მერაბ კოსტავა – “ქართული საგალობელი”
არ ამოვიკრავთ პირს ვინაიდან
წილად გვარგუნე ღმერთების ენა,
გიგალობთ რადგან დასაბამიდან
ყოველი არსი გიგალობს შენა.
* * *
სიმღერის მადლი მოგვდგამს მას იქით,
როგორც გულის ხმა დაუძლეველი,
ყველა ქართველში შენი მუსიკის
ანთია წმინდა საკურთხეველი.
* * *
შემაძლებინე,მაღალო ღმერთო,
მოყვასთა ჩემთა მუხლი ვიყარო,
მოძმე მკერდიდან არ მომიკვეთო,
ტრფიალი მისი არ განმიქარვო.
* * *
მის გულისტკივილს ვგრძნობდე უსიტყვოდ,
გავუადვილო წუთისოფელი,
აი,ყველაზე ნაღდი მუსიკა,
აი,ქართული საგალობელი.
* * *
უნდა ევნოო მისი გულისთვის,
უნდა იწვოდე მისი სახმილით,
აჰა,მამულო,შენი გულისთქმა,
შენი სიმღერა და მოძახილი.