ლეონარდო და ვინჩის გენიალური ქმნილების – “საიდუმლო სერობის” შესახებ…
1496 წელს მილანის ჰერცოგმა სფორცების დინასტიიდან – ლუდოვიკო სფორცამ და მისმა მეუღლემ – ბეატრიჩე დ’ესტემ,გადაწყვიტეს რომ სფორცების საგვარეულო საძვალედ მიჩნეულ სანტა მარია დელა გრაციეს სატრაპეზოს ჩრდილოეთ კედელზე “საიდუმლო სერობის” ფრესკა გამოესახათ.ამ შეკვეთას კი იმაზე უკეთ ვინ შეასრულებდა თუ არა გენიალური იტალიელი მხატვარი – ლეონარდო და ვინჩი, და მანაც ფრესკის შექმნაზე მუშაობა 1496 წლის დასაწყისში დაიწყო (სხვა ვერსიით – 1495 წლის დასასრულს). (ავტორი გენია.ჯი) მუშაობისათვის განკუთვნილი ხარჯების გაღება ლუდოვიკომ იმ ხაზინას დაავალა,რომელიც თავისივე უაზრო ხელგაშლილობის წყალობით ისედაც გამოცარიელებული იყო.სანტა მარია დელა გრაციეს დომინიკურ მონასტერში მოღვაწე ბერებს ევალებოდათ,რომ ლეონარდო და მისი დამხმარე მხატვარი კარგად გამოეკვებათ და თუკი ეს საჭირო იქნებოდა,ხარაჩოების მოწყობაშიც დახმარებოდნენ.ამათან,მათ ევალებოდათ,რომ კარგად ედევნებინათ თვალ-ყური იმისათვის,რომ ლეონარდოს კეთილსინდისიერად ემუშავა. და ვინჩი,როგორც მას სჩვეოდა,სამუშაოს საკმაოდ დაბალი ტემპით ასრულებდა,რაც ბერებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ და მათაც უმალვე მოახსენეს ჰერცოგს ყოველივე.განსაკუთრებული წვლილი ლეონარდოს ჰერცოგთან დაბეზღებაში,თავად მონასტრის ქედმაღალმა,ღვარძლიანმა და ბოროტმა მოხუცმა წინამძღვარმა – მამა ვინჩენცომ შეიტანა.აღნიშნულმა ინფორმაციამ იგი განარისხა და გადაწყვიტა გენიალური ხელოვანი თავისთან დაებარებინა,რათა საკუთარი უკმაყოფილება ლეონარდოს მიმართ პირადად გამოეხატა.მას შემდეგ,რაც და ვინჩი ჰერცოგს ეახლა,მისგან შემდეგი სიტყვები მოისმინა:
- ბერები ჩივიან,რომ შენ უფრო ხშირად არ მუშაობ,უქმად დგახარ ან საერთოდ არ იმყოფები იქ.შენს მაგივრად კი ტოვებ მოწაფეს მხოლოდ იმიტომ,რომ ტყუილად არ დაიკარგოს თქვენთვის განკუთვნილი სადილი,რომელსაც შენი მოწაფე კარგადაც მიირთმევს და თან მასხრად იგდებს ბერებსაც და საჭმელსაც უწუნებს.
უაზრო,უსაფუძვლო და ბერების უმადურობით აღშფოთებულმა ფლორენციელმა ჰერცოგს უპასუხა:
- თითქოს ის არ კმაროდეს,თქვენო ბრწყინვალებავ,რომ ეს ადამიანები უდარდელად და არხეინად ცხოვრობენ იმათ ხარჯზე,ვინც ათასი წლის წინ გარდაიცვალა და მათ მემკვიდრეობად სხვა არაფერი არ დაუტოვა,გარდა იმისა,რომ გამორჩენის მიზნით ატყუონ მორწმუნე ადამიანები.ამასთან ერთად,ისინი ქრისტიანისათვის შეუფერებელ სიძუნწესაც იჩენენ. (ავტორი გენია.ჯი)
ყოველივე ამის შემდგომ,ლეონარდომ ჰერცოგს აუხსნა,თუ რა მეთოდით მუშაობდა და ისიც დაამატა,რომ ბერებს ამის არც დანახვა შეეძლოთ და არც გაგება,რადგან არ ესმოდათ,რომ კარგ ფერმწერს ფიქრი და სამუშაოს გააზრება სჭირდებოდა,რასაც ძალიან დიდი დრო მიჰქონდა.
- მე გონებაში ვქმნი მომავალი ნაწარმოების იდეას,რის შემდეგაც ბუნებას ვთხოვ რჩევასა და დახმარებას.იუდას თავი,რომლის გამოც ასე უსამართლოდ მსაყვედურობენ,ჩემთვის განსაკუთრებით ძნელი დასახატია,რადგან წარმოსახვას არ ძალუძს იმ ადამიანის სახის ჩვენება,რომელმაც ასე უსინდისოდ და უმოწყალოდ გასცა თავისი უფალი.ბევრი ადგილი მოვიარე,სადაც,ჩვეულებრივ,თავს იყრიან ბოროტმოქმედები,რათა ჩუმად ჩამეხატა,რა სახით შეიძლება გამოვლინდეს მანკიერება და ბოროტება ასეთი ავაზაკის გარეგნობაში,მაგრამ აქამდე ვერ ვიპოვე სათანადო ნატურა და, თუ ვერაფერს მივაგნებ,შეიძლება იმ პრიორის გარეგნობა გამოვიყენო,თავისი საჩივრებით ასე რომ შეაწყინა თავი თქვენს ბრწყინვალებას.
ჰერცოგი ლეონარდოს ნათქვამმა ერთობ გაამხიარულა და მხატვარმა,მისთვის სასიკეთო მხიარული გუნება-განწყობილება რომ შეენარჩუნებინა,აჩვენა ის სურათები,რომლებიც ყოველი შემთხვევისათვის თან ჰქონდა.
- როგორ ახერხებ მოციქულთა ღვთაებრივი სილამაზისა და ასეთი სიმახინჯის ერთდროულად გამოსახვას? – შესძახა ნანახით აღფრთოვანებულმა და გაოგნებულმა ჰერცოგმა.ჩემს ძმას,გალეაცო მარიას,ყოველთვის ჰყავდა თავის კარზე საზიზღარი და საშინელი მახინჯები,მაგრამ ამათი მსგავსი იქაც კი არ მინახავს.
და მართლაც: ნიკაპს ჩამოცილებული,მახვილის მსგავსი ღოჯები,ყურები უშველებელი ბიბილოებით,რაღაც საშინელი ხორცმეტისა თუ ხის კორძის მსგავსი ზედა ტუჩი,დეფორმორებული თავის ქალა – ყველაფერი ადასტურებდა იმას,რომ ნატურაში ამის ნახვა შეუძლებელი იყო; ბუნება ხომ არ არის ისეთი სასტიკი და შეუბრალებელი თავის ქმნილებათა მიმართ?!
- მე არ ვამტკიცებ,რომ ასეთი მახინჯები სინამდვილეში არსებობენ,მაგრამ როგორც მებოსტნე სარგებლობს ბოთლით,რათა შიგ გამოიყვანოს სხვადასხვა სახის,უცნაური ფორმის ნაყოფი,მეც ასევე ვიყენებ სარკეს.
და ლეონარდომ აჩვენა ჰერცოგს საგანგებოდ წამოღებული სარკეები,რათა მას თავისი თვალით ენახა,როგორ აირეკლება საგნები შეზნექილ,ამობურცულ თუ მრუდე სარკეში.როდესაც ჰერცოგმა ერთ-ერთ მათგანში ჩაიხედა და ნახა,რომ მისი ლამაზი,თხელი ცხვირი უსაშველოდ გაიბერა,ხოლო ნიკაპი საერთოდ გაქრა,თავიდან შეკრთა,მერე კი სიცილი დაიწყო,რაც უფრო მეტად იყურებოდა სხვადასხვა სარკეში,რომლებსაც ლეონარდო აწვდიდა,მით უფრო გულიანად იცინოდა.
ჰერცოგიდან წამოსულ ლეონარდოს არც კი უცდია “საიდუმლო სერობის” დახატვის ტემპი დაეჩქარებინა და მან კვლავაც ძველებურად განაგრძო თავისი “უკვდავი ქმნილების” შექმნა.საბოლოო ჯამში,ფრესკაზე – “საიდუმლო სერობა” გენიალურმა მხატვარმა მუშაობა 1498 წელს დაასრულა… (ავტორი გენია.ჯი)
ბეატრიჩე დ’ესტე