ალექსანდრე ბლოკის “პლატონური სიყვარული”
რუსული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი – ალექსანდრე ბლოკი (1880-1921 წლები),ოფიციალურ ქორწინებაში ერთხელ იმყოფებოდა.საინტერესოა,რომ მისი რჩეული ქალბატონი,მსოფლიო მნიშვნელობის ქიმიკოსისა და პერიოდული სისტემის პირველი ავტორის – ალექსანდრე მენდელეევის ქალიშვილი – ლიუბოვ მენდელეევა გახლდათ.ისინი ერმანეთს ბავშვობიდანვე იცნობდნენ: ლიუბოვის მამა დიმიტრი მენდელეევი და ალექსანდრეს მამა,ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი და პროფესიით იურისტი – ალექსანდრე (უფროსი) ბლოკი უნივერსიტეტში ერთად მუშაობდნენ.მას შემდეგ წლები გავიდა… 17 წლის ასაკის ალექსანდრესა და 16 წლის ლიუბოვის გზები კვლავ გადაიკვეთა. (ავტორი გენია.ჯი) ბლოკი,რომელსაც მანამდე გადატანილი ჰქონდა უკვე ერთი დიდი სიყვარული მასზე ოცი წლით უფროსი ქალის – ქსენია სადოვსკაიასი,იმთავითვე მოიხიბლა მენდელეევის ქალიშვილით.შეხვედრიდან ერთი წლის შემდეგ,ალექსანდრემ ლიუბოვს პირველად უწოდა – “ჩემი ულამაზესი ქალი”. 1903 წლის აგვისტოს თვეში შეყვარებული წყვილი დაქორწინდა და როდესაც განმარტოვდნენ,მათ შორის გამაოგნებელი სახის საუბარი გაიმართა.ალექსანდრე ბლოკმა ახლადშეუღლებულ მეუღლეს უთხრა:
- მე მინდა ერთი მნიშვნელოვანი და საყურადღებო რამ გითხრა.
“ახლა ის კვლავ სიყვარულის ახსნას დამიწყებს! ოჰ,ეს პოეტები!” – გაიფიქრა ლიუბოვმა,თუმცა მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა,მას შემდეგ,რაც ალექსანდრემ საუბარი განაგრძო.
- გეცოდინება,რომ ცოლ-ქმარს შორის ფიზიკური სიახლოვე უნდა არსებობდეს.მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ დაიხსომე,რომ ჩვენს შორის ეს სიახლოვე არასოდეს იქნება!
- როგორ თუ არ იქნება? რატომ? ნუთუ არ გიყვარვარ? – ჰკითხა გაოგნებულმა ქალმა.
- თავად განსაჯე: მე არ შემიძლია მიგიჩნევდე მარადიული და იდეალური ქალწულის განსახიერებად და თან მოგექცე ისე,როგორც საძაგელ გოგონებს ექცევიან! ამიტომ მინდა იცოდე,რომ მე ყველა შემთხვევაში სხვა ქალებთან მექნება ურთიერთობა!
შემდეგ ქალს თვალებში ჩახედა და დაამატა:
- ვიცი შენც სხვა მამაკაცში გამცვლი,ჩვენ ხომ ისეთივე თავისუფლები ვართ,როგორც ჩიტები! თუმცა მინდა იცოდე,რომ შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ! – და იგი საძინებელი ოთახიდან გავიდა.
რამდენიმე წლის “პლატონური ურთიერთობის” შემდეგ,ლიუბოვის ცხოვრებაში დიდი გარდატეხა მოხდა.იგი შეუყვარდა ალექსანდრე ბლოკის “მეგობარ” მწერალს,პოეტსა და კრიტიკოსს – ანდრეი ბელის.რამდენიმე ხნის განმავლობაში მენდელეევა ეწინააღმდეგებოდა მასთან ურთიერთობა,თუმცა საბოლოოდ მათ შორის სასიყვარულო რომანი მაინც გაჩაღდა.აკი თავად ქმარმა მიანიჭა მას თავიდანვე სრული თავისუფლება… მას შემდეგ,რაც ბლოკმა ყოველივე შეიტყო,ანდრეისთან კონფლიქტი მოუვიდა,თუმცა საბოლოოდ მაინც ვერაფერს გახდა.იგი არა ერთხელ შეხვედრია ბელთან ერთად ქალაქის ქუჩებში მოსეირნე მის მეუღლეს,თუმცა მათთვის არაფერი უთქვამს.მის სახეზე კი,აშკარად იკითხებოდა საშინელი ტანჯვისა და სასოწარკვეთის ნიშნები.მოგვიანებით ლიუბოვმა მუშაობა თეატრში დაიწყო და ერთ-ერთი გასტროლების შემდეგ სახლში ორსულად მყოფი დაბრუნდა.მიუხედავად იმისა,რომ ალექსანდრემ იცოდა ქალი მისგან არ იყო ფეხმძიმედ,მას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა და როდესაც 1909 წელს ბავშვი დაიბადა ისე მიიღო,თითქოს საკუთარი შვილი ყოფილიყო.თუმცა ლიუბოვის პატარა დაბადებიდან რვა დღეში გარდაიცვალა.ეს ტრაგედია ბლოკმა ისევე განიცადა,როგორც მისმა მეუღლემ.ალექსანდრეს ცხოვრების უკანასკნელ წლებში ბლოკების წყვილი შედარებით მშვიდ ცხოვრებას მიეცა.მიუხედავად უამრავი ღალატისაგან მიყენებული ტკივილისა,ალექსანდრეს მის მიმართ სიყვარული ოდნავადაც არ განელებია.სიცოცხლის უკანასკნელ სტატიაზე კი,განაცხადა რომ,ის ქალებს ორ კატეგორიად ჰყოფდა: “ლიუბოვ მენდელეევად და სხვა დანარჩენებად”.
ალექსანდრე ბლოკი გარდაიცვალა 1921 წლის 7 აგვისტოს პეტროგრადში.მისი “პლატონური სიყვარულის” უმთავრესი შემოქმედი – ლიუბოვ მენდელეევა კი, 1939 წლის 27 სექტემბერს ლენინგრადში.თავდაპირველად ისინი ერთად არ იყვნენ დაკრძალული,თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ (1944 წელი),ამ გაუგონარი სასიყვარულო ისტორიის ორივე მონაწილის ცხედარი გადასვენებულ იქნა ვოლკოვის ლიტერატორთა სასაფლაოზე და გვერდიგვერდ დაკრძალეს. (ავტორი გენია.ჯი)
ლიუბოვ მენდელეევა-ბლოკი
ალექსანდრე ბლოკი
ანდრეი ბელი