,იმიტომ,რომ სოფლის სასაფლაოები მარადჟამს ძველია,ძველია,რადგან სოფლებში იშვიათად კვდება ადამიანი,ისე იშვიათად,რომ სასაფლაოს სასაფლაოს არ ეძახიან სოფელში.სოფელში სასაფლაო არ ახსოვთ.გურიაში სასაფლაოებს შემაღლებულ ადგილზე აკეთებენ და ყველა ჭირისუფალი,როდესაც ტირილი მოუნდება,პირდაპირ თავისი სახლის აივნიდან ელაპარაკება მოთქმით საკუთარ მიცვალებულს.სოფელში სიკვდილი და სიცოცხლე და-ძმასავით არიან – სოფლისა და ბუნების ღვიძლი შვილები.სოფლის სასაფლაოზე მიცვალებულები,როგორც სიცოცხლის ჟამს სოფელში,გვარებად არიან შეყრილი და ერთად ცხოვრობენ, და სასაფლაო,როგორც სოფელი,ჯაყელების,ბერიძეების,ღლონტების,კალანდაძეების და სხვათა უბნებად არის დაყოფილი.სოფელში პროფესია მეკუბოვე და მესაფლავე არ არსებობს და ყველა ხელოსანსა და უსტას ერთნაირად შეუძლია აკვნისა და კუბოს კეთება.

ქალაქში სიკვდილი სერიოზულ საქმედ იქცა.შეიქმნა უზარმაზარი ტრესტები,სამმართველოები,განყოფილებები: კუბოების,მუსიკის,პანაშვიდის,საქელეხე ჭურჭლისა და მაგიდების,მანქანების,ავტობუსების,შავი ხავერდების,ყვავილების,მესაფლავეების,მემარმარილოების,ტუფისა და გრანიტის,ქანდაკების,წყლის და, ბოლოს,მიწის,უკანასკნელი თავშესაფრისა და საყუდარის.ქალაქის სასაფლაოზე იპარავენ ნაძვებს,ვარდებს,ყვავილებს,ქოთნებს,მარმარილოს,ბალახსაც კი.მიწას სვამენ გრანიტის ან მარმარილოს ჯავშანში.ყველაფერ ამასთან ერთად სიკვდილი ქალაქში ელექტროფიცირებული და რადიოფიცირებულია.ქალაქში ძალიან ეშინიათ სიკვდილის,რადგან ქალაქში სიკვდილი რთულია”. (ავტორი გენია.ჯი)

P.S. ზემოთ განთავსებული სურათი აღებულია ქართული საიტიდან: saba.com.ge