სოკრატეს უხიაგი მეუღლის – ქსანთიპას შესახებ…
ქსანთიპა (ძვ.წ.აღ-ით V-IV საუკუნეები) – წარმოადგენდა უდიდესი ძველბერძენი ფილოსოფოსის – სოკრატეს საშინელი და ბოროტი ხასიათით განთქმულ მეუღლეს, რომლის სახელიც მოგვიანებით ერთგვარად ჩამოყალიბდა ანჩხლი და უხიაგი ცოლების სინონიმად.სოკრატემ, ისევე, როგორც წესია, ცოლი ოჯახისა და შთამომავლების შექმნის მიზნით შეირთო. ჩვენთვის ზუსტად უცნობია, თუ რა ასაკში იქორწინა მან, თუმცა ზოგიერთი ისტორიკოსის მოსაზრებით, სამოქალაქო ქორწინებისას ფილოსოფოსის ასაკი 40 წლამდე უნდა ყოფილიყო. მათ თანაცხოვრებაში სამი ვაჟიშვილი შეეძინათ – ლამპროკლე, სოფრონისკე და მენექსენე. პლატონის ცნობების თანახმად, სოკრატეს სუიციდის დროს ლამპროსკე მოზარდი იყო, ხოლო დანარჩენი ორი ვაჟი კი მცირეწლოვანები. სხვადასხა მონაცემების თანახმად, სოკრატე ორჯერ იყო ქორწინებაში, თუმცა პლატონი და ქსენოფონტე მხოლოდ და მხოლოდ ქსანთიპას მოიხსენებდნენ. მეორე ქალის – მირტოს შესახებ, რომელსაც რიგი წყაროები სოკრატეს მეორე ცოლად მოიხსენიებენ, ცნობილი თითქმის არაფერია. დიოგენე ლაერტისა და პლუტარქეს გადმოცემის თანახმად, მირტო, სავარაუდოდ, გენიალური ფილოსოფოსისათვის რიგით პირველი ცოლი უნდა ყოფილიყო. ასეა თუ ისე, დადასტურებული ფაქტია, რომ ჭირვეული და ანჩხლი ყოფაქცევის მქონე ქსანთიპა სოკრატეს მეუღლე იყო. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ იგი არა მარტო ქმრის მიმართ გამოირჩეოდა ცუდი ქმედებებით, არამედ საკუტარი შვილების მიმართაც. საბედნიეროდ, დღემდე შემორჩენილია ერთ-ერთი დოკუმენტი, სადაც აღწერილია სოკრატესა და დედაზე გაბრაზებული – ლამპროკლეს დიალოგი, სადაც ფილოსოფოსს ვაჟიშვილი ეუბნება, რომ მისთვის უკვე ყოვლად აუტანელია დედის ურთულესი ხასიათი. რის შემდეგაც, სოკრატემ ვაჟიშვილს უთხრა:
„ – შენი აზრით, რისი ატანა უფრო რთულია – მხეცის მძვინვარების თუ დედის?
- მე ვფიქრობ, რომ დედის, – უპასუხა ვაჟმა.
- ნუთუ მას ოდესმე მოუყენებია შენთვის ისეთი ტკივილი, რომელსაც გამძვინვარებული ცხოველისაგან გამოცდი?
- ვფიცავ ზევსს, ის ისეთ სიტყვებს მეუბნება, რომ მზად ვარ მთელი ცხოვრებაც კი მივცე, ოღონდ ეს არ მოვისმინო”. – უპასუხა მამას აღელვებულმა ლამპროკლემ.
ალბათ, ამ დიალოგის შემდეგ ყველასათვის ადვილი წარმოსადგენია, თუ რაოდენ ცუდი ხასიათის მქონე ქალი უნდა ყოფილიყო ქსანთიპა. თუმცა ანჩხლი ქალი კიდევ უფრო ამაზრზენად ექცეოდა სოკრატეს… ცოლ-ქმრის ერთ-ერთი ჩხუბის შემდეგ, სოკრატე კიბეზე ჩამოჯდა, რა დროსაც მას მეუღლემ თავზე წყალი გადაასხა. სოკრატემ თავი დანანებით გააქნია და ჩაილაპარაკა: ” – ასეთი ქარიშხლის შემდეგ მოსალოდნელი იყო, რომ წვიმაც მოვიდოდაო”.
ერთ-ერთმა უდიდესმა ძველბერძენმა ფილოსოფოსმა – ანტისფენემ, რომელსაც სოკრატემ თავისი უხიაგი ხასიათით განთქმული ცოლის შესახებ უამბო, ჰკითხა კიდეც სოკრატეს:
” – თუკი მასზე ასეთი შეხედულება გაქვს, როგორ არ ღზრდი მას, ან როგორ ცხოვრობ ისეთ ჭირვეულ ქალთან, რომლის დარიც ჩემი აზრით არ არსებობს, არ არსებულა და აღარც იარსებებს ამქვეყნად?
- ის ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტენ გახდნენ კარგი მხედარები, ყოველთვის ირჩევენ არა დამჯერ, არამედ ცქვიტ და თავნება ცხენებს. ისინი ფიქრობენ, რომ თუკი ასეთ ცხენს დაიმორჩილებენ, სხვებს უკვე ადვილად გაუმკლავდებიან. და აი, მეც, რომელსაც მსურდა ადამიანებთან ურთიერთობა, დარწმუნებული ვიყავი, რომ თუკი მასთან ურთიერთობას შევძლებდი, ჩემთვის ყველა სხვა ადამიანთან ურთიერთობა გაცილებთ იოლი იქნებოდა…” – უპასუხა სოკრატემ.
გამოჩენილმა ათენელმა პოლიტიკოსმა, მხედართმთავარმა და სოკრატეს მეგობარმა ალკიბიადემ, რომელსაც შემოესმა საშინელი ჩხუბის ხმა მეგობრის სახლიდან, ერთხელ უთხრა კიდეც მას, რომ ასეთი სულგრძელი მოპყრობა ქსანთიპასთან არ შეიძლებოდა. ფილოსოფოსმა კი, საპასუხოდ მიუგო;
„ – მე უკვე შევისწავლე და შევეჩვიე ასეთ ხმაურს. ნუთუ შენ არ გაწუხებს საკუთარი ბატების ყიყინი, და ნუთუ უწყრები მათ, როდესაც ყურთასმენა მიაქვთ თავიანთი ხმაურით?
- ბატებს ჩემთვის სარგებლობა მოაქვთ, ისინი დებენ კვერცხს და ჩეკავენ პატარებს, – უპასუხა ალკიბიადემ.
- რა, ჩემი ცოლი არ მაძლევს სარგებელს, რასაც შვილები ჰქვია?” – დაუბრუნა კითხვა სოკრატემ, რის შემდეგაც ალკიბიადეს საუბარი აღარ გაუგრძელებია.
მიუხედავად ქსანთიპას ამაზრზენი, დამამცირებელი და უჟმური ხასიათისა, სოკრატე მეუღლით მაინც ყოველთვის ამაყობდა, და მთელი ცხოვრება მისი ერთგულებაც შეინარჩუნა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ასტრონომებმა 1875 წელს აღმოჩენილ ასტეროიდს სოკრატეს უხიაგი მეუღლის საპატივცემულოდ – “(156) ქსანთიპა” უწოდეს. (ავტორი გენია.ჯი)
ქსანტიპა