ხუტა ბერულავა – “სახუმარო”
ერთი კაცი შემომიჩნდა,
გაგირიგებ ლამაზ ქალსო,
ისეთია დალოცვილი,
მზეს უსწორებს მაღლა თვალსო.
* * *
მოინდომოს,ხვალ გაჰყვება
თუნდაც ბრძენს და თუნდაც გმირსო,
მზითევი აქვს,რა მზითევი!
ცხენს მოგცემს და უნაგირსო.
* * *
ოქრო,ვერცხლი და ზურმუხტი
მის კალთაში ელავს,წვიმსო,
საბანი და ქვეშაგები
იმდენი აქვს,ვეღარ თვლისო.
* * *
ვით კოლხეთის დედოფალი,
მარგალიტის ტახტზე ზისო,
დღისით ხალხში გამოგაჩენს,
დაგიამებს ღამე ძილსო.
* * *
აი,ასე შემომიჩნდა
მაჭანკალი – მარებელი,
სოფელ-სოფელ მარებელი
კაცთა გამამწარებელი.
* * *
შემომიჩნდა ის წყეული,
დამიბნელა მთლად გონება,
გადამრია,დამახარბა
სხვისი განძი და ქონება.
* * *
მაყრიონიც მომაყენა
და ის ქალიც ადრე დილით.
შევხედე და რას შევხედე!
დიდხანს ვიყავ დაბნედილი.
* * *
ყოფილა და რა ყოფილა!
წავიქეცი ბანზე ლამის,
რომ ვიხილე ის უკბილო,
კუზიანი და ელამი.
* * *
ვით ჯაგლაგი ცხენი ჩემი,
მოჩაქჩაქებს დედაბერი!
საპატარძლო მომიყვანეს,
ჩემი ჭკუის შესაფერი…
* * *
ეზო-კარი დაიბუგოს
ძირიანა,ფესვიანა,
სადაც იგი გაიზარდა
თავის ოქრო-ვერცხლიანა!
* * *
…რა მწარეა,შინ შეუშვა
ცრუპენტელა მაჭანკალი
ანდა კიდევ,მე რომ შემრჩა,
იმისთანა პატარძალი!