იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს ტრაგედიიდან – „ფაუსტი”
1. „ – მეხს ეძებ, თავზე რომ დამატეხო? კიდევ კარგი, ბედკრულ მოკვდავებს ეგ ძალა არ გბოძებიათ. მტარვალის წესია, მუსრი გაავლოს ყველა უდანაშაულოს, როცა სხვა პასუხი არა აქვს”.
* * *
2. „ძრწოლა დამეცა! ოდინდელი! გადაჩვეული!
ყველა ტკივილმა, კაცებრივმა, იხმია ძალა!
აქ, ამ ნოტიო კედლის იქით ზის ბრალეული,
არადა, სრული სიგიჟეა, რაც ადევს ბრალად.
ყოყმანობ? ვეღარ ენახვები? გემწარა შხამი?
იჩქარე! სიკვდილს უახლოვებს ყოველი წამი”.
* * *
3. „აჰა, იმ ზღვარსაც მივდგომივართ, კაცთა მოდგმას რომ გონება ებინდება. რაღაზე გვეტორღიალებოდი, თუ მეტის ატანა არ შეგეძლო? ფრენას ეპირები და იმის ილაჯიც ვერ გიპოვია, თვბრუ არ დაგესხას? ვინ ვისკენ მიიბრძოდა, ჩვენ – შენსკენ თუ შენ – ჩვენსკენ?” – (მეფისტოფელი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
4. „ფილოსოფიას შევწირე წლები,
დავშვერ სამართლით და მედიცინით,
ღვთისმეტყველების საბმურშიც ვები,
და ვდგავარ ახლა, სიმწრით ვიცინი.
რა ბრიყვიც ვიყავ, დავრჩი იმადვე,
მისხალი ჭკუა ვერ შევიმატე.
მაგისტრიც მქვია, დოქტორიც მქვია
და მოწაფენი წყვდიად და წყვდიად
დამყავს ათწლობით წინა და უკმო,
ვაგლახ, უგზოზე ხეტებავ უქმო!
არ ძალუძს მოკვდავს რაიმეს ცოდნა,
გასივდა გული, სხეული მოდნა.
კი, მაინც ვჯობვარ გავსილებს ბაქით
დოქტორ-მაგისტრებს, ხუც-აქიმთ-ვაქილთ.
არ მემართება ვაი და ვიში
ჯოჯოხეთის და ეშმაკის შიშით.
სამაგიეროდ, წამერთვა შვება
და რას ვეწიე, რა მადლი მრჩება!
არაფრის მქონე, მცოდნე არარის,
იმას ვაგროვებ, რაც უხმარ არის,
და უქმი უქმად მივიბარგები,
კაცთა მოდგმისთვის არად სარგები.
რომელი ძაღლი აიტანს ამდენს,
და ბოლოს თავი მაგიას ვანდე, -
სულთა კარნახით და შემწეობით
ვინძლო იდუმალ ცოდნას ვწეოდი,
რომ სიმწრის ოფლით, ტანჯული სახით,
კვლავ აღარავის ვმოძღვრავდე ჩმახით,
ვჭვრეტდე იმ პირველ, უხილავ დვრიტას,
შიგნიდან იკვრის სამყარო რითაც,
აზრს მივყვებოდე ბოლო ხვანჯამდე
და მხოლოდ სიტყვებს არა ვხარჯავდე”.