ვახტანგ გორგანელი – “ამ დალოცვილ მიწა-წყალზე”

- წამო ჩემთან,რომ ეგ ეშხი

კიდევ უფრო გადიადდეს.

წინ გაგიფენ თბილისის ზღვას,

და მთაწმინდის განთიადებს.

მაგ ხუჭუჭა თმებში გავშლი

თუკი სადმე ია ბრწყინავს.

შენი პირის დასაბანად

ვარსკვლავების მოვა წვიმა.

ჩანგი ისე აღუღუნდეს

ჯერ რომ არვის გაუგია,

მტკვრის პირს ისე გაგატარო,

მთვარეს რომ არ გაუვლია.

ნიავქარმა მოგიტანოს

თუ სადმეა ვარდი დილის,

ცას ფარავდეს შენი ღიმი,

მზეს კი შენი წარბის ჩრდილი.

დიდუბიდან სამგორამდე

გზა გავჭერი მიწის გულში,

ამოშუქდი სადაც გინდა

და გაგყვება სუნთქვა ნუშის.

- რომ შემოდის გაზაფხული

და იისფრად მთებზე წვება,

მაშინ მინდვრებს შირაქისას,

რომელი ზღვა შეედრება?

ვაზი ვაზს რომ ჩაეხვევა

და მტევნებით შეჰკრავს თაღებს,

შიგა და შიგ რომ აანთებს

და კოცონებს გააჩაღებს

ნიავი რომ მოვარდება

და ფოთლებში განაზდება,

იმ თაღებქვეშ ერთი გავლა

ნიშნავს ახლად დაბადებას.

დიდნაური მეაკვანა,

მისი ტკბილი ნანა მზრდიდა,

დედისერთა ნათლული ვარ

ივრისა და ალაზნისა.

თუ მოდიხარ,მოდი თორემ

განელდება ტრფობის ალი,

ასი მიმზერს ქოჩრებიდან

შენნაირი ქოჩრიანი.

***

- თუ ალაზნის ვარდის დილა

და იორის ფერთა ჩქერი,

თუ ეს ოქროს ლერწმის ღერი,

უენოდ რომ თვითონ მღერის,

თუ ეს ზვრები დახუნძლული,

სუნთქვა – მთებს რომ აზანზარებს,

თუ ეს მიწა,ეს ლაჟვარდი

ზრდის შენნაირ ლამაზმანებს,

ამის იქით სადღა წავალ,

მომეც ხელი შენზე მლოცველს.

მზეო,სხივთა თაიგული

აიღე და გულზე მტყორცნე.

კარებს მიღებს ალაზანი,

ღიმილს მიფენს ივრის ჭალა.

სადაც შენი მკერდი ფეთქავს,

იქ ვიგულვებ თბილისქალაქს.

მტკაველ-მტკაველ გადავზომე,

ვკოცნი ბელტებს ბარაქიანს…

ამ დალოცვილ მიწა-წყალზე

ყველგან თბილისქალაქია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>