სოკრატეს ფილოსოფიიდან…
“თქვენ,ჩვენი სახელმწიფოს მოქალაქენო,ერთმანეთის ძმები ხართ,მაგრამ ღმერთმა,რომელმაც გამოგძერწათ,ზოგიერთ თქვენგანს ვისაც მმართველობის უნარი შესწევს,ოქრო შეურია დაბადებისას,ამიტომაც მათი ფასი არავინაა ამ ქვეყნად; მცველებს – ვერცხლი,ხოლო მიწის მუშებსა და ხელოსნებს – სპილენძი და რკინა.დაბადებითვე ერთმანეთის თვისტომნი ხართ,მაგრამ უპირატესად თქვენსავე მსგავსთა ბადებთ,თუმც ზოგჯერ ისედაც ხდება,რომ ოქროს მოდგმა ვერცხლის ნაშიერთ აძლევს დასაბამს,ვერცხლისა კი – ოქროსას; იგივე ითქმის დანარჩენთა მიმართაც.მმართველებისაგან ღმერთი მოითხოვს,უმეტესად და უწინარეს ყოვლისა,თავგამოდებით იცავდნენ თავიანთ ნაშიერთ,დაუცხრომლად ზრუნავდნენ მათზე და, იმავდროულად,აკვირდებოდნენ,ვის რა მინარევი აქვს სულში: თუ ყრმას სპილენძის ან რკინის მინარევი დაჰყვება თან,არავითარი სიბრალული არ უნდა გამოიჩინონ მის მიმართ,არამედ ისე მოეპყრან,რანაირ მოპყრობასაც იმსახურებს თავისი ბუნებრივი მონაცემებით,ესე იგი,ხელოსნებსა თუ მიწის მუშებს მიაკუთვნონ იგი; ხოლო ვინც ვერცხლის ან ოქროს მინარევით დაიბადება,სათანადო პატივი მიაგონ და მცველებად თუ მეომრებად განამწესონ ისინი,რადგან,ერთი წინასწარმეტყველებისა არ იყოს,სახელმწიფო დაიღუპება,თუ მას რკინა ან სპილენძი იცავს”. (ავტორი გენია.ჯი)
***
“საგანს იმიტომ კი არ ხედავენ,რომ ის დანახულია,არამედ პირიქით,იმიტომაა დანახული,რომ მას ხედავენ; ზუსტად ასევე,იმიტომ კი არ მიჰყავთ რამე,რომ წაყვანილია,არამედ იმიტომაა წაყვანილი,რომ მიჰყავთ; არც რამეს იღებენ იმიტომ,რომ ის აღებულია,არამედ იმიტომაა აღებული,რომ აღებულ იქნა.ხომ გესმით,რისი თქმა მსურს? მე მინდა გითხრათ,რომ როცა რაიმე იქმნება ან განიცდება,იმიტომ კი არ იქმნება,რომ ის ქმნადია,არამედ იმიტომაა ქმნადი,რომ იქმნება,ისევე როგორც ვინმე იმიტომ კი არ განიცდის რასმე,რომ ის განმცდელია,არამედ იმიტომაა განმცდელი,რომ რაღაცას განიცდის”. (ავტორი გენია.ჯი)
***
“ასეთია ჩემი ჩვეულება: როდესაც ვინმე ლაპარაკობს,მთელი გულისყურით ვუსმენ,მით უმეტეს,თუ მოლაპარაკე ჭკვიანი ჩანს; და რაკი მსურს რაღაცა ვისწავლო მისი ნალაპარაკევიდან,შეკითხვებს ვაძლევ,ჩავკირკიტებ და ერთმანეთს ვუდარებ მის სიტყვებს,რათა ამრიგად ვეწიო საწადელს.ხოლო თუ მოლაპარაკე უხეირო მეჩვენა,არც კითხვებს ვაძლევ და არც მისი სიტყვების გაგებაც ვცდილობ.აქედან თქვენ შეგიძლიათ დაასკვნათ,თუ ვინ მიმაჩნია ჭკვიან კაცად.თქვენ დაინახავთ,რომ ჭკვიანის გვერდით აბეზარი ვარ,გულმოდგინედ ვქექავ მის სიტყვებს და კითხვას კითხვაზე ვაყრი,რათა ვისწავლო და რაღაცას მაინც გამოვრჩე”. (ავტორი გენია.ჯი)