სანდრო ბოტიჩელი – “ცილისწამება”
“ცილისწამება” – წარმოადგენს ადრეული რენესასნსის ხანის გენიალური იტალიელი მხატვრისა და ფლორენციული სამხატვრო სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის - ალესანდრო დი მარიანო დი ვანი ფილიპეპის (1445-1510 წლები),იგივე – სანდრო ბოტიჩელის მიერ შექმნილ შედევრ-სურათს.ამ დიდებული ქმნილების სიმაღლე 62,ხოლო სიგანე 91 სანტიმეტრია და იგი მხატვრის მიერ დახატულ იქნა ტემპერას გამოყენებით (საღებავები,რომლის შემაკავშირებელ ნივთიერებად იყენებენ წყალში გახსნილ კვერცხის გულს და უმატებენ მცენარეულ ან ცხოველურ ზეთს) ხის დაფაზე.სანდრო ბოტიჩელმა მასზე მუშაობა 1495 წელს დაიწყო და იმავე წელს დაასრულა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ იტალიური რენესანსის დიდებულმა ხელოვანმა აღნიშნული სურათი იმისათვის შექმნა,რომ იგი მისი უახლოესი მეგობრისათვის – ანტონიო სენისათვის ეჩუქებინა.სურათის სიუჟეტი დიდი ძველბერძენი მწერლის – ლუკიანეს (დაახლოებით 120-180 წლები) მიერ შექმნილი ტრაქტატის,სახელწოდებით – “ცილისწამების შესახებ” მოტივებიდან შექმნა.ცნობილია ისიც,რომ ლუკიანეს მიერ დაწერილ ტრაქტატში ფართოდ იყო გაშუქებული ცნობილი ძველბერძენი მხატვრის – აპელესის (ძვ.წ.აღ-ით დაახლოებით 370-306 წლები) მიერ დახატული ანალოგიური სიუჟეტის მქონე სურათის განხილვა. (ავტორი გენია.ჯი)
მიუხედავად იმისა,რომ სიუჟეტი უბრალო და მარტივი სახით არის წარმოდგენილი,სანდრო ბოტიჩელმა მასში ძალიან ბევრი ალეგორია ჩააქსოვა: ტახტზე მჯდომი განრისხებული მიდიის მეფის მარჯვენა და მარცხენა მხარეზე გამოსახული ორი ფიგურა,ალეგორიულად ასახავს ეჭვსა და უმეცრებას,რომლებიც მეფის ყურში ჩურჩულით კიდევ უფრო დაბავენ სიტუაციას.კაცობრიობის ერთ-ერთი უვერაგესი მტერი და თვისება – ცილისწამება,რომელიც ასევე ალეგორიული სახით არის გამოსახული,ულამაზესი გარეგნობის გოგონაა.მას თმებში აქვს ხელი ჩავლებული უდანაშაულოდ ბრალდებული მამაკაცისათვის,რომელსაც თავის მხრივ გამძვინვარებული მეფე სწამებს ცილს.ცილისწამებას მხარს უმშვენებს ფიგურები,რომლებიც ალეგორიულად ასახავენ ისეთ საზიზღარ თვისებებს ადამიანისა,როგორებიცაა – შური,ტყუილი და წამქეზებლობა.სურათის მარცხენა განაპირა მხარეს მხატვარმა წარმოდგინა სამგლოვიარო (შავ) სამოსში ჩაცმული მოხუცი დედაკაცი,რომელიც სინანულს აღნიშნავს,ხოლო ზემოთ დანანებით მოცქირალი ულამაზესი დედიშობილა ქალი კი,შიშველი ჭეშმარიტების სიმბოლოა.
დღესდღეობით,სანდრო ბოტიჩელის ალეგორიული სიუჟეტის მქონე გენიალური შედევრი-სურათი “ცილისწამება” დაცულია ფლორნციაში მდებარე საყოველთაოდ ცნობილ “უფიცის გალერეაში” და კვლავაც ისევე აჯადოებს სახვითი ხელოვნების მოყვარულებს,როგორც საუკუნეების განმავლობაში აჯადოებდა. (ავტორი გენია.ჯი)