ევგენი ლეონოვი – “ეპიზოდი”
საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი და ლეგენდარული რუსი მსახიობი – ევგენი ლეონოვი (1926-1994 წლები),პირველი საბჭოთა მსახიობი გახლდათ ისტორიაში,რომელიც საბჭოთა კინოფილმში შიშველი სხეულით იქნა გადაღებული (როგორც ცნობილია,საბჭოთა კინემატოგრაფიაში უმკაცრესად იკრძალებოდა ადამიანის შიშველი სახით წარმოდგენა).აღნიშნული ფილმის სახელწოდება კი გახლავთ,ალბათ ყველასათვის ცნობილი და საყვარელი კომედიური ჟანრის მხატვრული ფილმი “ზოლიანი რეისი”.იგი გადაღებულ იქნა კინორეჟისორის ვლადიმერ ფეტინის მიერ 1961 წელს და იმავე წელს ყველაზე ნახვად ფილმადაც იქნა აღიარებული საბჭოთა კავშირის მასშტაბით (“ზოლიანი რეისი”,მარტო 1962 წელს 31 მილიონმა ადამიანმა იხილა).ფილმის ერთ-ერთი სცენარის მიხედვით,ლეონოვს ხომალდის “ევგენი ონეკინის” კაიუტაში განთავსებულ აბაზანაში უნდა ებანავა.ამისათვის,აბაზანაში ჩასხმულ იქნა ფრანგული შამპუნი,რომელიც ერთობ აქაფდა.სცენარისვე მიხედვით,აბაზანაში მობანავე ლეონოვს თავს უნდა წამოდგომოდა (რაღა თქმა უნდა სპეციალურად გაწყვრთნილი) ვეფხვი და ეს ასეც მოხდა.თუმცა,რეჟისორის და გადამღები ჯგუფისათვის მოულოდნელად,ვეფხვი განსაკუთრებული დიდი რაოდენობის ქაფის ხილვამ დააფრთხო და აგრესიის გამოხატვა დაიწყო.ამ ფაქტმა კი,ლეონოვი იმდენად შეაშინა,რომ სრულიად გადაავიწყდა სცენარიც,ფილმიც და გადამღებ ჯგუფში შემავალი ქალბატონებიც,აბაზანიდან თვალისდახამხამებაში წამოვარდა და სრულიად შიშველი გაიქცა.ეს საოცარი სცენა ოპერატორმა სრულიად გადაიღო და რეჟისორის დიდი მოწონებაც დაიმსახურა,რადგან ყოველივე არა დადგმული,არამედ რეალური სიტუაციიდან იყო აღებული.შესაბამისად,ეს სცენა ფეტინს კინოფილმიდან არ ამოუჭრია და არც საბჭოთა ცენზურას მოუთხოვია კადრის ფილმიდან ამოღება.მოგვიანებით,აღნიშნული ფაქტის შესახებ ევგენი ლეონოვი ხუმრობით ამბობდა: “მე ვარ პირველი საბჭოთა მსახიობი,რომელმაც საკუთარი დიდი უკანალი საბჭოთა ხალხს უჩვენაო”.ვლადიმერ ფეტინის მიერ გადაღებული შესანიშნავი კინო-კომედია კი,გადაღებიდან მალევე იქნა შეტანილი “ეროვნული კინემატოგრაფიის ოქროს ფონდში”. (ავტორი გენია.ჯი)