საფრანგეთის მეფეების “ფავორიტი ქალბატონები”
გამოჩენილი ფრანგი ფილოსოფოსი,მწერალი და სწავლული – ბერნარ ლე ბოვიე დე ფონტენელი (1657-1757 წლები) ამბობდა,რომ ვერავინ ვერასოდეს შეძლებდა სრულყოფილი სახით აესახა და შეეფასებინა ის,თუ რა როლი ითამაშეს ქალბატონებმა საფრანგეთის ისტორიაში და რისი გაკეთება შეძლეს მათ საფრანგეთსათვის.ძნელია არ დაეთანხმო ფონტენელის სიტყვებს,რადგან მართლაც საფრანგეთის მეფეების ფავორიტ ქალბატონებს გააჩნდათ არა მარტო ოფიციალური სტატუსი “საყვარლებისა”,არამედ კარდინალური გავლენაც კი იქონიეს ქვეყნის მომავალზე თავიანთი აქტუალური პოლიტიკური თუ კულტურული ცხოვრებით.
შარლ VII დე ვალუა “ძლევამოსილი”
აგნესა სორელი
საფრანგეთის მეფის ფავორიტი ქალბატონის სამაგალითო სახედ ისტორიკოსები დღემდე მიიჩნევენ შარლ VII დე ვალუა “ძლევამოსილი”-ს საყვარელ ქალს – აგნესა სორელს (1422-1450 წლები),რომელმაც შეძლო და პირველმა მიიღო ოფიციალურად ფრანგთა მეფის ფავორიტი ქალის სტატუსი.წარმომავლობით აზნაურების შთამომავალი კურტიზანი ქალი თავდაპირველად ლოტარინგიელი ჰერცოგინიის იზაბელას სეფე-ქალბატონს წარმოადგენდა.თუმცა მოგვიანებით თავისი უზადო სილამაზით შარლის ყურადღება მიიპყრო და მალე მათ შორის სასიყვარულო რომანიც გაიბა. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოება,რომ სორელს მეფისაგან სამი გოგონა შეეძინა – შარლოტა,მარია და ჟანა დე ვალუები.როგორც ცნობილია,იმ პერიოდის საფრანგეთში ბრილიანტების ტარების უფლება მხოლოდ და მხოლოდ სამეფო ოჯახის წევრების პრივილეგია იყო და ამ მხრივაც აგნესა პირველი ქალი გახლდათ,რომელსაც,როგორც მეფის ფავორიტ ქალს უფლება ეძლეოდა ამ ბრწყინვალე მინერალისაგან დამზადებული სამკაულები ეტარებინა.მის სახელთან ასოცირდება გრძელი შარფებისა და მეტად “გულღია” კაბების შემოღებაც.მიუხედავად იმისა,რომ შარლის სამეფო კარზე უამრავი ლამაზმანი ტრიალებდა,სორელმა მაინც ღირსეულად მოახერხა მეფის ფავორიტი ქალბატონის სტატუსის შენარჩუნება. 1450 წლის 9 თებერვალს მეოთხე ბავშვზე ორსული აგნესა სორელი მოულოდნელად გარდაიცვალა.თავდაპირველად სიკვდილის მიზეზად დიზენტერია დასახელდა,მაგრამ მოგვიანებით მის მკვლელობაში (მოწამვლაში) ბრალი დასდეს ერთ-ერთ უდიდეს ფრანგ მეწარმესა და მეფის მრჩეველს – ჟაკ კიორს.მიუხედავად ამისა,ამ ვერსიამ მხარდაჭერა ვერ მოიპოვა,რადგან ქვეყნის გავლენიანი პირებისა და ზოგადად საზოგადოების აზრით მისი დადანაშაულება სწორედ ჟაკის წინააღმდეგ შეთქმულებად იქნა მიჩნეული.ფრანგულმა მართლმსაჯულებამ ჟაკ კიორს ბრალი დასდო სამშობლოს ღალატში,ფალსიფიცირებული მონეტების დამზადებასა და აგნესას მკვლელობაში,რის შემდეგაც ჩამოართვეს 20 მილიონად შეფასებული კერძო საკუთრება და გააძევეს საფრანგეთიდან.
ფრანსუა I ვალუა
ანა დე პისლიო ეტამპი
საფრანგეთის მეფის ფრანსუა I ვალუას ცნობილ ფავორიტ ქალს წარმოადგენდა,თავად მონარქის დედის ლუიზა სავოელის ერთ-ერთი სეფე-ქალი – ანა დე პისლიო ეტამპი (1508-1576 წლები),რომელმაც ურთულესი ბრძოლა მოუგო ფრანსუას გულის მოსანადირებლად კიდევ ერთ ფავორიტ ქალს – ფრანსუაზა დე შატობრიანს.მეფემ,იმისათვის,რომ ანას პოზიციები გაემყარებინა სამეფო სასახლის კარზე,იგი დააქორწინა ჟან დე ბროსაზე,რომელსაც მიანიჭა ეტამპისა და შავრიოზას ჰერცოგის ტიტული. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია,რომ ანამ მეფეზე უდიდესი გავლენა შეინარჩუნა დარჩენილი მთელი სიცოცხლის განმავლობაში.განსაკუთრებით აქტიურად ერეოდა პოლიტიკურ საკითხებში.სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრანგი პოლიტიკური მოღვაწისა და კონეტაბლის (უმაღლესი სამხედრო-სახელმწიფო თანამდებობა შუა საუკუნეების საფრნაგეთში) – მონმორანსის თანამდებობიდან გადაყენება.ანამ იმდენი შესძლო,რომ მეფის კანონიერი მეუღლე დადოფალი – ელეონორა ავსტრიელი სრულიად უგულველოყოფილიც კი დატოვა.ანა დე პისლიო ეტამპმა ფრანსუას გარდაცვალების შემდგომ კიდევ 29 წელიწადი იცოცხლა და ხანდაზმულ ასაკში გარდაიცვალა.
ანრი II დე ვალუა
დიანა დე პუატიე
საფრანგეთის მეფის ანრი II დე ვალუას ოფიციალურად ცნობილ ფავორიტ ქალბატონს წარმოადგენდა სეფე-ქალი – დიანა დე პუატიე (1499-1566 წლები),რომელიც თავის დროზე (13 წლის ასაკში) დაქორწინებული გახლდათ გრაფ ლუი დე ბრეზეზე.მეუღლის გარდაცვალებისას 31 წლის ასაკში იმყოფებოდა.მან რუანში მდებარე ნორტ-დამის ტაძარში ბრწყინვალე განსასვენებელი აუგო ლუი დე ბრეზეზეს და როგორც ამბობენ,მთელი ცხოვრების განმავლობაში გლოვობდა კიდეც მას (იგი მხოლოდ ორი ფერის – შავი და თეთრი ტანისამოსს ატარებდა გლოვის ნიშნად).აღსანიშნავია ის გარემოება,რომ დიანა ანრიზე 20 წლით უფროსი იყო,თუმცა მისი თანამედროვეებიდან ვგებულობთ,რომ რაც უფრო ასაკში შედიოდა იგი,მით უფრო მეტ ბრწყინვალებას იღებდა მისი გარეგნობა.დიანა დე პუატიემ,მას შემდეგ რაც ოფიციალურად გახდა მეფის ფავორიტი ქალი უდიდესი გავლენა მოიპოვა სამეფოში და სწორედ ის განკარგავდა იმას,თუ ვის უნდა დაეკავებინა ესა თუ ის მაღალი სახელმწიფო თანამდებობები.სწორედ ამიტომაც მოიხსენიებდნენ მას – “ნამდვილი დედოფლის” სახელით.დიანას “მმართველობა’ დასრულებულ იქნა 1559 წელს ანრის გარდაცვალებისთანავე,რადგან საფრანგეთის დედოფალმა და ანრის II-ს კანონიერმა ცოლმა – ეკატერინე მედიჩიმ იგი პარიზიდან გააძევა,რის შემდეგაც ანეში მდებარე თავის სასახლეში გადაბარგდა და იქვე აღესრულა 67 წლის ასაკში. (ავტორი გენია.ჯი)