პაულ თომას მანის რომანიდან – “ჯადოსნური მთა”

“საბრალო კაცობრიობა! უაზრო ციფრებს თავმომწონედ აჩრიან,ამით საკუთარი არარაობის გრძნობას უღვიძებენ და საკუთარი სიდიადის შეგნებას კი უხშობენ! ის კიდევ შესაწყნარებელია,თუკი ადამიანის გონება და შემეცნება დედამიწაზე დაეტევა და თავის სუბიექტურ-ობიექტურ აღქმასა და განცდას რეალურად მხოლოდ ამ სფეროში მიიჩნევს,მაგრამ იგი ამ სფეროში რომ ვერ დაეტევა,მარადიულ საიდუმლოს წაეპოტინება და ეგრეთ წოდებულ კოსმოლოგიასა და კოსმოგონიას მოჰყვება,ეს უკვე ხუმრობად აღარ ჩაითვლება და მისი კადნიერებაც უმსგავსობის უმაღლეს მწვერვალს მიაღწევს.მაინც რა მკრეხელური სისულელეა,დედამიწიდან რომელიმე ვარსკვლავის “დაშორება” ტრილიონი კილომეტრებით ან სინათლის წლებით ზომო და გეგონოს,თითქოს ციფრების ასეთი აბრაკადაბრით შეიძლებოდეს ადამიანის გონი ჩაახედო უსასრულობისა და მარადისობის არსში,მაშინ როცა უსასრულობას არაფერი აქვს საერთო სიდიდესთან და მარადისობაც საერთოდ ვერ უთავსდება ხანგრძლივობებისა და დროისმიერი მანძილების ცნებებს,პირიქით,ისინი ძალიან შორს დგანან საბუნებისმეტყველო ცნებებისაგან და სწორედ რომ აბათილებენ იმას,რასაც ჩვენ ბუნებას ვუწოდებთ! სიმართლე თუ გნებავთ,ბავშვის გულუბრყვილობა,რომელსაც სჯერა ვარსკვლავები ცის კაბადონზე გაკეთებული ნახვრეტებია,საიდანაც მარადიული ნათელი მოჩანსო,ათასჯერ უფრო სანუკვარია,ვიდრე მთელი ეს ფუჭი,უგუნური და თავდაჯერებული ლაყბობა,მონისტურ მეცნიერებას “სამყაროს” ირგვლივ რომ გაუჩაღებია. (ავტორი გენია.ჯი)

***

“განა თავისთავად არსებული გრძნობადი სამყაროს ცნება შინაგანი წინააღმდეგობებით აღსავსე ყოველგვარ ცნებაზე სასაცილო არ არის? მაგრამ თანამედროვე დოგმატური ბუნებისმეტყველება იმ ერთადერთი მეტაფიზიკური წინამძღვრით სულდგმულობს,თითქოს ჩვენი შემეცნების ფორმები: სივრცე,დრო და მიზეზობრიობა,სადაც ხილული სამყაროს მოვლენები თამაშდება,რეალური მიმართებები იყოს და ჩვენი შემეცნებისგან დამოუკიდებლად არსებობდეს.გონისათვის ამ მონისტურ მტკიცებაზე უფრო დიდი უტიფრობა არასოდეს შეუთავაზებიათ.სივრცეს,დროსა და მიზეზობრიობას მონისტურად განვითარება ჰქვია. და აი,ინებეთ,თავისუფალ მოაზროვნულ-ათესიტური ცრუ რელიგიის მთავარი დოგმა,რომლითაც ისე ცდილობენ გააბათილონ მოსეს პირველი წიგნი,მათი აზრით,ეს ვითომც გამოთაყვანებული იგავ-არაკი და მას განმანათლებლური ცოდნა ისე დაუპირისპირონ,ვითომ ჰეკელი (გამოჩენილი ინგლისელი მეცნიერი – ერნსტ ჰეკელი – ავტორი გენია.ჯი) პირადად  დასწრებოდეს დედამიწის შექმნასო.ემპირიზმი! ვითომ სამყაროს ეთერი ზედმიწევნით გვაქვს შესწავლილი? ანდა,ატომის ამ “პაწაწინა”,განუყოფელი ნაწილაკის,ამ მათემატიკური ხუმრობის არსებობა – კი გვაქვს დამტკიცებული? სივრცისა და დროის უსასრულობის თეორია ვითომ ცდებზეა დაფუძნებული? ისე,ცოტაოდენ ლოგიკას თუ მოვიშველიებთ,დროისა და სივრცის უსასრულობასა და რეალურობის დოგმის წყალობით გამამხიარულებელ აღმოჩენებამდე და შედეგებამდე მივალთ: სახელდობრ,შედეგად არარაობას მივიღებთ.სახელდობრ,იმ დასკვნამდე მივალთ,რომ რეალიზმი წმინდა წყლის ნიჰილიზმია და მეტი არაფერი.რატომ? სულ უბრალო მიზეზით,იმიტომ,რომ ნებისმიერი სიდიდის მიმართება უსასრულობასთან ნულის ტოლია.უსასრულობაში არ არსებობს არავითარი სიდიდე და არც მარადისობაში არსებობს ხანგრძლივობა და ცვლილება,სივრცულ უსასრულობაში,რაკი ყოველი დისტანცია იქ მათემატიკურად ნულის ტოლია,არ შეიძლება არსებობდეს ერთმანეთის გვერდით მდებარე ორი წერტილიც კი,რომ აღარაფერი ვთქვათ სხეულებსა და მით უმეტეს,მოძრაობაზე”. (ავტორი გენია.ჯი)