ბარონი მიუნჰაუზენის შესახებ…
დიდი გერმანელი მწერლის - რუდოლფ ერიხ რასპეს (1736-1794 წლები) მიერ დაწერილი საყოველთაოდ ცნობილი ლიტერატურული გმირი – „ბარონი მიუნხჰაუზენი”, სინამდვილეში რეალური პიროვნება გახლდათ და მისი ნამდვილი სახელი და გვარი იყო – კარლ ფრიდრიხ იერონიმ ბარონ ფონ მიუნჰაუზენი.ბარონი მიუნჰაუზენი დღემდე ასოცირდება ერთობ დაუჯერებელი და სახალისო ისტორიების გადმოცემასთან. იგი წარმომავლობით დაბლა საქსონიაში მაცხოვრებელი ძველი მიუნჰაუზენების გვარის წარმომადგენელს წარმოადგენდა და არა მარტო ლიტერატურულ, არამედ ისტორიულ პიროვნებადაც წარმოგვიჩინა თავი. მიუნჰაუზენების გვარის ფუძემდებლად მიჩნეულია – რაინდი ჰეინო, რომელმაც მონაწილეობა მიიღო XII საუკუნეში განხორციელებულ “ჯვაროსნულ ლაშქრობაში”. ჰეინოს შთამომავალი მამაკაცები ბრძოლებში დაიღუპნენ და მხოლოდ ერთადერთმა შთამომავალმა გადაურჩა სიკვდილს და ისიც იმიტომ, რომ სასულიერო პირი იყო. სწორედ მისგან წარმოსდგა კიდეც ახალი გვარი მიუნჰაუზენებისა, რომელიც სიტყვა-სიტყვით აღნიშნავდა – “ბერის სახლს”. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა, ეს გახლდათ მიზეზი იმისაც, რომ მიუნჰაუზენების საგვარეულო გერბზე ასახული იყო ბერი კვერთხითა და წიგნით ხელში. თავად კარლ ფრიდრიხ იერონიმ ბარონ ფონ მიუნჰაუზენი დაიბადა 1720 წლის 11 მაისს ბოდენვერდერში, გერმანელი პოლკოვნიკის – ოტო ფონ მიუნჰაუზენის მრავალშვილიან ოჯახში (ჰყავდა 7 და-ძმა). ოთხი წლის ასაკში გარდაეცვალა მამა და შვილების აღზრდის უმძიმესი ტვირთი საკუთარ თავზე დედამ აიღო. 1735 წელს 15 წლის ასაკში (სხვა ვერსიით 13 წლის ასაკში) პაჟად სამსახური დაიწყო ბრაუნშვეიგ-ვონფელბიუტენ-ბევერნის ჰერცოგთან – ფერდიანნდ ალბრეხტ II ბრაუნშვეიგ-ვონფელბიუტენთან. 1737 წელს მიემგზავრება რუსეთში, სადაც სამსახური დაიწყო პაჟად ანტონ ულრიხთან. 1738 წელს,ჰერცოგთან ერთად მონაწილეობა მიიღო თურქულ კომპანიაში, რა დროსაც კორნეტის სამხედრო ჩინი მიენიჭა. მოგვიანებით ლეინტენანტის ჩინით იქნა დაწინაურებული. 1741 წელს, მაშინ როდესაც პეტრე I-ის ქალიშვილმა ელისაბედმა ჩაიგდო ხელში ძალაუფლება, ჰერცოგი და მისი თანამოაზრეები ციხეში იქნენ გამოკეტილი. 1750 წელს,მიუნხჰაუზენმა როტმისტრის ჩინი მიიღო. გარკვეული პერიოდის მანძილზე მოღვაწეობდა რიგაში, სადაც ხელმძღვანელობდა საპატიო ყარაულს. 1744 წელს კარლი დაქორწინდა რიგელ ქალბატონზე – იაკობინა ფონ დუნტენზე. მას შემდეგ, რაც როტმისტრის ჩინი მიიღო, ერთწლიანი შვებლება აიღო და სამშობლოში დაბრუნდა (მიუნჰაუზენი რუსეთში აღარ დაბრუნებულა), რამაც მისი სამხედრო ჩინი შეიწირა კიდეც. 1752 წლიდან ბოდენვერდერში ცხოვრობდა და რუსეთში ცხოვრებისას გამოვლილ ისეთ გამაოგნებელ ისტორიებს უყვებოდა მეზობლებს, რომ მალევე გაითქვა სახელი. მისმა საოცარმა და ზღაპრულმა მონათხორბებმა ხალხში იმთავითვე უდიდესი ინტერესი და პოპულარობა მოიპოვა. სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა, რომ 1781 წელს ბერლინში გამოიცა წიგნი – “გზამკვლევი ხალისიანი ადამიანებისათვის”, სადაც შეტანილ იქნა მიუნჰაუზენის 18 მონათხრობი ამბავი. კარლმა, წიგნში იმთავითვე ამოიცნო საკუთარი თავი და მიხვდა, რომ არა სხვა ავტორებს, არამედ თავადაც ძალუძდა მის მიერ მოთხრობილ დაუჯერებელ ამბებზე წიგნის დაწერა. თუმცა ეს რიგი მიზეზების გამო ვერ შეძლო. 1786 წელს, გერმანელმა ისტორიკოსმა და მწერალმა რუდოლფ ერიხ რასპემ, ინგლისურ ენაზე დაწერა წიგნი, რომელმაც საბოლოოდ უკვდავყო ბარონ მიუნხჰაუზენის სახელი ლიტერატურულ სამყაროში.
სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდში მიუნჰაუზენს რიგი ოჯახური პრობლემები დაუდგა წინ. 1790 წელს გარდაეცვალა მეუღლე, თუმცა სულ რაღაც ოთხ წელიწადში, უკვე ხანდაზმულმა კარლმა ცოლად შეირთო ერთობ მსუბუქი ყოფაქცევით გამორჩეული 17 წლის გოგონა – ბერნანდინა ფონ ბრუნი. ქორწინებაში მათ შეეძინათ ქალიშვილი, რომელიც 75 წლის მიუნჰაუზენმა საკუთარ შვილად არ აღიარა. ხანგრძლივი და სკანდალური სამსამართლო პროცესების შემდეგ მიუნჰაუზენის მეუღლე საზღვარგარეთ გაიქცა. აღნიშნულმა მოვლენებმა მის ჯანმრთელობაზე ძალიან ცუდი გავლენა იქონია. იგი 1797 წლის 22 თებერვალს სრულ სიღარიბეში აღესრულა.
ბარონი მიუნჰაუზენის ერთადერთი ნამდვილი პორტრეტი, რომელიც დახატულ იქნა 1752 წელს ბრუკნერის მიერ, განადგურებულ იქნა მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, თუმცა საბედნიეროდ შემორჩენილ იქნა ორიგინალი სურათების ფოტოები. (ავტორი გენია.ჯი)
„ბარონი მიუნჰაუზენის” უკვდამყოფი მწერალი – რუდოლფ ერიხ რასპე
„ბარონი მიუნჰაუზენი”