„რუხი კარდინალი”

„რუხი კარდინალი” – წარმოადგენს იმ გავლენიან პიროვნებას (განსაკუთრებით – პოლიტიკაში), რომელსაც არ გააჩნია რაიმე ოფიციალური და ფორმალური სახელმწიფო თანადებობა და მიუხედავად ამისა, ჩრდილიდან (გარე თვალისაგან) შეუმჩნევლად მართავს ამა თუ იმ მოვლენასა და პროცესს. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ამიტომ მოიხსენებენ ასეთ ადამიანს – „ჩრდილოვანი მთავრობის” მმართველად, რაც თავის მხრივ – „კრიპტოკრატიული” მმართველობის ფორმად არის მიჩნეული. თავდაპირველად ტერმინი – „რუხი კარდინალი”  XVII საუკუნის საფრანგეთში გაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად ლუი XIII გახლდათ ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალი, ფაქტობრივ ძალაუფლებას „წითელ კარდინალად” წოდებული უდიდესი ფრანგი პოლიტიკური და რელიგიური მოღვაწე – არმან ჟან დიუ პლეს რიშელიე (იგივე – „კარდინალი რიშელიე”) ფლობდა. თუმცა არც მას ძალუძდა სხვათა დაუხმარებლად ყველა საქმის მოგვარება და თავის მხრივაც, ისეთი ნდობით აღჭურვილ ადამიანს ენდობოდა, როგორიც იყო ფრანგი სახელმწიფო და რელიგიური მოღვაწე – ფრანსუა ლეკლერ დიუ ტრამბლე (1577-1638 წლები). სწორედ მას უწოდეს პირველად ისტორიაში – „რუხი კარდინალი”. იგი გახლდათ კაპუცინელთა ორდენის ბერი, რომელიც რუხი ფერის რელიგიური სამოსით იყო შემოსილი და სახელწოდებაც ბერის რუხი ფერის სამოსის გამოისობით უწოდეს. ფრანგული ისტორიული წყაროები (მათ შორის დიდი ფრანგი ისტორიკოსი – პიერ ბონუა) წერდნენ: „XVII საუკუნის დასაწყისში საფრანგეთის პოლიტიკას ორი ადამიანი აწარმოებდა: კარდინალი რიშელიე და მამა ჟოზეფი. პირველი წარმოადგენდა ქვეყნის პოლიტიკურ არქიტექტორს, ხოლო მეორე კი – მის ძირითად ღერძსო”. მამა ჟოზეფის შესახებ დავა დღემდე გრძელდება: ის იყო გენიოსი თუ ბოროტი სული? მასვე მიიჩნევენ ერთ-ერთ უმთავრეს ინიციატორად მოსახლეობისათვის გადასახადების გაზრდის შემოღებაზე, რამაც ომებისაგან ისედაც გაღატაკებული ფრანგი მოსახლეობის კიდევ უფრო გაღატაკება გამოიწვია. ფაქტია, რომ მამა ჟოზეფი ასკეტური წესით ცხოვრობდა, იკვებებოდა მხოლოდ პურით და წყურვილს წყლით იკლავდა, დადიოდა ფეხით და უკიდურეს სიღარიბეშიც აღესრულა. XVII საუკუნის დასაწყისის საფრანგეთის პოლიტიკურ ამინდს კარდინალი რიშელიე მამა ჟოზეფის ინტრიგებით წარმართავდა. მასვე მიაწერენ პროტესტანტების წინააღმდეგ მიმართულ სასტიკ პოლიტიკასაც. თუკი ერთნი მას „გენიალურ პიროვნებად, ერთგულ მეგობრად და პატრიოტად” წარმოსახავდნენ, მეორენი  - „უგულო ადამიანად, რელიგიურ ფანატიკოსად, მზაკვარ ინტრიგნად და სადისტად” მოიხსენიებდნენ. მამა ჟოზეფის მოსაზრებით, სახელმწიფოს წარმატებული მმრათველობისათვის დასაშვები იყო ნებისმიერი ფორმა მმართველობისა, რაოდენ სასტიკიც არ უნდა ყოფილიყო იგი.

დღევანდელ დღემდე კარდინალი რიშელიეს „რუხი კარდინალი” – მამა ჟოზეფი, ერთობ გამოუცნობ პიროვნებად გვევლინება. თუმცა ფაქტია, რომ სათავე ზემოაღნიშნულმა ტერმინმა სწორედ რომ ფრანსუა ლეკლერ დიუ ტრამბლესაგან აიღო და შემდგომ გავრცელება ჰპოვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშიც. (ავტორი გენია.ჯი)

ფრანსუა ლეკლერ დიუ ტრამბლე (მამა ჟოზეფი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>