იოსებ გრიშაშვილი – “გამმა”

და ვინ მძულდა – ის,კვლავ მიყვარს,ვინც მიყვარდა იგი კი მძულს.

ეჰ,ვინ მომცემს თავშესაფარს,ვინ მაღირსებს ყოფნის კუნძულს?

* * *

არ მიყვარხარ,ჩემო კარგო,არ მიყვარხარ და… რა გიყო?

რომელ წყალში გადავვარდე,რომელ ზღვაზე გავირიყო?

არ მიყვარხარ და არ ვიცი – რისთვის? ან რამ მაიძულა?

ვინ წამართვა შენი თავი,რომელ ღმერთმა შემაძულა?

არ მიყვარხარ… გრძნობა ჩემი სევდის ცეცხლით გამოვკვებე,

არ მიყვარხარ,მაგრამ თუ გსურს,ჩემი სული მეოცნებე -

ჰა,ინებე!

* * *

და ვინც მძულდა,ის კვლავ მიყვარს,ვინც მიყვარდა იგი კი მძულს…

ეჰ,ვინ მომცემს თავშესაფარს,ვინ მაღირსებს ყოფნის კუნძულს?

* * *

შეხე,ფოთოლთ სარეცელზე მზის პეპელა როგორ კვდება,

შეხე,ნამი – ბროლის ნამი – მძივად როგორ ინასკვება!

შეხე,მთვარემ ძირს დაუშვა,ცის წიაღით მონასხლეტი,

ცეცხლის კიბე საოცნებო,საოცნებო ცეცხლის სვეტი!..

შეხე,რარიგ იცრემლება ბროწეულის ხე,მწვანე ხე!

ეს მიტომ,რომ სხივთა ისრით მე ნიავს ფრთა მოვატეხე…

შეხე… შეხე!..

* * *

არ მიყვარხარ… რა ვქნა? რა ვქნა? არ მიყვარხარ და… რა გიყო?

რომელ წყალში გადავარდე,რომელ ზღვაზე გავირიო…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>