შოთა ნიშნიანიძე – “მე დავემალე გუშინ მეგობარს”
მე დავემალე გუშინ მეგობარს
(ზარმა აიკლო სახლი მთვლემარე)
ალბათ სირცხვილად ისიც მეყოფა,
გუშინ მეგობარს რომ დავემალე.
ის იდგა კართან სახემცინარი,
სიყვარულისთვის ჩემთან მოსული,
ამრევი,მსმელი და უწინარეს
ბავშვი,რაინდი და მარტოსული.
მოყვარული და ჩემი ერთგული
იდგა და იდგა… ღლიდა ლოდინი.
მე კი ქურდივით სუნთქვა შეკრული
კარს აქეთ ვიდექ,როგორც ცოდვილი.
და როცა მიწყდა ზარის ზუზუნი,
უკან გაბრუნდა ღმერთების ელჩი…
ის მიდიოდა მხრებმოძუძგული
და შამპანურის ბოთლებით ხელში.
ო,ამ სიგლახეს,სულმოკლეობას,
ვერ გადაწონის ცოდვა ურიცხვი,
მე დავემალე გუშინ მეგობარს
ერთი ჭირიან ლექსის გულისთვის.
მე დავემალე გუშინ მეგობარს,
ემალებიან როგორც მევალეს,
და სანანებლად ისიც მეყოფა,
გუშინ მეგობარს რომ დავემალე.