მარინა ყიფიანი-მაისურაძე – “მიწავ,მშობლიურო!..”
გული მაშინ მოკვდა,როცა შემომჩივლეს -
ჩვენი საქართველო დაპატარავდაო,
სისხლით მოგვირწყეს და ცრემლით გაგვიჟღინთეს,
დედების ქვითინისგან ცა გაშავდაო.
ზეცა დაგვიბნელეს,მდელო გაგვითელეს,
მამას შვილის ნახვა აღარ დასცალდაო,
გული მაშინ მოკვდა,როცა შემომტირეს -
სისხლის ნიაღვრები კვალად ჩამდგარაო.
ესაც არ გვაკმარეს,მთა და მინდორ-ველი
მტერმა დაუნდობლად ცეცხლით გადაწვაო.
მიწები დაგვტაცეს და ასე უკანონოდ
ქართველი ქართულ მიწის სტუმრად გახადაო.
მიწავ,მშობლიურო,მიწავ,მადლიანო,
უფლის ბოძებულო კუთხევ,დარიანო,
მინდა,გისურვო,რომ გზანი მომავლისა
უმტროდ,ამაყად და მტკიცედ გაიარო.
როცა გშორდებოდი,გული დაგიტოვე,
მაგრამ ერთი მუჭა მიწა გავიყოლე,
“დაპატარავდაო”,ალბათ ჩვენც შეგცოდეთ,
შენი სურნელება ჯიბით გავიყოლეთ.
არსად დამიკარგავს,არსად დამიფანტავს,
ჰანგო სიმებისავ,ნუღარ დადუმდები,
მიწავ,მშობლიურო,შენი გულის ნაწილს
უკან დაგიბრუნებ,როცა დავბრუნდები.