არჩილ სულაკაური – “მხოლოდ ერთხელ”

მინდა,ზვრები გაზაფხულის

ღრუბლებს მოვაწვიმინო.

ვაი,რა შორს გაფრენილა

ჩემი ჟღალი მიმინო?!

* * *

მივდივარ და სად მივდივარ,

სადაური საითა?

ლელო ერთხელ გავიტანე,

განა კიდევ გავიტან?!

* * *

გუმბათს ერთხელ ჩამოვკიდე

მოგუგუნე ზარები

და დარუბანდს მხოლოდ ერთხელ

ჩამოვხსენი კარები.

* * *

მხოლოდ ერთხელ აღვაშენე

სვეტიცხოვლის ტაძარი

და ლაშქარი დიდგორისკენ

მხოლოდ ერთხელ დავძარი.

* * *

მხოლოდ ერთხელ დამესიზმრა

სიყვარულის სიზმარი

და გამეხსნა მხოლოდ ერთხელ

კარნი სამოთხისანი.

* * *

მინდა,ზვრები გაზაფხულის

ღრუბლებს მოვაწვიმინო,

ვაი,რა შორს გაფრენილა

ჩემი ჟღალი მიმინო?!

* * *

 ახლა გუმბათს მან დაჰკიდოს

 მოგუგუნე ზარები

 და დარუბანდს ახლა ერთხელ

 მან ჩამოხსნას კარები!

* * *

სადაური სად გაფრინდა,

 ვის ცერზე ზის ტიალი,

 ვის შეუდგა და ვის ასმევს

 შარბათს ოქროს ფიალით?

* * *

 ახლა სხვამან აღაშენოს

 სვეტიცხოვლის ტაძარი

 და ლაშქარი დასძრას დიდგორს,

 როგორც ერთხელ დავძარი!

* * *

 ახლა სხვასაც დაესიზმროს

 სიყვარულის სიზმარი

 და განეხსნეს ერთხელ სხვასაც

 კარნი სამოთხისანი!

 * * *

 მინდა,ზვრები გაზაფხულის

 ღრუბლებს მოვაწვიმინო,

 ვაი,მხარში დაუჭიათ

 ჩემი ჟღალი მიმინო!

კომენტარის დატოვება