ტერენტი გრანელი – “სიკვდილის შემდეგ”
მოვკვდები ღამით,გათენებისას,როდესაც გარეთ იქნება ზამთრის გაცივებული მთვარე და ყინვა.სიკვდილის წინ მომაგონდება თბილისის ღამეები და ჩემი უნაზესი და: ეს ორი შეერთებული კოცონი,რომელიც მწვავდა მე ყოველთვის.
ასე გათავდება სინათლე,გაჰქრებიან მოგონების წამები.
გადავეცემი სიკვდილის მდუმარე ხელებს.
ჩემი წამებული სხეული შეუერთდება მსოფლიო ელემენტებს.
და მე ვიგრძნობ უმაღლეს მოსვენებას.
ჩემი კუბო იქნება სადა
და პროცესია უცრემლო.
მე დამასაფლავებენ შუადღის ორ საათზე თბილისის ახლო.
ჩემი დაკრძალვის დღეს აიშლებიან ფერადი ღრუბლები და ამოვარდება შორეული გრიგალი.
ბალდახიანი,რომელიც წაიღებს ჩემს ცხედარს,იქნება თეთრი და მოძველებული.პანაშვიდს გადამიხდის ვინმე უბრალო მღვდელი,რომელსაც არ ექნება წაკითხული ჩემი სისხლიანი წიგნი “Memento mori!” არ შევეცოდები მღვდელს,რომელსაც არ ეცოდინება ჩემი დაფერფლილი სულის ისტორია.მხოლოდ ცხედართან მდგომ პოეტებს მოაგონდებათ ჩემს დანისლულ ლექსებიდან: სტრიქონები.
მოვა უიმედობა.
პანაშვიდი გათავდება ქარში.
ჩემს ცხედარს ნელა ჩაუშვებენ სამარეში.
და პირველ მიწას სახეზე მომაყრის ვინმე უხეში მესაფლავე.
კუბოს ფიცარზე შეწყდება უკანასკნელი გუგუნი მიწის და ქვების.
პროცესია დაიშლება.
მე და სიჩუმე დავრჩებით მარტო.
გზაში ისაუბრებენ ჩემზე
დაღამდება…
მე შემეშინდება მარტო სასაფლაოზე,ღამით.
დავტოვებ კუბოს და ტანშიშველი გამოვიქცევი სამარიდან.
და გიჟივით ვიკივლებ,რომ მომეშველონ,რომ დამიფარონ.
არავინ იქნება ჩემი მხსნელი,ისევ დავეცემი,თავს ვიგრძნობ სამარეში და კვლავ მივეცემი ძილს დაუსრულებელს.
ნათელივით თავზე დამადგება ჩემი განუყრელი და – სიჩუმე.
თეთრად დასუდრული იქნება მთელი ქვეყანა.
ის სოფელი,სადაც მე დავიბადე,დაემსგავსება უდაბნოს.
გაივლის ზამთარი,წვიმით და ქარებით.
დადგებიან გაზაფხულის დღეები.
შეიფოთლება სასაფლაო.
კვირა დილით,როდესაც ყველა მლოცველისათვის გაიღება ეკლესიის კარები,ჩემს საფლავთან დაფიქრებული მოვა ვინმე ქალი,მოიგონებს ჩემს დამწვარ სახეს,მოიგონებს ჩემს წამებას და შევეცოდები.
ასე გაივლიან საუკუნეები.
ჩემს საფლავს დაადგება მზე შორეულ რიცხვის.
ჩემს მიერ უხილავ საღამოს ბინდი დაფარავს მივიწყებულ ლოდებს და ჩემი საფლავიც შეიმოსება სიბნელით.
წამოვა წვიმა,ქარიშხალი და მოწყენილ საფლავზე დამაყრის ყვითელ ფოთლებს.
ასე დროთა შავი წვეთებით დახავსდება ჩემი სამარე,ზედ წამოიზრდება ბალახი.
ზაფხულში,საღამო დროს,ჩემს საფლავს ჩაუვლიან თეთრად გამოწყობილი ქალები,შორს, სარკესთან უცნობი თითები დაუკრავენ როიალს.
დილაადრიან უიმედოდ იკივლებენ ორთქლმავლები.მოვა კვირადღე და ჩემს ახლოს დარეკავენ ზარებს,აანთებენ სანთლებს.
დაიღლებიან ხელაპყრობილი მლოცველები.
წირვა გათავდება.
საყდარს დაკეტავენ,ხატები დამწყვდეულ ტუსაღებივით დარჩებიან შიგ. და სასაფლაოს ჩხავილით გადაუფრენს ყვავი.
გაქრება თვალები,რომელზედაც ესვენა თბილისის ღამეები მძიმე ლოდებივით.
და ჩემი სამარის სამუდამო დარაჯი იქნება ჩემი უნაზესი და – სიჩუმე… (ავტორი გენია.ჯი)