ამონარიდები ვიქტორ ჰიუგოს რომანიდან – „კაცი, რომელიც იცინის”

„ვინც შიმშილით კვდება, ისიც კი იცინის, მათხოვარიც იცინის, კატორღელიც, მეძავიც იცინის, ობოლიც იცინის, რომ ამით ლუკმა-პური იშოვოს, იცინის მონაც, ჯარისკაციც, იცინის მთელი ხალხი. ადამიანთა საზოგადოება იმგვარად არის მოწყობილი, რომ ყველა მისი უბედურებანი, კატასტროფები, ყველა ავადმყოფობანი და იარები, ყველა სულიერი ციებ-ცხელება აქ, ამ ხახადაფრჩენილ უფსკრულს ზემოდან სიცილის შემზარავი მანჭვით სრულდება ხოლმე”.

* * *

„სასოწარკვეთილება დიდებული გამომთვლელია; იგი ყველაფერს მოუძებნის შედეგს. მის საზომს ვერაფერი გაექცევა. ის ყველაფერს მიითვლის, სანტიმსაც კი არ დაკარგავს. ის მეხის გავარდნაშიც და ქინძისთავის ჩხვლეტაშიც ღმერთს სთხოვს ანგარიშს. მას უნდა ყველაფერი იცოდეს, თუ რა არის მოსალოდნელი ბედისწერისგან. იგი ყველაფერს იღებს, აწონ-დაწონის და გამოიანგარიშებს”. – (ავტორი გენია.ჯი)

***

„ის, რასაც ცხოვრებაში „აღზევებას” უწოდებენ, მოსვენებული ცხოვრებიდან მოუსვენორობით სავსე გზაზე გადასვლაა მხოლოდ. მაშ რომელია სწორი გზა? რაში მდგომარეობს ჩვენი უმთავრესი მოვალეობა? ჩვენთვის მახლობელ ადამიანებზე ზრუნვაში? იქნებ საჭიროა მივატოვოთ ჩვენი პირადი პატარა ოჯახი, დიდი ოჯახისთვის – კაცობრიობისთვის? ადამიანი, მწვერვალებისაკენ რომ მიდის, გრძნობს, მის სინდისს სულ უფრო მეტი ტვირთი აწვება. რაც უფრო მაღლა იწევს ადამიანი, მით უფრო მატულობს მისი მოვალეობა გარემოს მიმართ. უფლებების გაფართოებას თან სდევს მოვალეობის გაზრდაც. აქ მაცდუნებელი ილუზია იჩენს თავს, თითქოს ჩვენს წინაშე ერთდროულად გადაიშალა რამდენიმე გზა და თითოეულ ამ გზაზე გვითითებს სინდისი. რომელ გზას დავადგეთ? გვერდზე გადავუხვიოთ? რა ვქნათ? რამდენადმე უცნაურია, მაგრამ მოვალეობასაც თავისი გზაჯვარედინი აქვს, ხოლო პასუხისმგებლობა ხანდახან შეიძლება ლაბირინთიც იყოს”.

***

„ადამიანი, რომელიც ბევრს ფიქრობს, ხშირად უმოქმედო ხდება”.

***

„მოაშორეთ ციდან ვარსკვლავები და რაღა დარჩება?”

***

„ქორწინება სიყვარულის გარეშე, ოჯახი ძმური მეგობრობის გარეშე, სიმდიდრე სინდისის გარეშე, ყოვლადშემძლეობა გონიერების გარეშე, წესრიგი წონასწორობის გარეშე… ულმობელი შედეგია”.

***

„საზოგადოება დედინაცვალია, ბუნება  - დედაა. საზოგადოება არის ის ქვეყანა, სადაც ჩვენი სხეული ცხოვრობს; ხოლო ბუნება ჩვენი სულის ქვეყანააო, პირველს ადამიანი კუბომდე, ცაცხვის ყუთამდე მიჰყავს, საფლავამდე, მატლებამდე და ამით თავდება. მეორე კი ადამიანს თავისუფალ აღმაფრენაში აიტაცებს, განთიადის სხივებში გარდაქმნას უქადის და უსაზღვრობაში განაზავებს იქ, სადაც ვარსკვლავები ბრწყინავენ და სიცოცხლე დაუშრეტელია”.

***

„რა სამწუხარო იქნება ისე მოვკვდე, რომ არა მჯეროდეს, კვლავ ვინმე მომიგონებს-მეთქი”.

***

„ზოგიერთ შემთხვევაში ძაღლი თავის პატრონს უკან მისდევს. ზოგი ძაღლი კიდევ წინ მიუძღვის და მაშინ ადამიანის გონებას პირუტყვის ალღო ხელმძღვანელობს. ნადირის სუსტი ალღო შეუმცდარად ერკვევა იქ, სადაც ჩვენ წყვდიადში ვიბნევით. პირუტყვს ბუნდოვანი მოთხოვნილება უჩნდება გახდეს ჩვენი მეგზური. იქნებ მან იცის, რომ ჩვენ ხიფათი მოგველის მცდარი ნაბიჯის გადადგმით და საჭიროა დაგვეხმაროს, თავიდან ავიცილოთ ეს საშიშროება. თუმცა იქნებ არ იცის, მაგრამ იქნებ იცის კიდევაც. ყოველ შემთხვევაში, ვიღაცამ იცის ეს მის მაგიერ. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ მოხდება ხოლმე,როდესაც გადამწყვეტ წუთებში დახმარებას გვიწევს დაბალი არსება, სინამდვილეში ეს დახმარება ჩვენ მაღლიდან გვევლინება. ჩვენ არ ვიცით, როგორ მოგვევლინება ღვთაება. განგების ნების გამომხატველად ხანდახან ნადირი ან პირუტყვი გვევლინება”. – (ავტორი გენია.ჯი)