უილიამ ბილ გეიტსი – “ეპიზოდი”
მულტინაციონალური კომპიუტერული ტექნოლოგიების კორპორაციის Microsoft-ის გენიალური ამერიკელი დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის - უილიამ ბილ გეიტსის მშობლები – უილიამ ჰენრი და მერი მაქსველ გეიტსები,განსაკუთრებით მას შემდეგ აღშფოთდნენ,რაც მათმა ვაჟმა სკოლაში სიარულს ფაქტიურად თავი გაანება.
იმ პერიოდში ბილი პროგრამირებას (რომელსაც სკოლაში არ ასწავლიდნენ) მთელი გულისყურით ეუფლებოდა და მთელ დღეებს ოთახში ჩაკეტილი ატარებდა.შვილის გატაცებას ისინი ყველანაირად ეწინააღმდეგებოდნენ,რის გამოც გეიტსი ფსიქოლოგთანაც კი მიიყვანეს.
- მაინტერესებს,რამდენად ხშირად ფიქრობთ? – ჰკითხა ბილს ფსიქოლოგმა.
- თქვენ რა,დამცინით? – გაკვირვებით იკითხა გეიტსმა და იქვე დასძინა: – რას ჰქვია,”რამდენად ხშირად?” მე ყოველთვის ვფიქრობ,თქვენ არა?
- გარწმუნებთ,ადამიანთა უმეტესობა ხშირად არ ფიქრობს, – უპასუხა ფსიქოლოგმა.
- თუკი ეს ასეა,გამოდის,რომ მე გამორჩეული ვარ.
- აბსოლუტურად შესაძლებელია, – დაეთანხმა ფსიქოლოგი პაციენტს, და ეს სრული ჭეშმარიტება გახლდათ,რადგან მან თავისი გამორჩეული გონებისა და თვისებების გამოყენებით მოახდინა კიდეც ტექნოლოგიური რევოლუცია… (ავტორი გენია.ჯი)
* * *
მას შემდეგ,რაც ფულის რაციონალურად ხარჯვის მოყვარულმა მილიარდელმა – ბილ გეიტსმა ერთ-ერთ რესტორანში ისადილა და ოფიციანტს ორ დოლარიანი კუპიურა გაუწოდა,მისგან მადლობის სანაცვლოდ ასეთი სიტყვები მოისმინა: “გუშინ აქ თქვენმა ქალიშვილმა ისადილა და წასვლის წინ 100 დოლარიანი კუპიურა დამიტოვა,თქვენ კი,მხოლოდ 2 დოლარიან კუპიურას მიტოვებთ?!” გეიტსმა ოფიციანტს თვალებში ჩახედა და რამდენიმე წამიანი ინტერვალის შემდეგ,მეტად ორიგინალური პასუხი გასცა : “ის მილიარდელის შვილია,მე კი – ადვოკატის”, და იქაურობა დატოვა. (ავტორი გენია.ჯი)