ბერსერკერები – (ვიკინგთა ელიტური მეომრები)
ბერსერკერები – ძველგერმანულ და ძველსკანდინავიურ საზოგადოებაში წარმოადგენდნენ ერთ-ერთ უძლიერეს,დაუნდობელ და მამაც მებრძოლებს,რომლებიც თავიანთ თავს სრულად უძღვნიდნენ ძველგერმანელთა და სკანდინავიელთა მითიური სისტემის უზენაეს ღმერთს – ოდინს. (ავტორი გენია.ჯი) თავად სიტყვა – ბერსერკი,ძველნორვეგიული წარმომავლობის მქონე სიტყვაა და “დათვის ტყავს” აღნიშნავს.ისინი გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული ძალით,სწრაფი რეაქციით,სიმამაცით,აგრესიითა და ტკივილისადმი დიდი ამტანობით,რის მიზეზადაც რიგი ისტორიკოსებისა,ბერსერკერების მიერ რიგი ფსიქოტროპული საშუალებების,მათ შორის ამანიტას სოკოსა და დიდი რაოდენობის ალკოჰოლის გამოყენებას ასახელებენ.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ვიკინგი ბერსერკერები ბრძოლებში არასოდეს იყენებდნენ რაიმე სახის ჯავშანს და ყოველთვის სხეულის დაცვის საშუალებების გარეშე იბრძოდნენ (თუმცა შემოსილნი იყვნენ დათვისა და მგლის თავიანი ქურქებით,რაც მათ საშინელ იერს,კიდევ უფრო სასტიკ სახეს აძლევდა).ადრეულ ხალხებში იყო წარმოდგენა,რომ ისინი მტრის მახვილის წინაშე ყოვლად უვნებელნი რჩებოდნენ.მეცნიერების ნაწილი – ბერსერკერების ესოდენ უზარმაზარ შესაძლებლობებს გადაჭარბებულად და ზედმეტად “გაზვიადებულად” მიიჩნევდნენ,თუმცა აღიარებენ,რომ ისინი ის შესანიშნავი მებრძოლები იყვნენ,რომლებიც მტრის წინააღმდეგ განსაკუთრებულად ველური თავგამეტებით იბრძოდნენ.ბერსერკერების შესახებ პირველ ცნობებს ძველი სკანდინავიური,კერძოდ ნორვეგიული პოეზიიდან – “ტორბიორნ ჰორნკლოვიდან” ვიღებთ.ერთ-ერთი სიმღერა,სადაც ბერსერკერები არიან მოხსენიებული 872 წლით თარიღდება.აღნიშნული სიმღერა,სწორედ იმ წელს მომხდარი ჰავსფიორდის ბრძოლაში გამარჯვებისადმი იქნა მიძღვნილი.ჰავსფიორდის ბრძოლაში გამარჯვებულმა (რაშიც უდიდესი წვლილი დაიდეს ბერსერკერებმა) ნორვეგიის მეფემ – ჰარალდ I-მა კი,სათავე დაუდო ნორვეგიის გაერთიანებას.ბერსერკერების შესახებ ცნობები მოგვაწოდა ისეთმა დიდმა რომაელმა ისტორიკოსმაც,როგორიც გახლდათ – პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსი.იგი წერდა,რომ,როდესაც ის სკანდინავიელი ახალგაზრდა წმაწვილები,რომელთაც ბერსერკერობა სურდათ,მიაღწევდნენ ზრდასრულ ასაკს,უფლება ეძლეოდათ მოეშვათ და ეტარებინათ დიდი თმა და წვერი.პირველივე მტრის მოკვლის შემდეგ კი ბერსერკერების სრულუფლებიანი წევრები ხდებოდნენ.მათი ყველაზე გამორჩეული მებრძოლები ატარებდნენ თითზე დიდ რკინის ბეჭედს,რომელსაც მხოლოდ იმ შემთხვევაში იძრობდნენ ხელიდან,როდესაც თავიანთ უმთავრეს მტერს გამოასალმებდნენ სიცოცხლეს.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ბერსერკერები ნებისმიერი ბრძოლის დაწყებისას,ყოველთვის ვიკინგი მეომრების წინა ხაზზე იდგნენ და თავიანთი ველური და აგრესიული ქმედებებით,მტერს თავზარს სცემდნენ.ფაქტიურად,ისინი ვიკინგთა საბრძოლო ნაწილების “ელიტურ ქვედანაყოფებს” წარმოადგენდნენ,რასაც მრავალი ისტორიული ფაქტიც მოწმობს.ერთ-ერთი საგის მიხედვით,დანიის მეფეს – ჰოლფა კრაკს 12 ბერსერკერი ჰყავდა აყვანილი პირად დაცვაში.მათ მრავალ წესს შორის,გააჩნდათ ერთი წესიც,რომლის თანახმადაც თუკი რომელიმე ბერსერკი მებრძოლი ორჯერ აწყენინებდა თანამებრძოლს,დამნაშავეს შეეძლო ფულით გამოესყიდა დანაშაული.იმ შემთხვევაში თუ ის მესამედაც აწყენინებდა “დაზარალებულს”,მაშინ იგი საკუთარი სისხლით აგებდა პასუხს.ბერსერკერები მრავალი ლიტერატურული ნაწარმოებისა და საგის გმირები არიან.მათმა არსებობა,ვიკინგებში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ შეწყვიტეს. 1 121 წელს ისლანდიაში გამოცემული კანონის თანახმად – ბერსერკერობა ოფიციალურად აიკრძალა (აღნიშნულ დანაშაულში ბრალდებულ პირს სამწლიანი გადასახლება ემუქრებოდა).ამავე პერიოდიდან დაიწყო,ამ ერთ დროს უძლეველმა მებრძოლებმა ეტაპობრივად გაქრობა და საბოლოოდ მხოლოდ ისტორიის ნაწილად იქცნენ კიდეც. (ავტორი გენია.ჯი)