ნაპოლეონ I ბონაპარტის “საპროტესტო წერილი”
მას შემდეგ,რაც საფრანგეთის იმპერატორი – ნაპოლეონ I ბონაპარტე,”ვატერლოოს ბრძოლაში” განცდილი მარცხის შემდეგ მეორედ გადადგა ტახტიდან,ვიცე-ადმირალ ბოდენს შეთავაზებულ წინადადებაზე საცხოვრებლად ამერიკაში გადასულიყო უარი განუცხადა და გადაწყვიტა თავი მისი დაუძინებელი მტრისათვის – ინგლისისათვის შეეფარებინა.ინგლისის პრინც-რეგენტისადმი მიწერილ ერთ-ერთ წერილში,იგი აღნიშნავდა,რომ მან პოლიტიკური კარიერა საბოლოოდ დაასრულა და თემისტოკლეს მსგავსად,ბრიტანელი ხალხის წიაღში ეძიებდა თავშესაფარს. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა,იგი სურვილს გამოთქვამდა,რომ ბრიტანეთის კანონების მფარველობის ქვეშ ყოფილიყო.ინგლისურ გემზე “ბელეროფონზე” მყოფი ნაპოლეონი იმედოვნებდა,რომ დიდი ბრიტანეთი მას დიდსულოვნად შეიფარებდა,მაგრამ როდესაც პლიმუტის ნავსადგურში შესულმა გაიგო ფაქტი მისი დეპორტაციისა წმინდა ელენეს კუნძულზე,აღშფოთდა და ასეთ აქტს თავისი “საპროტესტო წერილით” უპასუხა;
“ამ წერილით,ცისა და კაცთა წინაშე,საზეიმოდ ვაპროტესტებ ჩემდამი გამოჩენილ სისასტიკეს და ჩემი ყველაზე წმინდა უფლებების შელახვას,ჩემი პიროვნებისა და თავისუფლების იძულებით ხელყოფას.მე ნებაყოფლობით ავედი “ბელეროფონზე”,არა როგორც პატიმარი,არამედ როგორც ინგლისის სტუმარი.უფრო მეტიც,ამ გემზე კაპიტნის მიწვევით ავედი.მან მომახსენა,რომ მთავრობისაგან ჰქონდა ნაბრძანები,თუ თანახმა ვიქნებოდი,მე და ჩემი ამალა ინგლისში გადავეყვანეთ.აქ ნებაყოფლობით გამოვცხადდი და მსურდა,ინგლისის კანონებით დაცულს,ამ ქვეყანაში მეცხოვრა.როდესაც “ბელეროფონზე” აღმოვჩნდი,ასე მეგონა,რომ ინგლისელი ხალხის კერას ვიყავი შეფარებული.თუკი მთავრობამ “ბელეროფონის” კაპიტანს ჩემი და ჩემი ამალის მიღებაზე ბრძანება მხოლოდ იმიტომ მისცა,რომ ჩემთვის მახე დაეგო,მაშინ მან საკუთარი ღირსება შებღალა და საკუთარი დროშა შეურაცხყო.
ეს აქტი თუ აღსრულდება,მაშინ ამაო იქნება ინგლისის ლაპარაკი სამართლიანობაზე,კანონების დაცვასა და თავისუფლებაზე.ბრიტანეთი სამუდამოდ დაკარგავს ნდობას მას შემდეგ,რაც “ბელეროფონს” ასე უმასპინძლა.
მოწმედ ისტორიას მოვიხმობ: ის იტყვის,ინგლისელებთან ამდენ ხანს მებრძოლი მტერი,თავისი უბედურების ჟამს,ნებაყოფლობით მოვიდა თქვენთან და თავშესაფარი გთხოვათ.პატივისცემისა და ნდობის დასტურად,ამაზე მეტი რა საბუთი უნდა წარმომედგინა? და როგორ უპასუხა ინგლისმა ასეთ დიდსულოვნებას? მტერს ვითომდა მასპინძლის ხელი გაუწოდა,მაგრამ მასთან ნებით მისული – უმალვე გაწირა”. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. მიუხედავად ნაპოლეონის პროტესტისა,იგი მაინც იძულებული გახადეს “ბელეროფონის” გემბანი დაეტოვებინა და “ნორტიუმბერლანდზე” გადასულიყო.აღსანიშნავი და საიონტერესოა ის გარემოება,რომ ინგლისის ფლოტის ადმირალს – კეიტს,პირადად მინისტრისაგან ჰქონდა ნაბრძანები,რომ ნაპოლეონისათვის ხმალი ჩამოერთმია,თუმცა მას ამის გაკეთება შერცხვა და ეს ბრძანება არ შეასრულა… 1815 წლის 7 აგვისტოს ხომალდი,რომელზეც ერთ დროს უძლეველი მხედართმთავარი ნაპოლეონი იმყოფებოდა,იმ წმინდა ელენეს კუნძულისაკენ დაიძრა,რომლის კლდეებიც საკუთარ კვარცხლბეკად უნდა ექცია…