გიორგი ლეონიძის ნაწარმოებიდან – “ნატვრის ხე”

1. “ბავშვი ისე არ გაეტირება თავის დედას,როგორც ჩორეხი მისტიროდა საქართველოს წარსულს.

გაშლიდა რუკას,შემოგვისხამდა გარს,დაადებდა თითს რუკაზე:

- მესხეთი, – შეეალერსებოდა,თან ღიმილით იტყოდა, – ჩემი გვარიც იქიდან არი! იქიდან ვართ წამოსულები!

 - სამცხე,აჭარა,შავშეთი,ტაო,კლარჯეთი,ერუშეთი,სრულიად ჭანეთი, – აი საქართველოს ნატამალი! კურთხეული მხარე! არ დაივიწყოთ საქართველოს მოჭრილი ძუძუ! ჩვენი აკვანი! ქართული სალამით ამოდის იქ მზე.იქ გამოიგონეს ქართველებმა პირველი ფოლადი; იქ დაარტყა პირველად თუბალაურმა!

“აწ მტვრად აღგვილან იგი ძალი და იგი ღონე!”

თითებს შემოატარებდა ჩვენს დაგლეჯილ მიწა-წყალს და მთრთოლვარე იტყოდა:

- იქ ჩვენი ქედ-წაგრეხილი მოძმენი ცხოვრობენ,ქართველები.გადაწვეს ჩვენი ტაძრები,ციხე-კოშკები სულ ნაღმებით ააფეთქეს,ბევრი იმაგრა მესხეთმა,ომში გადადნა,მაგრამ ძალამ აღმართი მოხსნა,ბევრი სისხლი გვაქვს გამოშვებული!

- მეცოდება ჩემი სამშობლო – საქართველო ნაქარალი,ნაქორალი,გაგლეჯილი,გამოგლეჯილი, – დაჭრილი არწივი,ვეფხვი უსულოდ დანარცხებული!

მოთქვამდა და მოთქვამდა:

- ეჰ,როდის აიკუწება წიბონი გველეშაპისა? ვაი,მამულო,ნაჭირნახულევო,სისხლით შეღებილო,აკლებულო,დამწვარო,ტყვექმნილო,იავარქმნილო,ვაი,ძნელბედო,ვაი,მამულო,გამესამედებულო!

ჩორეხი თვალნათლივ ხედავდა საქართველოს ჭრილობებს,თითქოს ხელს ურევს ამ წყლულებში და იქიდან იღებს გამოულეველ ძალას ბრძოლისას,სიყვარულისასო!

ეს იყო მისი გულის ნაღარი.

უცბად დაეცემოდა გულის სიღამე:

- იმარხება საქართველო,იმარხება ქრისტეს კუნძული!

- ღმერთო,შენი მაქვს იმედი! ფეხზე ააყენე ჩვენი მამული,ჩვენი შემფერხებელი ისტორია,მოგვეც განახლების ძალათა ღონიერება! ღმერთო,შენ დაამხე ჩვენი მტერი ქართველთყლაპია!

- აღსდეგ საქართველოვ! – თან ფეხს ღონივრად დაარტყამდა მიწას.

- აღზსდეგინ,ღმერთო, და განიბნინენ ყოველნი მტერნი მისნი და ივლტვოდეს მოძულენი მისნი პირისაგან მისისა!

- ესე არს დღე იგი,რომელ ქმნა უფალმან! ვიხარებდეთ და ვიშვებდეთ ამას შინა! – თითქოს წინასწარ ზეომობდა ჩორეხის სული. – მალე გავიგონებთ მომავლის ხმას,მალე!

- შავ ზღვაში ჩავარდა მზე საქართველოსი! რაღა ამოიყვანს?

- რამ შეგადარდა,ჩორეხო?

- რათ დაჩუმებულა საქართველოს წიაღი,რათ? მესსია რათ იგვიანებს? – გმინავს ჩორეხი.

- პატარა ერი ვართ! ეჰ,რაც მკლავზე სისხლი დაგვდენია! სულ სისხლმა იავდრა ჩვენს მიწაზე! აი,ეს მარწყვიც კი ჩვენი წინაპრების სისხლის წვეთია,- იტყოდა ჩორეხი,როცა მარწყვს მოსწყვეტდა.

- ქაღალდზე მეოცნებეთა დრო წავიდა! საქმეა საჭირო,საქმე! – და თვალებში რომ სევდას შეგვატყობდა,გაგვამხნევებდა: – ისევ დაისხამს ჩვენი ვენახი.ისევ დაგვებადება რუსთაველი,აღმაშენებელი,თამარი! ნუ გეშინიათ!

იმედის დაოქროებაც კარგია! რა ვქნა,რა ვუყო ამ სიყვარულს,სათქმელად რომ დუღდება გულში!

- ქუდზე კაცი! ქუდზე კაცი გამოვიდეს და დავიხსნათ მამული! – შესძახებდა უცბად აღგზნებული ჩორეხი და თვალები ცეცხლით ევსებოდა.

- ქუდზე კაცი! – ყვიროდა ჩორეხი და ცოლი ორივე ხელს პირზე აფარებდა:

- დაჩუმდი,კაცო,არ გაგიგონ,არ დაგვღუპო!

- ო,ყური მომიგდეთ,რა არის თქვენი სამშობლო და კარგად დაიხსომეთ! – გვეტყოდა ბავშვებს და თვითვე მიუგებდა: “გარნა არს ქვეყანა მშვენიერი და ნაყოფიერი ყოვლითა ღვთისა მიერ”!

- “ნაყოფიერი ყოვლითვე,ვენახ-ხილითა,თესლ-მარცვლითა,ფრინველნი მრავალნი,გარეულნი და შინაურნი,ზამთარ თბილი და მშვენი,ზაფხულ შეზავებული.წყარონი ცივნი,ჭალა-ტყენი,ბალახნი და ყვავილნი მრავალნი”-ო,აი,ჩვენი სამშობლო!” (ავტორი გენია.ჯი)

***

” – თუ გუნებას დილიდანვე სხივი არ შეჰყვა,წააგებ… იმ ერთ სხივზე უნდა ააგო მთელი დღის სიცოცხლე! თვალსა და გულში ოქროს დიელო შეიყენე და გაიხარე! იმ სხივს ენდე.ის სხივი წაიყვანს მთელი დღის შენს საქმიანობას!”

***

” – ღმერთო მაღალო,ვინ გააჩინა ამდენი სილამაზე! მაგრამ ვინ იცლის მის საყურებლად?”

***

” – სიცოცხლე ძაფზე უგია ქვეყნიერებას!”

***

“სიცოცხლე უკვდავია,დაუმარცხებელი!’

***

” – რათ მინდა შვილი,განა ცოტა მყავს მოსავლელი,მთელი სოფელი კისერზე მაწევს!”

***

“შენ შენი ეცადე,გამარჯვება კიდე ღმერთზეა! ერთი არ დაივიწყო: ომში სიმღერით უნდა შეხვიდე! ნატყვიარი არ ინაღვლო!’

***

” – სახელი არ დააგდოთ მიწაზე! – გვეტყოდა ზრუნვით ახალგაზრდებს. – სირცხვილი დიდი ქვა არის! სახელი არ გაასრესინოთ ამ ქვას!”

***

” – არა,განთვისება ნუ გვინდა! გეთაყვა,ნუ იტყვი,მე იმერელი ვარო,მე კახელი ვარო,მე მეგრელი ვარო! ერთი ძუძუს შვილები ვართ! ერთმაგე უნდა იყოს ერი,რათ ვარგა გათვისებული,განცალკავებული!” (ავტორი გენია.ჯი)

***

” – ვინც მორჩილია და გამგონი,ვინც უფროსის შეუკითხავად არას იქმს,ვისაც სახლისა,სოფლისა და მამულის უფროსი სწამს,იმის ვენახი ტურფად დაისხამს! უწამლოდაც საწნახელს აავსებს და ვისაც უფროსობა არ ესმის,იმას არც ვაზი უგდებს ყურს,არც თავთავი!”

***

” ვენაცვალე საქრთველოს! რა მომცემი მიწაა! რძეც სდის და თაფლიც! ჩვენი ბუნება ერთი ხელით ოქროსა ჰყრის,მეორეთი – ვერცხლს! ღალიანი მიწაა,მაგრამ თვითონ ჩვენ,ქართველობა,რათა ვართ გადამწირულნი?” (ავტორი გენია.ჯი)

P.S. ზემოთ განთავსებული სურათი აღებულია საიტიდან: lit.ge