ანა მარია მატუტე
ანა მარია მატუტე – დაიბადა 1925 წლის 26 ივლისს ესპანეთში,კერძოდ კატალონიის ისტორიული რეგიონის უდიდეს ქალაქ ბარსელონაში.იგი წარმოადგენს გამოჩენილ ესპანელ მწერალს,პროზაიკოსსა და “50-ანი წლების თაობის” თვალსაჩინო წარმომადგენელ ქალს (აღნიშნული სახელწოდებით მოიხსენიებენ ესპანეთის ლიტერატურის ისტორიაში იმ ლიტერატორ-ნოვატორებს,რომლებმაც აღიარება ესპანეთის სამოქალაქო ომის შემდეგ მიაღწიეს).ანას ოჯახი ქოლგების მწარმოებელი ფაბრიკის მფლობელი გახლდათ.იგი ფაკუნდო მატუტეს (ანას მამა) ხუთი შვილიდან მეორე იყო. (ავტორი გენია.ჯი) რვა წლის ასაკში მყოფი გოგონა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე დადგა ინფექციის შედეგად,რომლებმაც განსაკუთრებული ზიანი მიაყენა ბავშვის თირკმლებს.იმავე პერიოდში,პატარა ანა ბებიამ და ბაბუამ,გამოსაჯანმრთელებლად,ლოგრონიოს სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარე მთიანეთში,სოფელ მანსილია-დე-ლა-სიერაში წაიყვანეს,რამაც არა მარტო მის ჯანმრთელობაზე იმოქმედა დადებითად,არამედ დიდად შეუწყო ხელი ანას ლიტერატურულ მოღვაწეობასაც (მატუტეს მრავალ ნაწარმოებში გამოყენებულია ისეთივე ადგილები,როგორიც მანსილია-დე-ლა-სიერიში იყო).უკვე სახელმოხვეჭილი მწერალი ქალი ხშირად იმეორებდა კიდეც,რომ არა ის თორმეტიოდე თვე,ვინ იცის,იქნებ მწერალი სულაც არ გამოვსულიყავიო.განათლება მადრიდის კოლეჯში მიიღო.ათი წლის იყო,როდესაც ესპანეთი სამოქალაქო ომმა მოიცვა.აღნიშნულმა მოვლენამ უდიდესი წვლილი დაიდო მწერლის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში.აქვე მინდა ავღნიშნო,რომ 1920-იანი წლების ბოლოსა და 30-იანი წლების დასაწყისში დაბადებულ ესპანელ მწერალთა თაობამ,ყველაზე მძიმედ იწვნია ფრანკისტული რეჟიმი.ანა მარია მატუტე წარმოადგენდა იმ ესპანელ მწერალ ქალს,რომელმაც (რიგ სხვა ესპანელ მწერლებთან ერთად) ბოლომდე შეინარჩუნა ღირსეული სამოქალაქო პოზიცია და მოძალადე ხელისუფლებას მისთვის მიუღებელ თანამშრომლობაზე არ დათანხმდა. 17 წლის ასაკში დაწერა პირველი რომანი,სახელწოდებით – “პატარა თეატრი”,თუმცა იგი გამოქვეყნებულ იქნა დაწერიდან მხოლოდ 11 წლის შემდეგ. 1948 წელს დაწერა,თავისი ყველაზე პოპულარული რომანი – “აბელი”,რომელმაც ანას – “ნადალის” ლიტერატურული პრემია მოუტანა.აღნიშნულ რომანში ასახვა ჰპოვა ესპანეთში განვითარებულმა სამოქალაქო ომის საშინელმა მოვლენებმა.გარდა ამისა,ესპანელმა მწერალმა ქალმა,ამავე მოტივს მიუძღვნა სხვა ნაწარმოებებიც – “მკვდარი შვილები”,”დღესასწაული ჩრდილო-დასავლეთით”,”ჯარისკაცები ტირიან ღამით” და სხვა.აქვე მინდა გაცნობოთ,რომ ესპანეთის სამოქალაქო ომის მთელი საშინელება,ყველაზე მკაფიოდ სწორედ ანა მარია მატუტეს შემოქმედებაში შეიმჩნევა.1952 წლის 17 ნოემბერს,ანა მარია მატუტე დაქორწინდა ესპანელ მწერალზე – რამონ ეუხენიო დე გიოკოეჩეაზე.მალევე,მათ შეეძინათ ვაჟი – ხუან პაბლო,რომელსაც შემგომ მრავალი საბავშვო მოთხრობა მიუძღვნა. 1965 წელს ცოლ-ქმარი ერთმანეთს სკანდალურად დაშორდა.იმ პერიოდის ესპანეთში მოქმედი კანონმდებლობით,დედას ვაჟიშვილის ნახვა აეკრძალა,რამაც მეტად უარყოფითი გავლენა იქონია ანაზე.მიუხედავად იმისა,რომ ამ მოვლენამ იგი მცირეოდენი ხნით ჩამოაცილა ლიტერატურულ მოღვაწეობას,საბოლოოდ მას ხელი მაინც არ აუღია თავის უსაყვარლეს საქმიანობაზე და კიდევ უფრო აქტიურად დაკავდა რიგი ნაწარმოებების შექმნით.მალევე,იგი ერთ-ერთ ყველაზე ნაყოფიერ ესპანელ მწერალ ქალადაც იქცა. 1976 წელს,მატუტე “ნობელის პრემიაზე” იქნა წარდგენილი.მის კალამს ეკუთვნის თხუთმეტამდე რომანი (“ამ მიწაზე”,”პირველი მოგონებები”,”დავიწყებული მეფე გუდუ” და სხვა) და მოთხრობათა რამდენიმე კრებული.იგი აღიარებულია XX საუკუნის ესპანურ პროზაში დიალოგების წარმართვის დიდოსტატად.”ესპანური პროზის დიდ დიასახლისად” წოდებული მწერალი ქალი – ანა მარია მატუტე,თავისი ლიტერატურული მოღვაწეობის განმავლობაში სამშობლოში გამოცემული ყველა პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდოს მფლობელია და მიუხედავად ხანდაზმული ასაკისა,კვლავაც აქტიურად აგრძელებს ლიტერატურულ მოღვაწეობას. (ავტორი გენია.ჯი)