ჭაბუა ამირეჯიბის გენიალური რომანიდან – “დათა თუთაშხია”

“გიჟებთან ლაპარაკი მიყვარს მე.ხანდახან ისეთს იტყვიან,იცოდე შენ,ბრძენისაგან ძვირად გაიგონებ მისთანას”.

***

“კაციჭამიების გამოზრდა ორი ხერხით შეიძლება: შიმშილით და სიმაძღრით.საბოლოო ჯამში ორივე ერთნაირ კაციჭამიას იძლევა”. (ავტორი გენია.ჯი)

***

“თავისი მიზნების განხორციელების დროს ამა თუ იმ ილეთის ჩატარების შესაძლებლობას მოკლებული ადამიანი წააგავს ხეიბარს,რომელიც,ვთქვათ,ცალხელაა და თავის ყველა წარუმატებლობას მხოლოდ ამით ხსნის; ცალხელა არ ვიყო,კურდღელს დავეწეოდი და გადავასწრებდიო! ეს ამა თუ იმ უნარს მოკლებული კაცის ფილოსოფიაა”.

***

“ყველა კაცი ისე ცხოვრობს და ისე იქცევა,როგორც თვითონ მოსწონს, და სხვა კაცი მის საქმეში არ უნდა ჩაერიოს,არ უნდა შეუშალოს ხელი.შენ გატანჯული გგონია და მას უხარია და მოსწონს,თურმე თავისი დღე და ხვედრი.ჩემი ბრალია ყველაფერი.იქ რომ მითხარი,უნდა ალბათ,მაგ ხალხს ყმობა და მონობაო, – მასე ყოფილა მართლაც.აგერ შენ,აგერ მე და იქ,მაღლა ღმერთი – ფიცი დამიდვია,აღარ ჩავერევი აღარავის საქმეში,სანამდე არ დავრწმუნდები,ჩარევა ჯობს თუ ჩაურევლობა.მგონია,არც ერთი კაცი არაა ქვეყანაზე მისთანა,სხვისი ჩარევის და დახმარების ღირსი რომ იყოს”.

***

“ხალხზე ზრუნვას რომ იკისრებს კაცი,არც ძილი უნდა იცოდეს და არც მოსვენება”.

***

“ქვაზე მაგარია კაცი,თუ არ იცის საიდუმლო”. (ავტორი გენია.ჯი)

***

“კაცობრიობის ისტორია შედგება იმისგან,რომ კონკრეტული პიროვნებები თუ ადამიანთა მეტ-ნაკლებად მრავალრიცხოვანი ჯგუფები უმტკიცებენ დანარჩენ კაცობრიობას, – ჩვენს მიერ მოთავაზებული ცხოვრებისა და რწმენის სახე ემჯობინება იმ ცხოვრებასა და რწმენას,რომელიც თქვენ ამჟამად გაგაჩნიათო.

ერთი მხრივ,მატერიალური პროგრესის მარადისი წყურვილის,მეორე მხრივ,დაუოკებელი ცნობისმოყვარეობის და ახლის ძიების ციებ-ცხელების და კიდევ მრავალი ფაქტორის არსებობის გამო ადამიანთა მასები ახალ პრინციპებს ეზიარებოდნენ და იწყებდნენ ახალ ცხოვრებას ახალი რწმენით.

ასეთი გარდატეხის შედეგად ადამიანები,ვთქვათ,კავით აღარ იჩიჩქნებოდნენ მიწაში და რკინის გუთვნით ხვნას იწყებდნენ,ტყავებით აღარ იფარავდნენ სარცხვინელს და სელის თუ მაუდის სამოსლის ხმარებაზე გადადიოდნენ,კერპებს აღარ ეთაყვანებოდნენ და ლამაზად დახატულ ხატებზე ლოცულობდნენ,მაგრამ მსოფლიო,საკაცობრიო სევდასა და უბედურებას,განსაცდელსა და ვარამს დაუკმაყოფილებლობისა და გაუმაძღრობის იგივე ნიშანი ახლდა,როგორც კავის,ბარის,ქვის იარაღისა თუ კბილ-ბრჭყალის ხანაში.იცვლებოდა ყველაფერი,გარდა სულიერი წყურვილისა,ანუ თვითონ ადამიანისა’.

***

” – თიყვა,ძმაო,კისერი მომჭერი,თუ გინდა, და ხეს ადამიანივით და კიდევ უკეთესად გაეგება ყველაფერი.ადამიანზე ლამაზად და უკეთესად სიკვდილიც შეუძლია და სიცოცხლე ხომ იცის და იცის უკეთესი”.

***

“…როდესაც დამნაშავე პასუხისგებას თავს არიდებს,თვით ეს პროცესი სხვა,ახალ დანაშაულებებს ქმნის.მართლმსაჯულების წინაშე მით უფრო გადაჭრით დგება ბოროტმოქმედის შეპყრობის საჭიროება,რაც უფრო იზრდება მის მიერ ჩადენილ დანაშაულებათა რიცხვი”.

***

“თურმე თავხედებად იმდენნი არ იბადებიან,რამდენნიც მერე ხდებიან.თვითონ კი არ ხდებიან,ჩვენ ვაქცევთ თავხედებად: ქალი იქნება თუ კაცი, – შაფათავას ცოლისთანა ტუტუცი, – ერთხელ ინსტიქტურად რომ ჩაიდენს თავხედობას და ამას მორიდებული,ხათრიანი კაცის მიმართ იზამს,ეს კაცი,თავისი ზნეობრივი მონაცემებიდან გამომდინარე,თავხედობას შეარჩენს.მეორედ სხვა სიტუაციაშიც შეიძლება ასე გამოუვიდეს.მესამედაც.ტუტუცი კია,მაგრამ მიხვდება, – თავხედობა ცხოვრებას აადვილებსო, და სიკვდილამდე თავხედი იქნება.ბავშვს ჰკითხეს,რა გატირებსო? გამდის და ვტირიო!’

P.S. ზემოთ განთავსებული სურათი აღებულია საიტიდან – vangogen.blogspoT.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>