მეფის “მეფური” საქციელი…
ძვ.წ.აღ-ით 333 წლის შემოდგომის ერთ დღეს,ლეგენდად ქცეულ მხედართმთავარს – ალექსანდრე მაკედონელს მოახსენეს,რომ ტყვეები,მათ შორის დარიოს III-ის დედა (სისიგამბისი),ცოლი (სტატირა I) და ორი ქალიშვილი (სტატირა II და დრიპედიტა) ჰყავდათ მოყვანილი.სპარსეთის სამეფო ოჯახმა იხილა რა დამარცხებული დარიოსის ეტლი და მშვილდები,თავ-პირში ხელები წაიშინეს და ტირილი მორთეს,ვინაიდან მათ მეფე მკვდარი ეგონათ. (ავტორი გენია.ჯი) ალექსანდრე მიღებულმა ცნობამ ჩააფიქრა და შეიძლება ითქვას კიდეც,რომ იგი ტყვედქმნილი ქალების ბედმა საკუთარ გამარჯვებაზე მეტადაც კი ააღელვა.მან სასწრაფოდ გაგზავნა ტყვეებთან მაკედონელთა მხედრობის ერთ-ერთი სარდალი ლეონატე,რომელსაც უბრძანა: გადაეცი ქალებს,რომ დარიოსი მკვდარი არ არის და ჩემი შიში ნუ ექნებათ; უთხარი,მე დარიოსს მხოლოდ ძალაუფლებისთვის ვებრძვი-თქო.გარდა ამისა,ლეონატემ ქალებს ამცნო,რომ ისინი ისარგებლებდნენ ყველა იმ პატივით,რაც დარიოსის მეფობაში ჰქონდათ ნაბოძები.ეს სიტყვები ქალებს ლმობიერად და ალერსიანად მოეჩვენათ და დარწმუნდნენ,რომ ალექსანდრეს საქციელი კაცთმოყვარეობიდან იყო ნაკარნახევი.მათ ნება დაერთოთ დაეკრძალათ ის სპარსები,რომელთა დამარხვასაც მოისურვებდნენ, და ამ საქმისათვის სამხედრო ნადავლიდან აეღოთ შესაფერისი სამოსელი და მორთულობა.მსახურთა რაოდენობა და პატივი ქალებისათვის ალექსანდრეს ოდნავადაც არ შეუმცირებია; პირიქით,შემოსავალი ახლა უფრო მეტი ჰქონდათ,ვიდრე უწინ; მაგრამ მთავარსარდლის მშვენიერი და მართლაც მეფური მოქცევა კეთილშობილი,კდემამოსილი ტყვე ქალებისადმი იმით გამოიხატა,რომ ცუდი რა ალექსანდრესგან არასოდეს მოუსმენიათ,არც იმის ეჭვი დაშიში ჰქონიათ,რომ მისგან რაიმე შეურაცხყოფას მიიღებდნენ და პატივაყრილები იქნებოდნენ.ისინი თითქოს მტრის ბანაკში კი არ ცხოვრობდნენ,არამედ ქალწულთათვის განკუთვნილ შეუბღალავ დახელშეუვალ ტაძარში,სადაც მათ ვერავინ ხედავდა.
მიუხედავად იმისა,რომ დარიოსის ცოლი და ქალიშვილები საოცარი სილამაზით გამოირჩეოდნენ,ალექსანდრეს არც ერთი მათგანისათვის არ უხლია ხელი; იგი ფიქრობდა: საკუთარი ვნებების დამორჩილებაუფრო სასახელოა მეფისთვის,ვიდრე მტერზე გამარჯვებაო.აქვე მინდა ავღნიშნო,რომ დარიოსის ცოლი – სტატირა I ორსულად იყო,თუმცა ძვ.წ.აღ-ით 331 წელს საუბედუროდ მშობიარობას გადაჰყვა.აღნიშნულმა ფაქტმა ალექსანდრე ძალიან დაამწუხრა.მან დარიოსის მეუღლე დიდი პატივით დაკრძალა და ამისათვის არანაირ ხარჯსაც არ დარიდებია.
იმ პირისფარეშთა შორის,რომელნიც სეფექალებთან ერთად იყვნენ დატყვევებულნი,ერთი საჭურისი იყო,სახელად ტირეოსი.მან მოახერხა მაკედონელთა ბანაკიდან გაქცევა და დარიოსთან მისვლა.როდესაც დარიოსს მეუღლის გარდაცვალება ამცნო,უბედურმა სპარსთა მეფემ თავში ხელები შემოიცხო და ტირილით წამოიძახა: “ვაი,უბედურნო სპარსნო! თქვენი მეფის მეუღლე და დაი სიცოცხლეშიც მტერს ჩაუვარდა და სიკვდილის შემდეგაც მოკლებულია მეფური პატივით დაკრძალვასო…” საჭურისმა დარიოსს სიტყვა შეაწყვეტინა და მოახსენა: “რაც დაკრძალვას შეეხება,მეფეო, და დედოფლის შესაფერ ყოველგვარ პატივსა და ღირსებას,ამაში შენ სპარსთა ბოროტ ბედს ბრალს ვერ დასდებ.არც დედოფალ სტატირას,სანამ ცოცხალი იყო,არც დედაშენს და არც შენს შვილებს არ მიჰკლებიათ ძველებური პატივი და სიკეთე,გარდა იმისა,რომ ვეღარ ჭვრეტენ შენს ნათელს,რომელსაც კვლავ გამოაბრწყინებს უფალი ორომზადე.შენს განსვენებულ მეუღლეს არათუ არ მიჰკლებია რაიმე პატივი,არამედ თვით მტრებმაც კი დაიტირეს იგი საკუთარი ცრემლებით.ეს იმიტომ,რომ ისეთივე გულმოწყალეა ალექსანდრე დამარცხებულთა მიმართ,როგორი მრისხანეც ბრძოლის ჟამს”.
ამის გამგონე დარიოსს მღელვარებამ და დარდმა უკადრისი ეჭვები აღუძრეს.მან საჭურისი კარვის სიღრმეში შეიყვანა და უთხრა:”თუ შენ სპარსთა ბედის მსგავსად მაკედონელთა მხარეზე არ გადასულხარ და მე,დარიოსი,კვლავ შენი მბრძანებელი ვარ,გაფიცებ მიორას დიად ნათელსა და მეფის ამ მარჯვენას,მითხარი – იქნებ სტატირას სიკვდილით მის სულ მცირე უბედურებას დავტირი და იქნებ მის სიცოცხლეში უფრო მეტად უბედური ვიყავი? იქნებ უფრო ღირსეული ყოფილიყო ჩვენთვის,ალექსანდრეზე ვერაგსა და მძინვარე მტერს რომ ჩავარდნოდით ხელში?განა რა წმინდა ურთიერთობა უნდა ჰქონოდა ახალგაზრდა კაცს მტრის მეუღლესთან,რომ ასეთი პატივი უცია მისთვის?”
” ნუ ამბობ ასეთ შეუფერებელ სიტყვებს,ნუ იხსენებ აუგად ალექსანდრეს და ნუ სცხებ ჩირქს განსვენებულ მეუღლეს”, – გულწრფელად უპასუხა დარიოსს საჭურისმა.ასეთი პასუხის მოსმენის შემდეგ გაოცებულმა დარიოსმა ხელები ზეცისკენ აღაპყრო და შეჰღაღადა:
“ჩემი საგვარეულოსა დასამეფოს მფარველნო ღმერთნო,მხურვალედ გევედრებით მომეცით საშუალება აღვადგინო სპარსთა დაკარგული ბედნიერება და დავტოვო ისე,როგორც მე მივიღე გამეფების ჟამს,გამარჯვებულმა კი ალექსანდრეს სამაგიერო მივუზღო იმ წყალობისათვის,რომელიც მან აღმოუჩინა ჩემს საყვარელ ადამიანებს ჩემი უბედურების დროს! მაგრამ თუ დადგა ჟამი აღსასრულისა,ჟამი შურისგებისა და ბედის ცვლილებისა,რათა შესწყვიტოს მბრძანებლობა სპარსთა,დაე,ნუ დადგება კიროსის ტახტზე სხვა ვინმე,ალექსანდრეს გარდა!” (ავტორი გენია.ჯი)
ძვ.წ.აღ-ით 330 წელს ბაქტრიაში დევნილი დარიოსი ღალატით იქნა მოკლული.შუბებით დაცხრილულ დარიოსს არც სიკვდილის წინ დავიწყებია ალექსანდრეს სულგრძელი საქციელი და სიკვდილის წინ,იმ პოლისტრატეს,რომელმაც უკანასკნელად მიაწოდა წყალი სპარსეთის ყოფილ მპყრობელს,უთხრა:
“აი,მეგობარო,ეს წამი აღსასრულისა ყველა ჩემს ბედუკუღმართობაზე უფრო მემწვავა,იმიტომ რომ სიკეთისათვის სამაგიეროს ვერ მოგიზღვავ.მაგრამ შენ ალექსანდრე გიბოძებს სანაცვლოს,ალექსანდრეს კი ღმერთები გადაუხდიან იმ კეთილმოწყალებისათვის,რომელიც მან დედაჩემსა და ჩემს ცოლ-შვილს გაუწია.შენი მეშვეობით მას ამ ჩემს მარჯვენა ხელს ვართმევ”.წარმოთქვა თუ არა დარიოსმა ეს სიტყვები,პოლისტრატეს ხელი აიღო და სული განუტევა კიდეც.
P.S. მოგვიანებით ალექსანდრე მაკედონელმა ცოლად შეირთო დარიოსის ქალიშვილი – სტატირა II,ხოლო სპარსთა მეფის მეორე ქალიშვილი – დრიპედიტა კი,დაქორწინებულ იქნა ალექსანდრეს უახლოეს მეგობარზე – ჰეფესტიონზე.თავის მხრივ – სტატირა მოკლულ იქნა ძვ.წ.აღ-ით 323 წელს.
დარიოს III-ის აღსასრული
ალექსანდრესა და სტატირა II-ის ქორწინება