დავით კლდიაშვილი – “ეპიზოდი”
როდესაც დიდმა ქართველმა მწერალმა და მამულიშვილმა – დავით კლდიაშვილმა,”სამანიშვილის დედინაცვალი”-ს ბეჭდვა დაასრულა ჟურნალში,ბათუმის ბულვარში შეხვდა მის მეგობარსა და ქართული ფოლკლორისტიკის ერთ-ერთ სულისჩამდგმელს,ლიტერატორსა და პუბლიცისტს – პეტრე უმიკაშვილს,რომელსაც თან ახლდა გამოჩენილი გერმანელი ქართველოლოგი არტურ ლაისტი.
- მე შენ ხმას არ გცემ! – შეუტია დავითს პეტრემ. – რიგიანი კაცი მეგონე და თურმე ზარმაცი,ამჩატებული,უხეირო ყოფილხარ.
- რატომ,ბატონო პეტრე,რატომ? – ჰკითხა გაოცებულმა კლდიაშვილმა.
- რატომ და იმიტომ,რომ ასე მალე დაათავე სამანიშვილის მოგზაურობა!.. პლატონს გადმოვიყვანდი ქართლში,იქიდან კახეთში – რა სურათი იქნებოდა,რა იქნებოდა! შენ კი ასე მალე მოანახიე დედინაცვალი!
- არ ვიცნობ ქართლსა და კახეთს, – მიუგო ნაწარმოების ავტორმა.
- გაიცნობდი,გაიცნობდი,შე ზარმაცო,ზარმაცო დათიკო! – თან წყრებოდა,თან ხითხითებდა გულიანად. - შენი ჭირიმე,რა ლაზათიანად გაქვს დაწერილი! – და შეუჩერებელი სიცილით მოუყვა პეტრემ მოთხრობის შინაარსი გერმანელ სტუმარს. (ავტორი გენია.ჯი)